ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანის "მიუმხრობელთა" სამიტის მოლოდინში


Iranian President Mahmoud Ahmadinejad (June 21, 2012 file photo)
Iranian President Mahmoud Ahmadinejad (June 21, 2012 file photo)

მომავალ კვირას თეირანში დაახლოებით 120 ქვეყნის წარმომადგენელი და ათობით მეთაური ჩავა. ისინი ე.წ. მიუმხრობელ ქვეყნებს წარმოადგენენ.

როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი ლონდონიდან იუწყება, ეს არის ირანის მცდელობა გაარღვიოს საერთაშორისო იზოლაცია.

მიუმხრობელი ქვეყნების ბლოკი ჯერ კიდევ ცივი ომის დროს ჩამოყალიბდა და ეს იყო იმ სახელმწიფოთა ფორუმი, რომლებიც არც საბჭოთა კავშირის და არც შეერთებული შტატების მოკავშირეები არ იყვნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქვეყნების ჯგუფის პრობლემა იდენტურობის შენარჩუნება გახდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გაერომ ირანის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები დააწესა, თეირანი აღნიშნული ბლოკის გამოცოცხლებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ სამიტში ის ქვეყნებიც მონაწილეობენ, რომლებმაც ირანზე სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს, ამან კი თეირანის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა.

იოჰანესბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჰენი სტრიდომი ამბობს, რომ როდესაც სამიტში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, შეთანხმების შანსი ნაკლებია.

„ისინი ერთად იდგებიან საერთო საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების ტემპები, სუსტი პოზიციები საერთაშორისო საკითხებში. და გარკვეული ბლოკის ფორმირება დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ. ასე რომ, ეს არ არის ძლიერი ბაზა ერთად დგომისთვის, თუმცა ეს არის ის საკითხები, არც მათ ამდენი წლის მანძილზე ერთმანეთთან აკავშირებთ.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ირანი სამიტზე მიუმხრობელთა მოძრაობის სახელით მანიპულირებას შეეცდება და გაეროს რეზოლუციებიდან ყურადღების გადატანს მოახდენს. როგორც ცნობილია, უშიშროების საბჭომ თეირანს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და ამის მიზეზი გახდა ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარის თქმა. უშიშროების საბჭო თეირანს მოუწოდებს შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროცესი, რომელიც მას ბირთვული არსენალის შექმნასთან აახლოებს, ასევე თავის ბირთვულ ობიექტებზე დაუშვას საერთაშორისო ინსპექცია.

სამიტზე დასასწრებად ირანმა გაეროს გენერალური მდივანიც მიიწვია. შეერთებული შტატები და ისრაელი და ასევე ზოგიერთი დასავლური ქვეყანა მიიჩნევს, რომ ბან კი მუნი თეირანში არ უნდა ჩავიდეს. ირანის პროგრამების თანადირექტორი და ლონდონელი ანალიტიკოსი დანა ალინი ამბობს, რომ სამიტზე ბან კი მუნის დასწრება გაეროს სანქციებზე ყურადღების გამახვილებას გამოიწვევს.

„ისინი ამ სამიტს ატარებენ, რათა ბევრი ხალხი გამოჩნდეს და დადასტურდეს, რომ იზოლაცია არ არის საყოველთაო. სისულელეა იმის თქმა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, თუმცა არც ამის მნიშვნელობა არ უნდა გავაზვიადოთ, რადგან ირანის პოზიცია ამ შეხვედრის შემდეგ ისევე უცვლელი დარჩება,“- ამბობს ალინი.

სამიტი ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გამოსვლით გაიხსნება, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში მხოლოდ ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებს ხვდება ხოლმე. ამჯერად, კი მისი სიტყვა თავად ამ სამიტის მნიშვნელობას დაადასტურებს.
XS
SM
MD
LG