ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2008 წლის აგვისტოში ნატოს ყოყმანმა რუსეთი წააქეზა?


კურტ ვოკერი
კურტ ვოკერი
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ნატოში ამერიკის ყოფილ ელჩს კურტ ვოკერს ესაუბრა.

ბატონო კურტ, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. როგორ იხსენებთ 2008 წლის აგვისტოს იმ დღეს, როცა ელჩის ამპლუაში პირველად ჩახვედით ბრიუსელში?

ნატოში ელჩად 2008 წლის ზაფხულის დასაწყისში დავინიშნე და ბრიუსელში ჩასვლას სექტემბრის დასაწყისში ვაპირებდი. მაგრამ ომის გამო გადავწყვიტე ადრე ჩავსულიყავი და 11 აგვისტოს უკვე იქ ვიყავი. ამ დღეს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს უნდა შეხვედროდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ბრიუსელში ჩამოსვლა ვერ მოახერხა იმის გამო, რომ თბილისის აეროპორტი ომის გამო დაიკეტა.
მე ვფიქრობდი, რომ ბუნებრივი იქნებოდა ის, რომ ნატოს გამოეცა განცხადება, რომელშიც ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და საბრძოლო დანაყოფების 7 აგვისტომდელ პოზიციებზე დაბრუნებას მოითხოვდა და კიდევ ერთხელ იმას გაიმეორებდა, რასაც ხშირად ვამბობდით - რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამწუხაროდ ნატომ 11-ში ამ განცხადების გაკეთება ვერ შეძლო.

რატომ? რომელიმე ქვეყანას წამყვანი როლი ჰქონდა ამაში?

ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ჯერ ურმის ყიდვა გვინდოდა და მერე ცხენის. იარაღის ყიდვაზე მანამ ვლაპარაკობდით, ვიდრე მკაფიო წარმოდგენა გვექნებოდა იმაზე, თუ რა იყო სამხედრო სტრატეგია და სამხედრო საჭიროებები...
კურტ ვოკერი
ის, რომ ეს ყველაფერი აგვისტოში ხდებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ჩემი კოლეგები ამბობდნენ, რომ ყველა შვებულებაში იყო და ხალხთან დაკავშირება რთული იყო. გარდა ამისა, ნატოს არ უნდოდა ხელი შეეშალა ევროკავშირის მიერ წამოწყებული სამშვიდობო პროცესისთვის. ასევე იყო შეხედულება, რომ ნატოს მიერ განცხადების გაკეთება კონფლიქტის კიდევ უფრო მილიტარიზაციას გამოიწვევდა. ჩემი აზრით, ეს სრულიად მიუღებელი პოზიცია იყო. ნატო ევროპის თავდაცვითი ალიანსია და მისი მოვალეობა სწორედ ეს იყო. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა ის, რომ ერთმა სახელმწიფომ ჯარები შეიყვანა მეორე სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ჩვენ რეაგირება სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა.

ამან გაგაკვირვათ? რამდენიმე თვის წინ ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ხომ ფაქტობრივად მიიღო ნატოში გაწევრიანების გარანტია?

დიახ, აპრილში ნატომ საქართველოს მაპი არ მისცა, მაგრამ განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. მაშინ პრეზიდენტი ბუში აქტიურად ცდილობდა საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მიცემას, მაგრამ კანცლერი მერკელი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. აქედან გამომდინარე, მივედით განცხადების იმ ტექსტამდე, რომელიც ბუქარესტში გამოვაქვეყნეთ.

უნდა ავღნიშნო, რომ ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მოიწვია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, შეიმუშავა განცხადების ტექსტი, ასევე შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმის გასატარებაში დაეხმარებოდა... და შევაჩერეთ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაკეთდა, თუმცა ამ პროცესს სამწუხაროდ ერთი კვირა დასჭირდა.

არ მინდა ამ კითხვას სპეკულაციას ფორმა ჰქონდეს, მაგრამ მაინც... თქვენი აზრით, ნატოს მიერ ამ დაყოვნებამ რუსეთის გაქეზებაში რაიმე როლი ითამაშა?

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე პროცესი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი სარკოზი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, პრეზიდენტი ბუში ქართველებთან და რუსებთან ცალ-ცალკე მუშაობდა ცეცხილის შესაწყვეტად. ანუ პროცესები მიდიოდა... ერთი რამ, რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ნატოსგან რეაქციის დაყოვნებამ რუსეთს სავარაუდოდ აფიქრებინა, რომ მათ შეუძლიათ საომარი მოქმედების გაგრძელება.

დღეს სად არის საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე? უფრო ახლოს თუ უფრო შორს ალიანსისგან?

მას შემდეგ ნატოს ყველა შეხვედრაზე ალიანსი იმეორებს იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი არ წყდება. მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად ნატოში დაიკარგა გაფართოების ტემპი, იქნება ეს საქართველოს, უკრაინის, მაკედონიისა თუ მონტენეგროს გაწევრიანება. ჩემი ზარით, საქართველოსთვის პრობლემას სწორედ ეს წარმოადგენს და არა ის, რომ ალიანსმა რამე გადაიფიქრა.

ამერიკა და განსაკუთრებით პრეზიდენტი ბუში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ომამდე, ომის შემდეგ და შეიძლება ითქვას დღესაც, ამერიკა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვაზე თავს იკავებს. ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ამ პოლიტიკას იმით ხსნის, რომ არ უნდათ საქართველოში უსაფრთხოების ფუჭი შეგრძნების გაჩენა. თქვენ რას ფიქრობთ, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ამ თემაზე რამდენიმე მოსაზრება მაქვს. არგუმენტი, რომელზეც თქვენ საუბრობთ გულისხმობს იმას, რომ თუ მზად არ ვართ იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს დაცვაში, მაშინ მცდარი შეხედულებები არ უნდა შევქმნათ. აქ საუბარი იყო პროცესზე, ანუ იმაზე, რომ საქართველომ უნდა გარდაქმას თავდაცვის სფერო, განახორციელოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და ეტაპობრივად მიუახლოვდეს ნატოს წევრობას. ამის შემდეგ, ზოგადად, თავდაცვის სფეროში ურთიერთობები მნიშვნელოვნად უმჯობესდება და ღრმავდება.

ჩემი საკუთარი მოსაზრება ამ თემაზე ცოტა განსხვავდება. დიდი რაოდენობით იარაღის ყიდვას აზრი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეროვნული სტრატეგია, სამხედრო სტრატეგია და არ არის დასრულებული სამხედრო სექტორის რეფორმა. ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ზუსტად იცოდე რა იარაღი გჭირდება და როგორ უნდა გამოიყენო ის თავდაცვის საერთო მიზნების მისაღწევად. ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ჯერ ურმის ყიდვა გვინდოდა და მერე ცხენის. იარაღის ყიდვაზე მანამ ვლაპარაკობდით, ვიდრე მკაფიო წარმოდგენა გვექნებოდა იმაზე, თუ რა იყო სამხედრო სტრატეგია და სამხედრო საჭიროებები.

პრეზიდენტი ბუშის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთს სთხოვდა არ აჰყოლოდა საქართველოს მხრიდან პროვოკაციებს. ეს განცხადება, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო, რადგანაც უკანასკნელი წლების მანძილზე ამერიკა ამბობდა იმას, რომ საქართველოს სთხოვდა არ აჰყოლოდა რუსეთის პროვოკაციებს. როგორ ხსნით ადმინისტრაციის ასეთ მაღალ დონეზე გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს?

ამაზე ჩემს საკუთარ შეხედულებას გაგაცნობთ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკვე რამდენიმე წელია ვადევნებ თვალს. რამდენიმე წელი რუსეთი ცდილობდა საქართველოს რეაქციის პროვოცირებას რამდენიმე სხვადასხვა საკითხზე - მაგალითად, რუსი სამშვიდობოების რაოდენობის გაეროს ნებართვის გარეშე გაზრდა, სარკინიგზო ხიდების აშენება ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ტერიტორიაზე ჭურვის ჩამოგდება, ქართული დრონის ჩამოგდება, საქართველოს ტერიტორიაზე რადარის აფეთქება. ანუ, იმას ვამბობ, რომ რამდენიმე წელი რუსეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯები უწყვეტად ხორციელდებოდა. ჩვენ საქართველოს მთავრობას მუდმივად ვთხოვდით არ აჰყოლოდნენ ამ ინციდენტებს, იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რუსეთთან, სამხედრო დაპირისპირების დროს საქართველო აუცილებლად დამარცხდებოდა. აი, ეს იყო ძირითადი მესიჯი. მე ვფიქრობ, რომ ომის დროს თავშეკავებისკენ მოწოდების გზავნილები ორივე მხარისკენ მიდიოდა და რთულია მხოლოდ რუსეთისკენ მიმართული გაფრთხილება კონტექსტიდან ამოვიღოთ და ცალკე მდგომ თემად განვიხილოთ.

რას ფიქრობთ საქართველოს პარლამენტში ომის ვითარების გამოძიებისთვის კომისიის შექმნაზე, იქნება ეს დანაშაულები თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესები. ამის შესახებ საქართველოში ორი შეხედულება გაჩნდა, ერთი ის, რომ გამოძიება საერთაშორისო დონეზე ქვეყნის დისკრედიტაციას გამოიწვევს, რაც რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს და საქართველოს მოკავშირეებთან შეარცხვენს, ხოლო მეორე შეხედულება კი ის არის, რომ გამოძიება სიმართლის დასადგენად უნდა ჩატარდეს. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?

ისევ ჩემ საკუთარ აზრს გეტყვით. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის კარგია იმის გარკვევა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ შეაკეთო ის, რაც არ მუშაობს. თუ არ გააცნობიერე რა შეცდომები დაუშვი, თუ არ აღიარე დანაშაული, საკუთარ შეცდომებზე ვერასოდეს ისწავლი და თავს იგივე შეცდომების დაშვებისგან ვერ დაიცავ. ფაქტების გამოძიება კარგი იდეაა, თუმცა ძალიან საფრთხილოა ის, რომ ფაქტების დადგენის ნაცვლად მთავრობამ გამოძიების შედეგები წინა მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით არ გამოიყენოს.

ამის შერეული მაგალითები უკვე გვაქვს, როცა მთავრობა კორუფციის ბრალდებით სჯის ყოფილი ხელისუფლების წევრებს - და მინდა გითხრათ, სწორსაც აკეთებს იმისთვის, რომ მთავრობაში კეთილსინდისიერება შეინარჩუნოს. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ბრალდებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს. საქართველოსთვის იდეალური გამოსავალი იქნება შედგეს კომისია, რომლის წევრებიც იქნებიან როგორც ქართული ოცნების ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ერთად დაადგინონ ფაქტები და ისინი ემოციების გარეშე წარუდგინონ ხალხს. ამით ნდობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გაღრმავდება, არამედ ევროპაშიც. ალბათ, გახსოვთ ევროკავშირის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად საქართველოს იმაზე მეტი რამ დაბრალდა, ვიდრე საჭირო იყო. სწორედ ამიტომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს სინამდვილეში რა მოხდა.

ანუ ამბობთ, რომ გამოძიების მიზანი შეცდომების დადგენა და მათი ხელმეორედ დაშვების თავიდან აცილება უნდა იყოს?

დიახ. თუმცა, არ უნდა დავასკვნათ ის, რომ შეცდომები დაშვებული იყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა შეცდომები, რა გაკეთდა არასწორად და რა პროცედურები უნდა შევიმუშაოთ ამ შეცდომებზე დაყრდნობით იმისთვის, რომ გვქონდეს პასუხისმგებლობით სავსე ეროვნული თავდაცვა. ამას ამერიკაშიც ვაკეთებთ... არ მინდა იფიქროთ, რომ საქართველოს ჭკუას ვასწავლი. მაგალითად, ამჟამად ამერიკაში მიმდინარეობს დებატები იმაზე, მოხდა თუ არა ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალება და თუ მოხდა, მაშინ შევუჩეროთ თუ არა ქაიროს სამხედრო დახმარება. ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვართ იმის გამო, რომ ადმინისტრაციას არ უნდა თქვას, რომ ეს სამხედრო გადატრიალება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს, უდავოდ, სამხედრო გადატრიალება იყო. უხერხულ მდგომარეობას ის იწვევს, რომ ამის აღიარებას შედეგად ეგვიპტისთვის დახმარების შეწყვეტა მოჰყვება, ეს კი ამ ეტაპზე ცუდი იქნება. ჩემი აზრით, გაცილებით მარტივი იქნებოდა ის, რომ ადმინისტრაციამ თქვას სიმართლე, თქვას, რომ ეს არის სამხედრო გადატრიალება, აღიაროს ამის შედეგები და თუ საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო ამ შედეგების გამოსასწორებლად, კონგრესს ინიციატივა შესთავაზოს. ანუ, უნდა ითქვას სიმართლე, რაც ყველა მხარეს უხერხულობას მოუხსნის და ტყუილების თქმისგან დაგვიცავს.

რას ფიქრობთ ახალი მთავრობის რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების პოლიტიკაზე? გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ იქმნება საფრთხზე, რომ საქართველო რუსეთთან მარტო დარჩენით პოზიციებს შეისუსტებს?

რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მცდელობა კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არ მგონია ამან რაიმე დადებითი შედეგები მოიტანოს. რუსეთი არ მალავს იმას, რომ საქართველოსთან დისტანციის დაჭერა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გაგრძელება სურს. მოსკოვი ეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სამხედრო ძალის, მაფიის, სახელმწიფო აქტივების თუ ნებისმიერი სხვა ბერკეტის გამოყენებით გავლენის ქვეშ მოაქციოს აღმოსავლეთ ევროპა და მაქსიმალურად შეამციროს იქ დასავლეთის გავლენა. ეს რუსეთის მიზანია. საქართველოს ლიდერების მხრიდან კარგია ის, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ის, თუ რუსეთის სტრატეგიაში სად არის საქართველო მოქცეული.

ბატონო კურტ, დიდი მადლობა, ინტერვიუსთვის.
XS
SM
MD
LG