ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში დაფუძნებული რადიკალიზაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი ჩარლი ვინტერი დაჯგუფება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას რამდენიმე წელია, სწავლობს.

ის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ უკანასკნელ ვიდეოს აღწერს, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტი მოსულში ერაყელი ჯარისკაცების გარემოცვაში იფეთქებს თავს.

„დაჯგუფებამ ტაქტიკა შეცვალა,“ ამბობს ვინტერი, „ის ცდილობს ისლამისტური უტოპიიდან უფრო საომარ იდეოლოგიაზე გადაერთოს. ამ და უკანასკნელ ხანს გამოქვეყნებულ სხვა ვიდეოებში ჩანს, რომ მართალია, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიებს კარგავს, მაგრამ მის მტრებს გამარჯვება ძვირი დაუჯდებათ.“

როდესაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ძლიერების ზენიტში იყო, მისი პროპაგანდისტული ვიდეორგოლები ისლამური სახალიფოს უტოპიურ იდეას განადიდებდა და მუსლიმებს სირიასა და ერაყში ეპატიჟებოდა.

ვინტერს მიაჩნია, რომ „ჯგუფი ახლაც ცდილობს უცხოელი მებრძოლების მიმხრობას, მაგრამ განსხვავებული მიდგომით. ის მებრძოლებს „ჰიჯრას“, სირიასა და ერაყში ჩასვლას აღარ სთხოვს, არამედ მოუწოდებს შინ დარჩნენ და თავდასხმები იქვე მოაწყონ.“

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ახალ ვიდეოში, რომელსაც „საძირკვლის ჩაყრა“ ჰქვია, სირიის ქალაქ რაქას ყოველდღიურობაა ნაჩვენები. ვიდეოში ხაზგასმულია, თუ როგორ ზრუნავს სახალიფო მოსახლეობაზე, როგორ სკოლებსა და საავადმყოფოებს სთავაზობს მას. ერთ კადრში მომღიმარი პოლიციელი ჩანს, რომელიც ავტომანქანების მოძრაობას არეგულირებს.

ვინტერი ამბობს, რომ ვიდეო „თითქოს წინასწარ ნოსტალგიურია. "ისლამური სახელმწიფო" აცნობიერებს, რომ მისი გავლენა სუსტდება ისეთ ქალაქებშიც კი, როგორიც რაქაა. როდესაც ისინი კიდევ უფრო დასუსტდებიან, ამ ჩანაწერებს ნახავენ და იტყვიან, აი, როგორი იყო სახალიფო, როცა დიდ ტერიტორიებს აკონტროლებდა,“ აცხადებს მკვლევარი.

ვინტერის თქმით, "ისლამური სახელმწიფო" უკიდურესი ძალადობის ამსახველი მასალების გავრცელებასაც განაგრძობს, თუმცა მსოფლიოს სამაუწყებლო კომპანიები აღნიშნული ვიდეოების ეთერში გაშვებაზე უარს ამბობენ. ეს კი სახალიფოს პროპაგანდისტულ ძალისხმევას საგრძნობლად ასუსტებს.

XS
SM
MD
LG