ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯენსენი: „რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება“


ჟურნალ „ნიუსვიკში“ გამოქვეყნებულ ბოლო სტატიაში თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი, თავისი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ქვეყნის უმსხვილეს ამბიციებს, როგორიცაა მისი გავლენა საზღვრებს გარეთ, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

პუტინის მმართველობისას რუსეთის ამბიციები დიდწილად რუსეთის მიერ ნავთობის და ენერგო პროდუქტების გაყიდვით იყო გამყარებული. ამან პუტინს მოქმედების იმაზე მეტი თავისუფლება მისცა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში ექნებოდა, ამით პუტინმა თავი აარიდა აუცილებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. უახლოეს მომავალში თითქმის გამორიცხულია ნავთობის ფასის 80 დოლარამდე გაზრდა, რაც რუსეთის ბიუჯეტს მისი ვალდებულებების დასაფინანსებლად ჭირდება.

ასე რომ პუტინს დიდი პოლიტიკური პრობლემები აქვს, რას მოიმოქმედებს ის? შეუძლია ყველაფერი დასავლეთს დააბრალოს, შეუძლია შეიჭრას რომელიმე ქვეყანაში, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, აწარმოოს საინფორმაციო ომი და წარმოაჩინოს თითქოს რუსეთს მტრები ჰყავს, გადაიტანოს ყურადღება საგარეო კონფლიქტებზე, შექმნას ახალი მტრები - ეს ყველაფერი საბაბია ფუნდამენტური პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან ყურადღების გადასატანად. კრემლი დღეს ამ პრობლემის წინაშე დგას. მას აღარ ძალუძს იყოს დიდი ძალა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი იტყვის, რომ რუსეთი აქამდე წარმატებით ახერხებდა საშინაო პრობლემებიდან ყურადღების საგარეო კონფლიქტებზე გადატანას, რასაც შიდა მობილიზაციისთვის იყენებდა და ამის პარალელურად პუტინის რეიტინგები იზრდებოდა. რატომ არ შეიძლება პუტინმა იგივე სტრატეგიას მიმართოს?

ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გამოიყენა რუსეთმა უკრაინა მოსახლეობის მობილიზაციისთვის, მაგრამ ეს ენთუზიაზმი ახლა კლებულობს. რა არის შემდეგი ნაბიჯი? პუტინი ამ პრობლემის წინაშე დგას, მას არ შეუძლია ეკონომიკის გაძლიერება, ხალხს კიდევ უკრაინის კონფლიქტი ბეზრდება.

პოპულარობის შესანარჩუნებლად ის ახალ გზებს ეძებს. მას რეჟიმისადმი ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად წლიდან წლამდე ერთგვარი შოკური თერაპია ჭირდება. ვფიქრობ ღია კითხვად რჩება შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას სამუდამოდ, ისე რომ ხალხის გაბრაზება რეჟიმის წინააღმდეგ არ მიმართოს. ამიტომაც წლევანდელი არჩევნები კრემლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყების შემდეგ პუტინმა იზოლაციიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლა, მას უსმენენ და ელაპარაკებიან. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამის სანაცვლოდ შეიძლება რეგიონის ქვეყნებზე, მაგალითად საქართველოზე, გავლენა გაზარდოს?

თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო

მართალია, პუტინი სირიაზე მიმდინარე დისკუსიისთვის რელევანტურ ფიგურად იქცა, სწორედ ეს იყო მისი მიზანი, ამიტომაც დაიწყო ის, რაც სირიაში დაიწყო. ყველაფრის მიუხედავად მხარეებს შორის ჯერაც პრინციპული უთანხმოებაა ასადის რეჟიმის მომავალზე და იმაზე თუ ვინაა მტერი. რუსეთი აქტიურად საუბრობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, როცა მის მთავარ მიზნად ასადის დაცვა რჩება. რუსეთს მოუწევს გადაწყვიტოს - გაწირავს თუ არა ასადს, როგორც ჩვენ ამერიკაში ვამბობთ - ჩაუგდებს თუ არა ასადს ავტობუსს. ამ საკითხის დიპლომატიურ მოგვარებას ახლო მომავალში არ ველოდები და მე არ ველოდები ისეთ შეთანხმებას, როგორიც თქვენ აღწერეთ.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მებრძოლებს პანკისში წვრთნის. შეიძლება თუ არა ეს რუსეთმა გამოიყენოს საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად?

რა თქმა უნდა, ამიტომაც თქვა ეს ლავროვმა. მსგავსი რიტორიკა ხალხში ერთგვარ მოლოდინებს ქმნის. ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეულ დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო.

მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია.

თქვენ რუსეთის პროპაგანდას იკვლევთ და მას „კრემლის საინფორმაციო ომს“ უწოდებთ. იზრდება თუ არა ეს ძალისხმევა რუსეთის სამეზობლოში?

ყველაფერი რაც ივანიშვილზე ცნობილია, იქნება ეს მისი კარიერა თუ ბიზნესი, მჭიდროდ დაკავშირებულია მოსკოვთან, ყველაფერი... დასავლეთში ბევრისთვის კომფორტული არ არის რუსეთთან მისი კავშირები

თუ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები უკრაინით და სირიით შეზღუდულია, კიდევ რა რესურსი რჩება მას? ვფიქრობ რუსეთს მეტი სამხედრო საშუალების გამოყენება არ სურს, ამავდროულად რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს და უკრაინის დასავლეთში ინტეგრაციას. ჩნდება კითხვა რა ბერკეტებს გამოიყენებს ის გავლენის გასაძლიერებლად. ეს არ მოიცავს მხოლოდ საინფორმაციო ომს, ეს ეხება ბიზნესებს, კულტურის საკითხებს და რაღაც დონეზე ეკლესიას. რუსეთს ამ ბერკეტების დიდი არსენალი აქვს და მათ სამიზნის მიხედვით გამოიყენებს.

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევის მხრივ როგორ შეადარებდით საქართველოს ამჟამინდელ და ყოფილ მთავრობებს?

არ მიყვარს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რიგ საკითხებზე არ დგას იქ, სადაც მე ვისურვებდი რომ იდგეს. საქართველოს მთავრობა იყენებს, მულტი-ვექტორულ საგარეო პოლიტიკას იმაზე მეტად, ვიდრე მე ვისურვებდი. მე მესმის ის საგარეო წნეხი, რომელიც მას ჩრდილოეთიდან აქვს, მაგრამ ზოგიერთი საგარეო ფაქტორისადმი უფრო მტკიცე წინააღმდეგობას ვისურვებდი.

გულწრფელად უნდა ითქვას, რომ 2012 წელს საქართველოში მთავრობის შეცვლას თან ახლდა შიშები და ქართველებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე ამის შიშები არსებობდა. კარგია რომ საქართველო დასავლეთში ინტეგრაციისკენ სწრაფვას აგრძელებს.ივანიშვილის წარსულის გათვალისწინებით ბევრი მას მოსკოვის ინსტრუმენტად აღიქვამდა.

ყველაფერი რაც ივანიშვილზე ცნობილია, იქნება ეს მისი კარიერა თუ ბიზნესი, მჭიდროდ დაკავშირებულია მოსკოვთან, ყველაფერი. რუსეთში ძალაუფლება ფულია და ფული ძალაუფლებაა. დასავლეთში ბევრისთვის კომფორტული არ არის რუსეთთან მისი კავშირები.

საქართველო ხშირად იპყრობს საერთაშირისო ყურადღებას, იქნება ეს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული განცხადება თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე შეფასებებო, რა არის ამ ფონზე საქართველოს მთავრობის გამოწვევა საერთაშორისო არენაზე?

2012 წელს, როცა მთავრობა სააკაშვილმა დატოვა და ხელისუფლებაში ივანიშვილის ჯგუფი მოვიდა არსებობდა ეჭვები ქვეყნის ორიენტაციაზე. მიუხედავად სააკაშვილის ექსცენტრულობისა და პრობლემებისა, რომლებზეც ჩვენ ვიცოდით, ახალი ჯგუფისადმი კითხვები ჩნდებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ეს კითხვები. ეს არის საერთაშორისო ყურადღების ერთი მიზეზი.

მეორე მიზეზი უფრო დადებითია, სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს ყველა ქვეყანაში აკვირდება, მაგრამ ის ფაქტი რომ, საქართველოს ყურადღებას აქცევს და მის ვითარებას აფასებს ნიშნავს, რომ საქართველოს როგორც პარტნიორს უყურებს და შესაბამისად დაინტერესებულია მისი გრძელვადიანი პროგრესით.

თუ საქართველო ადამიანის უფლებების კუთხით გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს უფრო გაადვილებს მის ნატოში და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.

XS
SM
MD
LG