ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრს სახლში შესვლიდან მალევე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ საპრეზიდენტო განკარგულებებზე ამერიკის სასამართლოებში დაობენ. მისი ზოგიერთი ბრძანება უკანონოდ სცნო ფედერალურმა სასამართლომ. რა ძალაუფლება აქვს პრეზიდენტს და როგორ განაწილდება ძალთა ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის?

„ამერიკის ხმა“ პროფესორ ჯეიმს ტერბერს, ამერიკის უნივერსიტეტის კონგრესის და პრეზიდენტის ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დამფუძნებელს ესაუბრა

ვსაუბრობთ პრეზიდენტ ტრამპის პირველ კვირებზე თეთრ სახლში. თავისი პოლიტიკური დღის-წესრიგის მისაღწევად ის საპრეზიდენტო განკარგულებებს იყენებს. რა პარალელებს გაავლებდით შეერთებული შტატების სხვა პრეზიდენტებთან?

მის პირველივე გადაწყვეტილებებს დიდი კრიტიკა მოყვა, რადგან მათ შეფასების ეტაპები არ გაუვლიათ. პრეზიდენტების უმრავლესობა განკარგულების გამოცემამდე კონსულტაციას გადიოდა სხვადასხვა დეპარტამენტთან, ამ თემაზე მომუშავე სააგენტოებთან, ტექსტზე მუშაობდნენ იურისტები. ახლა ასე არ მომხდარა, განკარგულებები იდეოლოგიურია და მათზე ახლა სასამართლოებში დაობენ.

ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიცქვეყანაში 7 მუსლიმური სახელმწიფოს წარმომადგენლებს შემოსვლშემოსვლას უკრძალავდა. როგორ ხედავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სასამართლოს ურთიერთობას მომავალში?

ბევრი ააღელვა პრეზიდენტ ტრამპის რეაქციამ, როცა მან მოსამართლეს “ეგრეთწოდებული მოსამართლე“ უწოდა. მოსამართლე, რომელმაც ეს განკარგულება შეაჩერა, თავის დროზე რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დანიშნა. მან მიიჩნია, რომ პრეზიდენტის განკარგულება უკანონო იყო და შესაბამისად იმოქმედა, ვფიქრობ მომავალში ბევრ მსგავს შემთხვევას ვნახავთ.

ჩვენ გვყავს წესიერი და დამოუკიდებელი მოსამართლეები, გამომძიებლები, ინსპექტორები, პროკურორები და ათასობით ბიუროკრატი ყველა სახელმწიფო უწყებაში. მათ შორის არიან დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც. ამ ადამიანებს სჯერათ ჩვენი კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის. ისინი თავიანთ სათქმელს იტყვიან.

შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულად მოქმედებს?

კი, ხშირად ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. ერთპიროვნულად მოქმედებდა პრეზიდენტი ობამაც. რადგან მას კონგრესის მხარდაჭერა არ ჰქონდა, ის ატარებდა თავის პოლიტიკას. რაც ასევე არ იყო სწორი. ჩვენ მმართველობის დაყოფილი სისტემა გვაქვს, სადაც კანონებს კონგრესი იღებს, კონგრესივე ამტკიცებს ბიუჯეტს. ობამამ, საპრეზიდენტო განკარგულებების გამოყენებით, სხვა პრეზიდენტებს შეუქმნა მოლოდინი, რომ მათაც იგივეს გაკეთება შეუძლიათ.

ახლა ერთპარტიული მმართველობა გვაქვს, მსგავს შემთხვევაში, ზოგადად, კონგრესი პრეზიდენტს მეტ მოქნილობას აძლევს, მაგრამ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ტრამპის ბევრ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ისინი პრეზიდენტს წინააღმდეგობას გაუწევენ.

პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ობამას, პირველი ორი წლის შემდეგ, არც სენატში და არც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა არ ჰყავდა. რა როლს ითამაშებს რესპუბლიკური კონგრესი პრეზიდენტის დაბალანსების საქმეში?

არსებობს ორი ჯგუფი, რომლის წინაშეც პრეზიდენტს ვალდებულება აკისრია. ერთია ჯგუფი, რომელმაც ის აირჩია. პირველივე განკარგულებებით პრეზიდენტი ტრამპი მათთვის მიცემული დანაპირებების შესრულებას ცდილობს. მათ მოსწონთ ეს პოლიტიკა.

მეორე ჯგუფია რესპუბლიკური პარტიის ლიდერები და რესპუბლიკელები ვაშინგტონში. ბევრი მათგანი მიიჩნევდა, რომ ტრამპის კამპანია იყო უცნაური, ისინი ახლა ფიქრობენ, რომ მისი გადაწყვეტილებები არის უცნაური.

პრეზიდენტს რიგ საკითხებზე დიდი მოქნილობა და თავისუფლება აქვს. ერთ-ერთი ასეთი საკითხია იმიგრაცია. თუმცა კონგრესის ხელშია ბიუჯეტის დამტკიცება. როგორი იქნება დინამიკა ხელისუფლების შტოებს შორის, როცა პირველივე დღეებიდან ჩანს მათ შორის უთანხმოება

კონსტიტუციის პირველი თავი არის მოცულობითი, შეიცავს რამდენიმე გვერდს და დეტალურად აღწერს კონგრესის ძალას. მეორე თავი კი, რომელიც პრეზიდენტის ძალას აღწერს, სულ რამდენიმე აბზაცისგან შედგება. პრეზიდენტის ძალაუფლება შეზღუდულია.

თუ პრეზიდენტი ასე გააგრძელებს, კონგრესი წინააღმდეგობას გაუწევს. კონგრესი საკანონმდებლო პროცესებს ჩაუდგება სათავეში, იმუშავებს ჯანდაცვის პროგრამაზე, გადასახადებზე, ინფრასტრუქტურაზე და ამით დააბალანსებს პრეზიდენტს.

მთლიანობაში პროცესი ნელი იქნება, იქნება მოულოდნელი ტვიტები და საჯარო განცხადებები.

პრეზიდენტს ასევე შებოჭავს სასამართლო. სასამართლო, რომელსაც სჯერა პრეზიდენტის ძალაუფლების ლიმიტების. უკვე ვხედავთ როგორ ეწინააღმდეგებიან მოსამართლეები მის განკარგულებებს. ეს გაგრძელდება.

უჩვეულოა როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი მისი ქვეყნის მორალურ სტანდარტებს სხვა ქვეყანას - რუსეთს ადარებს, რა აზრის ხართ ამ საკითხზე?

ამ პრეზიდენტმა გააკრიტიკა ყველა მმართველობა, რომელთანაც კი შეხება ჰქონია, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია თუ გერმანია. მაგრამ აქებს პუტინს, რაც ბევრი ამერიკელისთვის უცნაური ფენომენია.

ამერიკა ცნობილია ადამიანის უფლებებისადმი, დემოკრატიისადმი, პრესის თავისუფლებისადმი მხარდაჭერით. ზოგჯერ მიზანს ვაღწევთ, ზოგჯერ არ გამოგვდის. მაგრამ ახლა, ამ პრეზიდენტის პირობებში რთულია ჩახვიდე მოსკოვში და მათ დემოკრატიაზე, ძალთა ბალანსზე, თავისუფლებაზე ესაუბრო, როცა თვითონ წინააღმდეგობრივ ბრძანებებს გამოსცემ.

ხალხს ამ არჩევნებზე ცვლილებები უნდოდა. უნდოდათ ვინმე, ვინც სწრაფად იმოქმედებდა. ვშიშობ პრეზიდენტი ტრამპი ზედმეტად სწრაფად მოქმედებს. ის ემსგავსება ისეთი ქვეყნის ლიდერს, სადაც მთავრობას საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვერ აკონტროლებენ.

ინაუგურაციის მომდევნო დღეს ვაშინგტონის და სხვა დიდი ქალაქების ქეჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ. ელოდებით საზოგადოების მსგავს აქტიურობას?

ნამდვილად. მჯერა რომ ეს უკმაყოფილება არ შეწყდება. იქნება დემონსტრაციები და გამოსვლები სხვადასხვა თემაზე. ველოდებით მეცნიერების მსვლელობას, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. ვინ შეიძლება მეცნიერების წინააღმდეგი იყოს. ჩვენ კიდევ ბევრ მარშს ვნახავთ და არა მხოლოდ ვაშინგტონში. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებები ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მობილიზებისკენ უბიძგებს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG