7 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეა გაიმართება, სადაც საქართველოს საკითხი გადის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა კენჭი უნდა უყარონ რეზოლუციას, რომლის მთავარი პრინციპი დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებაა საკუთარ მიწა-წყალზე და მათი საკუთრების დაცვა.
აქტიური კონსულტაციები გაეროში გადამწყვეტ ფაზაში შედის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დევნილთა დაბრუნებისთვის და იურისდიქციის აღდგენისთვის კიდევ ერთი სამართლებრივი დოკუმენტის მიღებამდე ათი დღე რჩება. გაიზრდება თუ არა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს მიერ გატანილ რეზოლუციას დაუჭერენ მხარს. გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე ოპტიმისტურად არის განწყობილი.
კახა იმნაძე: მთავარი არის ის, რომ რეზოლუცია გავა. ვმუშაობთ, კონსულტაციები მიდის მთელი წლის მანძილზე. რეზოლუცია შარშანაც გავიდა, რეზოლუცია გავა წელსაც. ეს არის სამუშაო პროცესი. ფორმულირება მანდ არ იცვლება, მთავრი არის რომ ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ ხალხის უფლებას, ვინც იძულებით ადგილნაცვალია, რომ დაბრუნდენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში.
რამდენად კონსოლიდირებული იქნება გაერო საქართველოს საკითხის მიმართ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. მაშინ როცა სირიის კონფლიქტის გამო ლტოლვილების მასობრივი მიგრაცია მოხდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყურადღება გადაიტანა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი საუბრობს.
დავით ზალკალიანი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსია, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს ამ საფრთხეების მინიმალიზაცია. ეს არის ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტურ უფლებას დაბრუნდენ საკუთარ სახლებში და ჰქონდეთ საკუთრების უფლება. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით მხარდამჭერთა რაოდენობას. მაგრამ მთავარი არის ის, რომ გაერო განიხილავს ჩვენ საკითხს და ყოველწლიურად ვახერხებთ რეზოლუციის მიღებას.
გასულ წელს, ამგვარი შინაარსის რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა ექვსი ქვეყნით გაიზარდა. რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასაბლეაზე 2008 წლიდან გადის. რუსეთი ყოველთვის რეზოლუციის მიღების წინააღმდეგია. რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს აფრიკულ ქვეყნებზეც. ზამბიის ქვეყნის მისიამ გასულ წელს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ხოლო სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკამ თავი შეიკავა. არიან თუ არა ისინი რუსეთის ზეწოლის ქვეშ?
ზამბიის წარმომადგენელი ჩიბაულა სილვამბა ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლების ინსტრუქციებს ექვემდებარებიან. "არ ვფიქრობ ეს რუსეთის ზეწოლა იყოს. ჩვენი ქვეყნის დიპლომატია ასეთია, ჩვენ -ყველას მეგობრები ვართ და არავის მტრები. ამიტომ, ასეთ რეზოლუციას მხარს არასდროს ვუჭერთ," - აცხადებს ის.
დეტე კოფი ნარცისე, სპილოს ძვლის რესპუბლიკას წარმოადგენს. ნარცისე აცხადებს, რომ გაეროში ქართული მისიის წარმომადგენლებთან კონსულტაციები შედგა, რეზოლუციის პროექტს ის დადებითად აფასებს.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2016 წლის რეზოლუცია კენჭისყრაზე 7 ივნისს დადგება. რეზოლუციის შინაარსში გასულ წელს კონფლიქტის ზონებში არსებული მდგომარეობა, მცოცავი ანექსიის საკითხი, ადამიანის უფლებების დარღვევა და რუსი ოკუპანტების მიერ ნაბაკევში გოგა ოთხოზორიას მკვლელობის თემაც შევა.