ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასრულდა დისკუსიის მორიგი, 36–ე რაუნდი ჟენევაში, სადაც ერთმანეთის პირისპირ მოლაპარაკებებს მართავენ საქართველო და რუსეთი, აქვე არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან, გაეროდან, ასევე აშშ–დან.

შეხვედრების წინ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ვითარება დაიძაბა კონფლიქტის ზონებში. ქართულ–ოსურ მხარეს განთავსდა დამატებითი ბანერები იმ ადგილებზე, სადაც ისინი მანამდე არ არსებობდა, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტი ტერიტორია აღმოჩნდა ოკუპაციის ეგრეთ წოდებულ ხაზს მიღმა. გრძელდება დაკავებები და ბორდერიზაციის პროეცსი. ხოლო აფხაზეთის მხარეს შემზარავ მკვლელობას ჰქონდა ადგილი 19 მაისს. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ, პირველად ოთხი წლის თავზე, გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა გალში.

ჟენევის გუშინდელი და გუშინწინდელი დისკუსიის დროს, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე მეტი პრეტენზიით ქართული მხარე გამოსულიყო, თუნდაც იმის გამო, რომ ბორდერიზაციასა და ადამიანთა უკანონო დაკავებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანის მკველობას ჰქონდა ადგილი, თანაც არა უბრალოდ, კონფლიქტის ზონაში, არამედ ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან, უამრავი მოქალაქის თვალწინ, კამერების პირისპირ, მკვლელი კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი მესაზღვრე იყო, პრეტენზიების კასკადი რუსული მხრიდან წამოვიდა, რომელსაც არ მოეწონა გაეროს 7 ივნისს მიღებული რეზოლუცია ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ. ამის გამო ჟენევაში ჰუმანიტარული ჯგუფის შეხვედრა საერთოდ ჩაიშალა. ამერიკის ხმასთან ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნინო კალანდარიშვილმა ისაუბრა: : “პერიოდულად ასე ხდება, ერთი ან ორი კონსტრუქციული შეხვედრის შემდეგ, მას მოჰყვება ხოლმე ასეთი „დემონსტრაციული დატოვებების“ სერია. ამჯერად ასეთი „საფუძველი“ მათ ჰქონდათ, გაეროს რეზოლუციის სახით. დევნილთა საკითხის განხილვა დაუკავშირეს შესაბამისი რეზოლუციის მიღების საკითხს. ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში ვართ, საინდანაც გამოსავლის ძიება არის ის სერიოზული გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.“

გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკის ხმასთან ამბობს: „მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც ადამიანი მსგავს დანაშაულს, მკვლელობას ჩადის კამერების წინაშე, მას, სავარაუდოდ შეიძლება ჰქონდეს იმის განცდა, რომ ქართველების მოკვლა შეიძლება და პრინციპში, „ამის გამო მე არაფერს არ მიზამენ“. თუ ეს დადასტურდა და აფხაზურმა ხელისუფლებამ არანაირი სადამსჯელო ქმედებები არ გაატარა ამ ადამიანთან მიმართებით, ეს ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს. რადგან ამან შესაძლოა, უბიძგოს სხვა ადამიანებს იგივე ნაბიჯები გადადგან. რის პასუხადაც საქართველოსაც იძლებით მოუწევს რაიმის გაკეთება, რაც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს ადგილზე. იმედს ვიტოვებ, რომ კონკრეტული სადამსჯელო ოპერაცია გატარდება ხურჩაში მომხდარ ინციდენტიში დამნაშავე პირის მიმართ და ის დაისჯება, ჩაჯდება ციხეში. ეჭვი მეპარება, ქართულ მართლმსაჯულებას ეს პირი ვინმემ გადმოსცეს, ამ საკითხზე ილუზიებისგან უნდა განვთავისუფლდეთ, მაგრამ თუ იგი სათანადოდ დაისაჯა, ეს იქნება კარგი ნიშანი. მაგრამ ვნახოთ.“

ჟენევაში მოლაპარაკებები 4–5 ოქტომბერს განახლდება.

XS
SM
MD
LG