ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არშემდგარი გადატრიალება თურქეთში და საერთაშორისო გამოხმაურება. როგორ ცვლის ჩახშობილი ამბოხი თანამედროვე თურქეთს? რეგიონის ერთადერთ ნატოს წევრ ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობა ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს, შეერთებული შტატები კი ნატოდან გარიცხვით ემუქრება. ინტერვიუ სინან ჩიდისთან, თურქეთის კვლევების ცენტრის დირექტორი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. არშემდგარი ამბოხი, ასე აფასებს თურქეთის მთავრობა გასული კვირის მოვლენებს. ასობით დაღუპული, ათასზე მეტი დაჭრილი, ათასობით დაკავებული და თანამდებობიდან დათხოვნილი. რა მოხდა სინამდვილეში?

რაც თურქეთში მოხდა ძალიან სამწუხაროა. სამხედრო გადატრიალება არ შედგა, არ ჩამოიშალა თურქეთის სახელმწიფო და არ დაემხო მისი მთავრობა. მაგრამ ახლა ვხედავთ შეთქმულებაში ეჭვმიტანილების დაკავებებს, პასუხისგებაში მიცემას, სამსახურიდან დათხოვნებს. მე ამას სამოქალაქო გადატრიალებას ვუწოდებ.

პრეზიდენტი ერდოღანი ხელს ოკეანის მეორე მხარეს იშვერს და ამბოხში პენსილვანიაში, დევნილობაში მყოფ ფეტულა გულენს ადანაშაულებს, მის ყოფილ მოკავშირეს. რამდენად რეალურია მისი ექსტრადირება?

თურქეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ ამ შეთქმულების უკან ნამდვილად გულენი იდგა, რაც აქამდე თურქეთის მთავრობამ ვერ მოახერხა.

ერდოღანი ერთპიროვნულად ადანაშაულებს ფეტულა გულენს და თურქეთში მის ექსტრადიციას ითხოვს, მაგრამ მტკიცებულების ტვირთი თურქეთზეა. თურქეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ ამ შეთქმულების უკან ნამდვილად გულენი იდგა, რაც აქამდე თურქეთის მთავრობამ ვერ მოახერხა. სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულების გარეშე იუსტიციის დეპარტამენტი გულენს თურქეთს არ გადასცემს.

ამბოხიდან მალევე თურქეთმა ამერიკას ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე წვდომა შეუზღუდა, რასაც ამერიკაზე ბერკეტად იყენებს. როგორ ხედავთ ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების მომავალს?

თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები 2013 წლის "გეზის" საპროტესტო აქციების შემდეგ ნელ-ნელა რთულდება. არ მგონია ეს ურთიერთობები გულენის თემამ შეცვალოს. თურქეთის მთავრობას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ მათი სურვილით გულენის ექსტრადიცია არ მოხდება.

ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის ახლა მთავარი კითხვაა თუ რამდენად სანდო პარტნიორია თურქეთი. თურქეთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამერიკას ულტიმატუმები წაუყენოს.

თურქეთს, როგორც არასდროს ისე, სჭირდება ამერიკა, ნატო და დასავლეთი.

მკაცრი იყო ევროპის კავშირის და შეერთებული შტატების გამოხმაურება ამბოხის პასუხად ჩატარებულ წმენდებზე და მთავრობის რეაქციებზე. როგორ ფიქრობთ, ეს ერდოღანის ქმედებებს შეცვლის?

სახელმწიფო მდივანმა კი ახსენა, რომ შესაძლოა თურქეთს ნატოს წევრობა შეუჩერდეს, მაგრამ ამის მექანიზმი არ არსებობს. ასევე სუსტია ევროპის კავშირის გავლენა თურქეთზე, რადგან თურქეთის ევრო-კავშირში გაწევრიანების შანსები ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა.

ვერ ვხედავ როგორ უნდა შეაჩერონ ევროპამ და ამერიკამ ერდოღანი სიკვდილით დასჯის აღდგენისგან. ფაქტია რომ თუ ერდოღანი მოისურვებს, სიკვდილის დასჯაც აღდგება.

როგორ ცვლის ეს მოვლენები თურქეთს?

ძალიან მიჭირს ამ ყველაფრისგან კარგი შედეგი დავინახო. ამბოხის ჩახშობა თავისთავად დადებითი მოვლენა იყო, მაგრამ ახლა მთავრობა ამ ამბოხს ყველანაირი ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს.

ჩვენ მივიღებთ ერდოღანის ერთპიროვნულ მმართველობას, სადაც მისი სიტყვა კანონად იქცევა.

ზოგიერთი თურქეთის მოვლენებს ირანის „ისლამურ რევოლუციას“ ადარებს. ეთანხმებით ამ აზრს? არის თურქული სეკულარიზმი საფრთხის ქვეშ?

ამბოხის ჩახშობა თავისთავად დადებითი მოვლენა იყო, მაგრამ ახლა მთავრობა ამ ამბოხს ყველანაირი ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს.

სეკულარიზმის მოშლა ერთმანეთს დაუპირისპირებს მოსახლეობის დიდ ჯგუფებს, სხვადასხვა სექტებს, რელიგიურ და სეკულარულ მოსახლეობას, ამის მაგალითები უკვე ვნახეთ - ბარებსა და კლუბებში ალკოჰოლის მსმელებს დასდევდნენ. კითხვად რჩება შეძლებენ თუ არა სამართალდამცველები ძალადობის შეჩერებას.

აქამდე ეს მხოლოდ სეკულარიზმის მეშვეობით ხერხდებოდა.

ეს საკმაოდ მუქი სურათია. არაფერია იმედისმომცემი?

პირველად ცხოვრებაში არ მაქვს დადებითი მოლოდინები. ბოლოს სამხედრო გადატრიალება 36 წლის წინ მოხდა და ამან თურქეთის დემოკრატია შეარყია. დემოკრატიული ინსტიტუტების, ტოლერანტული და მრავალფეროვანი საზოგადოების აღდგენას წლები დასჭირდა. ახლა კი, ამ ყველაფრით თურქეთი რამდენიმე წლით უკან ბრუნდება. დადებით შედეგს ვერ ვხედავ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG