ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული შეთანხმების შეფასებები


ბირთვულ შეთანხმებას ამერიკელი კანონმდებლებიც გამოეხმაურნენ, დემოკრატი კონგრესმენები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ ამერიკა ზედმეტ დათმობებზე წავიდა.

მსოფლიოს 6 წამყვანი ქვეყნის ბირთვული მოლაპარაკებები ირანთან დასრულდა. ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლის სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას მიიღებს. შეთანხმების მიხედვით, ირანი ბირთვულ პროგრამას შეამცირებს, ხოლო მისი ზედამხედველობა კი გაეროს ბირთვულ სააგენტოს დაეკისრება.

“კომპლექსური, დეტალური და ტექნიკური” - ამ სიტყვებით დაახასიათა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ბირთვული შეთანხმება.

სამაგალითო უწოდა მიღწეულ შედეგს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ: “შეთანხმება იმის მაგალითია, რომ ამერიკულ დიპლომატიას რეალური და მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია,” განაცხადა მან.

შეთანხმებას ასევე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, რომელმაც სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ამით ირანის დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება.

ბირთვული შეთანხმების მთავარი პუნქტები:

  • ირანი შეამცირებს ურანის შეგროვებას მომდევნო 15 წელი
  • ირანი არ აწარმოებს ბრითვულ ტექნოლოგიას და არ ატარებს მასზე ცდებს
  • ირანზე დაწესებული იარაღის ემბარგო მოიხსნება თუ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის ბირთვულ პროგრამას შეაფასებს როგორც სამშვიდობოს
  • ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნება, რაც მას ნავთობის ექსპორტის საშუალებას მისცემს
  • თუ საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფი დაადგენს, რომ ირანი შეთანხმებას არ იცავს, ის კენჭს უყრის სანქციების აღდგენის საკითხს. ჯგუში ამერიკის, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ევროკავშირის, რუსეთის და ირანის წარმომადგენლები შევლენ.

    ბირთვულ შეთანხმებას ამერიკელი კანონმდებლებიც გამოეხმაურნენ, დემოკრატი კონგრესმენები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ ამერიკა ზედმეტ დათმობებზე წავიდა.

    სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი ტენესიდან ბობ კორკერი აცხადებს, რომ ის სკეპტიკურად უყურებს შეთანხმებით ირანის ბირთვული წარმოების შეჩერებას: “კონგრესმა ეს შეთანხმება დეტალურად უნდა შეისწავლოს, რათა დავინახოთ ღირს თუ არა ეს ათწლეულის განმავლობაში დაწესებული სანქციების გაუქმება.” კორკერი ირანის ბირთვული შეთანხმების შესწავლის აქტის ავტორია, რომელიც კონგრესს შეთანხმების დამტკიცების ან დაბლოკვის საშუალებას აძლევს.

    “ირანი აგრძელებს მსოფლიოში ტერორიზმის დაფინანსებას და სანქციების მოხსნა თეირანს ნაღდი ფულის მიზიდვის საშუალებას მისცემს, რაც უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს” დასძენს ის.

    დემოკრატი კანონმდებელი კალიფორნიიდან ნენსი პელოსი პრეზიდენტ ობამას და სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეთანხმების მიღწევისთვის აქებს.

    “მკაცრი შეზღუდვები და ინსპექტირება ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოების შესაჩერებლად საუკეთესო გრძელვადიანი გეგმაა,” განაცხადა პელოსიმ.

    რესპუბლიკელების ლიდერი ჯონ ბინერი კი ამბობს, რომ “შეთანხმებას სამყარო უფრო უსაფრთხოდ უნდა ექცია, ახლა კი ირანს - ტერორზმის ყველაზე დიდ სპონსორს, მისი რეჟიმის სტაბილურობის და ლეგიტიმაციის შანსი ეძლევა.”

    დემოკრატი სენატორი ბარბარა ბოქსერი, რომელიც ასევე საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია, შეთანხმებას “ისტორიულ დოპლომატიურ გარღვევას” უწოდებს.

    შეთანხმებაზე უთანხმოების მიუხედავად, კანონმდებლები თანხმდებიან, რომ კონგრესმა შეთანხმების ტექსტი დეტალურად უნდა შეისწავლოს. პრეზიდენტი ობამა კი აცხადებს, რომ ვეტოს დაადებს კონგრესის ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც შეთანხმების დაბლოკვას შეეცდება.
XS
SM
MD
LG