ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იცვლება პრემიერის ცვლილებით?


ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივაშვილი

29 იანვარს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. მას სამი წუთი და 40 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის აეხსნა პოსტის დატოვების მიზეზები და კიდევ ერთხელ შეეხსენებინა - ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურა.

„ძვირფასო მეგობრებო, მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ,“- განაცხადა უკვე ყოფილმა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერის პოსტზე გატარებული დროის დაჯამებით, მან ყველაზე დიდი დრო დაჰყო პრემიერის პოსტზე. „მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიე“.

პრემიერ ღარიბაშვილის უკანასკნელი მიმართვა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00

ღარიბაშვილმა საკუთარი წასვლა შიდა პარტიული დემოკრატიითა და როტაციის პრინციპის დაცვით ახსნა. ასევე, განაცხადა, რომ მისი სურვილია, სხვა თანაგუნდელებსაც მისცეს დაწინაურების შანსი. „მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა, სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია მადლობა პერსონალურად გადაეხადა ბიძინა ივანიშვილისთვის.

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ემსახურება ხალხს. ისინი მოტივირებულები არიან, გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი, გამდიდრდნენ თავად, აიშენონ ახალი სახლები და არ მოემსახურონ ხალხს. ეს [საარჩევნო] წელი არის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქისთვის. ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც უკავშირდება იმას, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემები. პრობლემები რომ აქვთ, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, რომ მომავალში გვქონდეს ღირსეული შემოსავალი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი მეორედ დატოვა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

თამარ ჩარკვიანი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს და უკვე მეორედ, მძიმედ შეურაცხყო. „მინდა ასე მოგექცევი, მინდა, ისე მოგექცევი. ეს არის ფეოდალური დამოკიდებულება. ადამიანი ძალიან შეურაცხყოფილი უნდა იყოს, მაგრამ შეურაცხყოფილები არიან ისინი, ვინც მორჩილებაში არ იმყოფებიან. ირაკლი კობახიძე იქნება ისეთი პრემიერი, როგორი ხელმძღვანელიც აქამდე იყო - ცინიკური, რადიკალური პოზიციებით.“

„პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ხელახალი დაბრუნება იმის ნიშანი იყო, რომ პოლიტიკური გადაადგილებები იქნებოდა. მისი მხრიდან, კორუფციულ რისკებზე მინიშნებები მიმართული იყო ღარიბაშვილისკენ, რომელიც მან ერთხელ უკვე გადააყენა, ასევე მის ოჯახთან დაკავშირებული კორუფციული საკითხების გამო. მისი პარტიაში გადმოყვანა ნიშნავს იმას, რომ მართვის სადავეებსა და კორუფციულ შესაძლებლობებს ჩამოაცილა. ამასთან, ირაკლი კობახიძეც ჩამოაცილა პარტიას,“- ამბობს თეონა აქუბარდია, პარლამენტარი, „რეფორმების ჯგუფიდან“.

პაატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სახელმწიფო მინისტრის პოსტს 2014-დან 2016 წლამდე იკავებდა. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ის პრემიერის „გამოცვლის“ არსს ბიძინა ივანიშვილის მიზანს უკავშირებს. „აქ გამოჩნდა, რისთვის დაბრუნდა ივანიშვილი. ეს „რაღაცა“ ახლა დაიწყო. მან მოიპოვა პარტიის „საპატიო თავმჯდომარის“ პოზიცია, რითაც საშუალება აქვს თვითონ არაფერზე პასუხი არ აგოს, თუმცა იქნება მმართველი. მისი პოზიციით პარტიაში, უფლება აქვს საქართველოს შესთავაზოს პრემიერ მინისტრის კანდიდატი, რაც აბსოლუტურად აყირავებს დემოკრატიულ პრინციპებს, გამჭვირვალობას.“

პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ, ვინც სავარაუდოდ, იქცევა პრემიერად, პარტიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდი გამოიყენა იმისთვის, რომ ძლიერი დასაყრდენი შეექმნა პარტიის შიგნით. მას ჰყავს გუნდი ცენტრშიც და რეგიონებშიც, განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილისგან. „ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ჩახედულები გვეთქმის, გაგვიჭირდება სახელები და გვარები გავიხსენოთ ყველა მინისტრის, იმდენად უღიმღამოები არიან ისინი. ღარიბაშვილს არ ჰყავს ძლიერი გუნდი, თუმცა ის მაინც ყოველთვის დარჩება პერსონად, რომელსაც ენდობა ივანიშვილი და გვერდშიც ეყოლება,“- გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, ივანიშვილს სჭირდება ძალა, რომელსაც ლაპარაკი და არგუმენტირება, პოლიტიკაზე საუბარი შეუძლია. ასეთად ის კობახიძეს ხედავს და არა ღარიბაშვილს.

რა იცვლება ქართველი ხალხისთვის პრემიერის ჩანაცვლებით? ამ კითხვაზე პაატა ზაქარეიშვილის პასუხია - არაფერი. „ქართულ ოცნებას“ ოპონენტი არ ჰყავს, ჩვენ გვაქვს ერთპარტიული სისტემა, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. აქეთ მივექანებით. „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, უბრალოდ, პარტიების არსებობის ილუზიას შექმნიან, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის ფონზე. ღარიბები დარჩებიან ღარიბებად, მდიდრები გამდიდრდებიან, ბევრი ადამიანი წავა საზღვარგარეთ,“- გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.

გიორგი შაიშმელაშვილი, „სამოქალაქო იდეას”ანალიტიკოსი, „ამერიკის ხმასთან აღნიშნავს, რომ პრემიერის პოლიტიკური ჩანაცვლება, უბრალოდ, უფრო მოხერხებულ პოზიციაში გადასვლაა წინასაარჩევნო ბრძოლისთვის, არსობრივად კი არაფერი არ იცვლება - „ამ ლიდერმა გადაწყვიტა ერთი პაიკი შეეცვალა მეორით. წლების განმავლობაში, ქვეყანაში პრემიერები ხდებიან ადამიანები, ვისთვისაც საქართველოს მოსახლეობას მხარი არ დაუჭერია არჩევნებით“.

გიორგი შაიშმელაშვილი ორ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ღარიბაშვილი სათადარიგო სკამზე გადასვა ივანიშვილმა. პირველი, ესაა კორუფცია, რომლის შეუმჩნევლობა, უბრალოდ, შეუძლებელი აღმოჩნდა. „ერთ საფეოდალოში ორი ფეოდალი ვერ იარსებებს. ღარიბაშვილმა გადააჭარბა თვითფეოდალიზაციის გზაზე. ორივე ჯერზე ნეპოტიზმთან და კორუფციასთან დაკავშირებული მიზეზებით მოუხდა თანამდებობის დატოვება. მეორე მიზეზი, ესაა მისი პოლიტიკური უუნარობა. კობახიძეს შეუძლია პოლიტიკა მეტი მოქნილობით აწარმოოს. მიმღებლობის გარკვეული სტანდარტი შეინარჩუნოს დასავლელ პარტნიორებთან. ღარიბაშვილი, მისი ნატურიდან გამომდინარე, ვერ შეასრულებდა იმ ამოცანას, რომელიც ახლა უდგას ივანიშვილს“,- ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

გიორგი შაიშმელაშვილი, "სამოქალაქო იდეას" ანალიტიკოსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:52 0:00

საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებით გაურკვევლობის ატმოსფერო შენარჩუნდება, მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი. იგივე მოსაზრებას იზიარებს გიორგი შაიშმელაშვილი.

„საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი, კვლავ, გაურკვევლად დარჩება, თუმცა კობახიძეს და მის გუნდს აქვს უკეთესი უნარი, ეს პოლიტიკა აწარმოოს მეტი მოქნილობით. დასავლეთთან დისტანცირების პოლიტიკა დარჩება იგივე, თუმცა მათთან კომუნიკაცია შედგება უკეთესი ბიუროკრატიული ენით,“- ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი „ევრო-ფარისევლობას“ უწოდებს იმ პოლიტიკას, რასაც მმართველი გუნდისგან მოელის. „ომის ფონზე უკრაინაში, ცვლილებებს არ ველი, ამიტომ საქართველოც, უფრო მეტად დაიწყებს ჟონგლიორობას, თამაშს. თან იქნება ევრო-ფარისეველი, რომ ვითომ ევროპისკენ მივდივართ, სინამდვილეში წავალთ უფრო რუსეთისკენ და უფრო ჩინეთისკენ,“- მიიჩნევს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრემიერის გადადგომას 29 დეკემბერს არ გამოხმაურებიან.

XS
SM
MD
LG