ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობა


ამერიკა-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობა
ამერიკა-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობა

იაპონიაში, თერთმეტი მარტის ძლიერი მიწისძვრის და უპრეცედენტო ცუნამის შემდეგ ვაშინგტონმა კრიზისის დაძლევის სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც ყოფილი დიპლომატი, კევინ მაჰერი ჩაუდგა სათავეში.

კატასტროფამდე ერთი დღით ადრე მაჰერი ოკინავაში ამერიკის გენერალური კონსულის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. იაპონიაში ცხრამეტწლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ მას ახლა ახალ ამპლუაში უწევდა ამერიკის მთავრობის მიერ პოსტ-კრიზისული საევაკუაციო გეგმისა და სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის გეგმის შემუშავება.

მიუხედავად, იაპონელებთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული ურთიერთობებისა, მას სწორედ ამ დროს მოუწია იაპონელების ერთი სახასიათო თვისების გაცნობიერება, თვისებისა, რომელიც ამ ერს ყველაფერზე მეტად, პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას ავალდებულებს.

თავის ახალ წიგნში, მაჰერი ყვება, რომ იაპონიაში მომხდარი კატასტროფიდან ცოტა ხანში ამერიკელმა პოლიტიკოსებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ ფუკუშიმა ერთის ბირთვული სადგურიდან იაპონელი კოლეგებისგან საკმარის ინფორმაციას არ იღებდნენ.

მაჰერი: „სწორედ ამ დროს ვუთხარი ჩვენს იაპონელ კოლეგებს, რომ მათ მომხდარი სერიოზულად უნდა აღექვათ და რომ იაპონიის ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მისი დაძლევის მიზნით. საბოლოო ჯამში, ოფიციალურმა ტოკიომ ეს მართლაც გააცნობიერა.„

ამერიკელების ეჭვები დაზიანებული ბირთვული ობიექტის ფოტოსურათებს ეფუძნებოდა, რომლებიც ამერიკელებმა იაპონიის თავზე დისტანციურად მართული თვითმფრინავებიდან გადაიღეს.

მაჰერი: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნათელი იყო, რომ ორივე ბირთვული რეაქტორი დაზიანდა და რომ დაახლოებით ასი ათასამდე ამერიკის მოქალაქის ევაკუაცია გახდებოდა საჭირო.“

მაჰერი იხსენებს, რომ მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტმა იაპონიაში მყოფ მოქალაქეებს მომხდარიდან 80 -ი კილომეტრის პერიმეტრით გადანაცვლება მოთხოვა. ევაკუაციაზე ბრძანება გაცემული არ ყოფილა. იმ მომენტში ოფიციალურმა საშუალებებმა არც რადიაციის გადაჭარბებული დონე ან გაჟონვა დააფიქსირეს. ვაშინგტონმა ამერიკელებს სურვილისამებრ ოჯახების გაყვანის შესახებ განუცხადა.

ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც ახლა კერძო კომპანიის კონსულტანტია, იაპონიის მთავრობას დაგვიანებულ რეაქციასა და დაბნეულობაში ადანაშაულებს, რაც კრიზისის დროს მისი აზრით, იაპონელების ტრადიციული ტაქტიკაა: ყველაფერს კონსენსუსის მისაღწევად შესაბამისი პროცედურული ზომების გატარება უნდა ახლდეს.

იგი ვარაუდობს, რომ იაპონიის სამთავრობო უწყებებს შორის მაშინ არც ინფორმაციის ბოლომდე გაზიარებას ქონდა ადგილი.

და ბოლოს ერთი საინტერესო დეტალი:

კევინ მაჰერი ოკინავაში მდებარე სახელმწიფო პოსტიდან წელს მარტში, მიწისძვრამდე ადრე გაათავისუფლეს. ამის მიზეზი შარშან დეკემბერში, გენერალური კონსულის მიერ იაოპნიაში სტუმრად მყოფ ამერიკელ სტუდენტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები იყო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა ოკინავას მოსახლეობის შეურაცხყოფად აღიქვა.

ამ ისტორიის გახსენებისას, მაჰერი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მას თავის მართლების საშუალება არ მისცა და რომ ამერიკის ხელისუფლება ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ბაზის ვადის გახანგრძლივების მოლოდინში ამ უმნიშვნელო საკითხის ესკალაციას მოერიდა.

ორივე შემთხვევაზე პასუხის გასაცემად კი მან ახლა წიგნი გამოსცა: „იაპონია რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს“ და რომელიც იაპონიის წიგნის მაღაზიებში დღეს გამოდის.

XS
SM
MD
LG