ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის შეხვედრის მოლოდინში


როგორც ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და გაეროს ბირთვულის საკითხების ხელმძღვანელმა განაცხადეს, მათ თეირანში გამართული მოლაპარაკების დროს გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი არკვევდა.

ირანულმა მედიამ ფართოდ გააშუქა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის იოკიო ამანოს განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო „ინტენსიური“ და „ძალიან სასარგებლო“. მისი თქმით, ამ შეხვედრას დადებითი გავლენა ექნება ოთხშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. თუმცა, ამანომ ასევე მიანიშნა იმ უთანხმოებაზე, რაც ირანსა და საერთაშორისო სააგენტოს შორის არსებობს. ეს უთანხმობები კი ირანის ბირთვული პროგრამის დეტალებს შეეხება.

ირანის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა ბირთვულ საკითხებში საიდ ჯალილმა შეხვედრას „ძალიან კარგი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს მომავალში კარგი თანამშრომლობის დასაწყისი გახდება.

ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ბირთვული გაუვრცელებლობის ექსპერტი მარკ ფიცპატრიკი აცხადებს, რომ ირანს დიდი ალბათობით უკვე გააჩნია ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

„ირანზე სანქციებით დიდი ზეწოლა ხორციელდება. ვფიქრობ, ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამდენად, ვფიქრობ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადადგან გარკვეული ნაბიჯები ამ ზეწოლის შესამსუბუქებლად,“ - განაცხადა ფიცპატრიკმა.

ოთხშაბათს ირანის ოფიციალური პირები, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების და გერმანიის წარმომადგენლები ბაღდადში იკრიბებიან.

ფიცპატრიკი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები ირანის მხრიდან უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან. ასეთი ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს ქვეყნიდან მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის და შესაბამისი ცენტრიფუგების გატანას. თუმცა, ფიცპატრიკს არ სჯერა, რომ ირანის ხელისუფლება ამ პირობას შეასრულებს.

„ბაღდადის შეხვედრის გარშემო დადებითი განწყობებია. თუმცა მე ვშიშობ, რომ მოლოდინები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ირანის რეალური ნაბიჯები,“ - ამბობს ფიცპატრიკი.

ოთხშაბათის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ირანი პროგრესის ატმოსფეროს შექმნას და ამით საერთაშორისო ზეწოლის შესუსტებას ცდილობს. სინამდვილეში კი თეირანი დროის მოგებას აპირებს.

XS
SM
MD
LG