ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ პასუხობს ამერიკა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას?


დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ შეერთებული შტატების მიერ წარმართული სამხედრო კოალიციის ძალისხმევის შედეგად ტერიტორიებზე კონტროლს კარგავს, თუმცა ამის მიუხედავად დაჯგუფების ონლაინ ძალისხმევა არ მცირდება და ის წარმატებით ახერხებს ახალგაზრდა მებრძოლების უცხოეთიდან მიზიდვას.

ამ თემაზე ამერიკელმა ექსპერტებმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე იმსჯელეს.

“დროთა განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამოქმედო არეალი გაფართოვდა. დასაწყისში მისი აუდიტორია პატარა იყო, დაჯგუფების მიზანი 20-30 ათასი მებრძოლის მოზიდვა იყო. ეს დაახლოებით პატარა ჟურნალის ტირაჟია. შემდეგ კი ის გიგანტურ მედია ძალად იქცა. ხშირად გვგონია რომ „ისლამური სახელმწიფო“ მხოლოდ სოციალურ ქსელებშია წარმოდგენილი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოციალურ მედიაში. სინამდვილეში კი ისინი ბევრგან არიან წარმოდგენილნი. ისინი არიან ბილბორდებზე, სატელიტურ ტელევიზიებში, გაზეთებში, ყველგან. ეს „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი მისიაა, იბრძოლოს არა მხოლოდ მის სახალიფოში, არამედ ყველგან, სადაც მას ხელი მიუწვდება,“ განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ სტენგელმა.

დისკუსიაზე ასევე განიხილეს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ონლაინ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული ინიციატივა, რომელსაც კომპანია "ჯიგსო" აწარმოებს. მათი სამიზნე ის ადამიანები არიან, ვინც დაჯგუფებით ინტერნეტში ინტერესდება. პროპაგანდისტული ინფორმაციის ნაცვლად, ჯიგსო ინტერნეტ მომხმარებლებს ფაქტებს სთავაზობს და ამით ცდილობს ახალგაზრდებს ტერორისტულ დაჯგუფებაზე აზრი შეაცვლევინოს.

“ვფიქრობ ძალიან ჭკვიანური ინიციატივაა. ავტორები მიზანმიმართულად მუშაობენ „ისლამური სახელმწიფოთი“ დაინტერესებულ ადამიანებზე და არ მოიცავენ ზოგად, ფართო აუდიტორიას. ინიციატივა იკვლევს იმ ადამიანების ონლაინ ქცევას, ვინც „ისლამურ სახელმწიფოზე“ ინტერნეტში ინფორმაციას ეძებს და მათ დაჯგუფებაზე ალტერნატიულ, ნამდვილ ინფორმაციას აწვდის. მიზანი დაჯგუფებაში გაწევრიანების მსურველების გადაწყვეტილების შეცვლაა. ამ ძალისხმევის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ის კერძო სექტორიდან მოდის,“ ასე აფასებს "ჯიგსოს" ინიციატივას უილიამ მაკკანტსი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვევარი.

ინიციატივის ავტორები და გულშემატკივრები თანხმდებიან, რომ რთულია ონლაინ კამპანიის ეფექტურობის ზუსტი დადგენა. თუმცა ისინი ამბობენ, რომ კამპანიის მიზანი მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს თუ კი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველი ახალგაზრდების რაოდენობა შემცირდება.

XS
SM
MD
LG