ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი წელი ე.წ. სახალიფოს გამოცხადებიდან


საერთაშორისო ზომების მიღების მიუხედავად, დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოში" მოხალისეთა გადინება გრძელდება და ის დღესაც საკმაოდ ძლიერია.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ე.წ. სახალიფოს გამოცხადებიდან ერთი წელი გავიდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, დაჯგუფების ლიდერმა შარშან გაკეთებული განცხადებიდან ერთი წლის თავზე შეძლო აღმოსავლეთ სირიის და ჩრდილო-დასავლეთ ერაყის ტერიტორია დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მსხვერპლიან რეგიონად ექცია.

ისარგებლა რა სირიაში გაჭიანურებული სამოქალაქო ომით და ერაყში შექმნილი პოლიტიკური ქაოსით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ორივე ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქები დაიპყრო, მათ შორის: რაქა, მოსული, რამადი და ფალუჯა. ექსტრემიზმთან ბრძოლის მიზნით მიღებული საერთაშორისო ზომების მიუხედავად, დაჯგუფებაში მოხალისეთა გადინება გრძელდება და ის დღესაც საკმაოდ ძლიერია.

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციამ 10 თვის წინ დაჯგუფების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების საჰაერო დაბომბვა დაიწყო. პენტაგონის მონაცემებით ამ ხნის მანძილზე განხორციელდა 4 800 გაფრენა, ასევე დახმარება გაეწია ადგილზე მებრძოლ ქურთულ ძალებს. ამერიკული სახმელეთო შენაერთების ერაყში დაბრუნების გადაწყვეტილებისგან პრეზიდენტი ობამა ჯერჯერობით თავს იკავებს და ერაყში მხოლოდ სამხედრო მრჩევლებს და მწვრთნელებს აგზავნის.

XS
SM
MD
LG