ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საყოველთაო ჯანდაცვა აბსოლუტურად შესრულებადი პროექტია


დავით სერგეენკოს შეხვედრა კონგრესმენ ამი ბერასთან. ის 20 წელზე მეტია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს.
დავით სერგეენკოს შეხვედრა კონგრესმენ ამი ბერასთან. ის 20 წელზე მეტია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს.

ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დავით სერგეენკო შეხვდა ამერიკის კონგრესმენებს, სახელმწიფო დეპარტამენტის, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, კიბოს ეროვნული ინსტიტუტის, ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის, სხვადასხვა უნივერსიტეტების, კვლევითი ორგანიზაციების, თუ ფარმაკოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს.

მინისტრმა შეხვედრებზე საქართველო-ამერიკის ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იყო: საქართველოში ონკოლოგიის ეროვნული კონცეფციის და ზოგადად, დარგის განვითარების გეგმა; ქართველი მედიკოსების და ბიო-სამედიცინო დარგის მეცნიერების მონაწილეობა საერთაშორისო კვლევებში და სასწავლო პროგრამებში; კვლევითი თანამშრომლობა გადამდები და არაგადამდები დაავადებების კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციები ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის მართვის და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში. ჯანდაცვის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტებში ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის კონტროლიც სახელდება. ამ მხრივ მინისტრი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის გამოცდილების გაზიარებას და გათვალისწინებას.

გთავაზობთ ინტერვიუს დავით სერგეენკოსთან, რომელიც ვიზიტის დასასრულს, საქართველოში გამგზავრებამდე ჩავწერეთ.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:12:33 0:00
ბმული
ვიდრე ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო - ჯანდაცვის სტრატეგიების - თემაზე გადავალთ, მინდა რომ ვიზიტით დავიწყოთ. რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი და როგორ შეაფასებდით ამერიკაში გამართულ შეხვედრებს?

მოგესალმებით. ვიზიტის მიზანი იყო რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს ქართული ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიულად სწორი დაგეგმარება. ამას, როგორც წესი, ჭირდება ხოლმე ძალიან დიდი რესურსი, ხარისხობრივ რესურსს ვგულისხმობ. და ამაში მონაწილეობას მიიღებენ ამ დარგის მართლაც წამყვანი დაწესებულებები და წამყვანი სპეციალისტები. გარდა ამისა, ვიზიტის მიზანი იყო თვითონ გაცნობა ამერიკული მხარისათვის საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმების. ეს იყო ძირითადად. და მე ეხლავე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამოცანები, ორივე ამოცანა სრულდება წარმატებით.

ვიზიტის განრიგიდან და შინაარსიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში მთავარ სტრატეგიად ისევ ავადმყოფთა მოვლის მიმართულებას ხედავს და პრევენციული მედიცინის პრიორიტეტად დასახვას ჯერჯერობით არ გეგმავს. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ პრევენციული მედიცინა, ანუ ზოგადად ადრეული ამოცნობა და პრევენცია დაავადებების, ჯანდაცვის განუყოფელის ნაწილია. იმისთვის, რომ ეს ეფექტურად განხორციელდეს, ეს პროექტი, სწორედ ჯანდაცვის სისტემაში პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს კარგად განვითარებული. საქართველოში უკვე 4 წელია, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მიწვდომადია ეს კვლევები - ადრეული დეტექცია და პრევენცია. მაგრამ მიმართვიანობა და დაფარვის პროცენტი არის ძალიან დაბალი, 0.5-დან 4 პროცენტამდე. როცა, მიღებულია, რომ ეს უნდა იყოს 30-მდე.

ჩვენთვის ეს პირველი რიგის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას განვიხილავთ სტრატეგიულ ჭრილში, რომ მთლიანობაში მოგვარდეს და არა იზოლირებულად. რადგანაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, იზოლირებულად ეს გაკეთდა და ეფექტურობა პროექტის ძალიან დაბალია. ასე რომ, ვადასტურებ, რომ პრევენციული მედიცინა და დაავადებების ადრეული ამოცნობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ოღონდ, აუცილებლად, სტრატეგიულ ჭრილში განხილული.

როგორ ფიქრობთ კადრების პრობლემის მოგვარებას? ფაქტია, რომ იმაზე მეტი ექიმი გვყავს, ვიდრე საქართველოს ჭირდება. ამ დროს ბიოსტატისტიკოსების, ეპიდემიოლოგების და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის სპეციალისტების დეფიციტია. ხომ არ გეგმავთ გადამზადების პროგრამების დანერგვას ან რაიმე სხვა სტრატეგიას განათლების კუთხით?

გეთანხმებით, რომ ექიმების რაოდენობა საქართველოში მაღალია, მაგრამ აქ მარტო რაოდენობრივი არ არის, თვისობრივია, როგორც თქვენც აღნიშნეთ. ანუ, სპეციალობები არის დეფიციტური, როდესაც ძალიან რთულია შესაბამისი კადრის მონახვა და პირიქით, არის კადრების სიჭარბე. აქ ჩვენი ამოცანა არის, რომ ზოგადად ვიზრუნოთ განათლების კუთხით გადამზადებაზე. ანუ, ის რაც იყო, უვადო ლიცენზიები და მოძველებული ტიპის სასწავლო კურიკულუმები, ამის შეცვლას ვაპირებთ.

გარდა ამისა, არის არათანაბარი რეგიონალური განათლება. რაიონებში არის ძალიან დიდი დეფიციტი ექიმების, და პირიქით, თავმოყრა დიდ ქალაქებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როტაციული პრინციპი შემოვიღოთ სხვადასხვა დაწესებულებებში და ამით, ამ ორი ფაქტორით თუ სრულად არა, მნიშვნელოვნად დარეგულირდება ეს პრობლემა.

სამედიცინო კანონმდებლობის დახვეწის შესახებ რას გვეტყვით? არიან პარლამენტში, დავუშვათ, სათანადო კვალიფიციის ექიმები, ვინც სამედიცინო რეფორმის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობს?

საკანონმდებლო ბაზას რაც შეეხება, იყო ორი კანონპროექტი. ერთი, რომელიც გავიდა მესამე მოსმენით, ეს შეეხებოდა რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენას და ზოგადად, მედიკამენტების გაცემის რეგულირებას. თუმცა, არცერთი რესურსი, მათ შორის არც პარლამენტის - ცალკე აღებული და არც სამინისტროს - ცალკე აღებული, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად გაკეთდეს ეს საქმე. ამიტომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან და შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართვით, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები საკანონმდებლო ინიციატივები, ეფექტურად იქნება მოგვარებული.

მზარდი გლობალიზაციის და ინტენსიური მისვლა-მოსვლის პირობებში, საქართველო მზად უნდა იყოს პანდემიების და სხვა გლობალური რისკებისთვისაც. ამაში ჩვენ ღორის გრიპის შემთხვევაში უკვე დავრწმუნდით. რამდენად მზად არის დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსგავსი გლობალური გამოწვევებისთვის?

ჯანდაცვის სამინისტროს აქვს 7 ძირითადი სამუშაო გეგმა, რომელიც სწორედ განსაკუთრებული მდგომარეობებისთვის არის და მათგან ერთ-ერთი, მთავარი არის სწორედ ასეთი - პანდემიური მზადყოფნების სამართავად. იდეალური გეგმა ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არსებული გეგმა საკმაოდ კარგად არის გაწერილი და უკვე ტესტირებული არის, გამოცდაგავლილია იმ ორი პიკის დროს, 2005-ში და 2009-ში, როდესაც იყო ეს მაღალი პანდემიური მზადყოფნა. სისტემამ აჩვენა, რომ საკმაოდ გამართულად მუშაობს. თუმცა, სრულყოფა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ჭირდება.

რა მდგომარეობაა ამჟამად წითელას ეპიდემიასთან დაკავშირებით?

ჩაქრობისკენ წავიდა წითელას შემთხვევები. მკვეთრად არის დაკლებული, ანუ, ეს პიკური ზრდა არ არის და ერთეული შემთხვევებია. პროსპექტული კვლევით დადასტურდა, რომ ამის მიზეზი იყო სწორედ 2008 წლის მასიური იმუნიზაციის ჩავარდნა. ჩატარებული არის ასევე სპეციალური, გაფართოებული ფორმატის იმუნიზაცია წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს იქნა მართული. თუმცა, გამართული იმუნიზაციის გარეშე, მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, მომავალშიც, ანალოგიური პიკები.

რამდენიმე კონკრეტულ, მტკივნეულ კითხვაზე გადავალ, რომელიც ჩვენს მკითხველს აინტერესებს. რა მდგომარეობაშია ამჟამად ლუგარის ლაბორატორია და რას იტყვით რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშჩენკოს ბრალდების შესახებ, თითქოს რუსეთის სამხრეთში ინფექციური დაავადებების გავრცელება სწორედ ამ ლაბორატორიას უკავშირდება?

ეს მოვლენები კავშირში არ არის. ანუ, ლუგარის ლაბორატორია არ არის არცერთი თავისი ფუნქციით დაავადებების გავრცელებისაკენ მიძღვნილი. პირიქით, მისი მთავარი ფუნქცია არის დაავადებების გავრცელების პრევენცია, მართვა და ლოკალიზაცია. მე გამიჭირდება, რომ რაღაც რადიკალური შეფასება მივცე ბატონი ონიშჩენკოს გამონათქვამს. თუმცა, ყველაზე ცოტა, ყველაზე დელიკატურად, ის არ არის ჩახედული დეტალებში.

ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ჩამოსულიყვნენ მათი წარმომადგენლები და თვითონ დაეთვალიერებინათ ლუგარის ლაბორატორია. ანუ, ცალსახად გამოვრიცხავ, რომ აქ რაიმე ანალოგიური იყოს. პირიქით, მისი ფუნქცია საწინააღმდეგოა, შემაკავებელი ფუნქცია აქვს.

ამჟამად ფუნქციონირებს ეს ლაბორატორია?

ამჟამად დაიწყო ფუნქციონირება. ბოლო ერთი თვე არის, რაც დაიწყო ქართული, ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრში ლაბორატორიების და დანაყოფების გადასვლა. აქ იყო პარიტეტი, როდესაც ლუგარის ლაბორატორიის სახით ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, რომელიც არ ფუნქციონირებდა არანაირი სახით, გარდა ტესტირების რეჟიმისა. და მეორეს მხრივ, გვქონდა ეროვნული ავადობის კონტროლის ცენტრი, რომელსაც იგივე ფუნქციები ეკისრა, ოღონდ ინფრასტრუქტურა არ ჰქონდა გამართული. ჩვენ ეს ორი ფაქტორი შევაჯერეთ და მივიღეთ ძალიან პრაგმატული შედეგი. უკვე ლუგარი ამუშავდა და შემოდგომისთვის, წლის ბოლომდე გავა სრულ სიმძლავრეებზე.

საქართველოში უმძიმესი სიტუაციაა ახალშობილების სიკვდილიანობის მხრივ. ამ თემას „ამერიკის ხმა“ ყურადღებით ადევნებთ თვალს. იუნისეფის მონაცემებით, ყოველწლიურად 300 ახალშობილი საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული მიზეზით იღუპება. რა კეთდება ამ მიმართულებით?

მე ვერ დავარქმევდი ამას დრამატულს, თუმცა მდგომარეობა საჭიროებს გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ბავშვთა ავადობას და სიკვდილიანობას. ჩვენ პირველი, რაც გავაკეთეთ, შევცვალეთ მონაცემთა მართვის სისტემა და უკვე ოპერატიულ, ობიექტურ ინფორმაციას ვიღებთ ნებისმიერ შემთხვევაზე. პირადად მე მომდის ერთი საათის განმავლობაში ინფორმაცია ამის შესახებ და რა თქმა უნდა სისტემაშიც მიდის, იგივე იუნისეფთან.

სხვათა შორის, ამ ვიზიტის დროსაც, თუნდაც აი, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ეს მიმართულებები. ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიო და რეალიზებადი სტრატეგია გვაქვს უკვე გაწერილი. აქაც არ არის მხოლოდ მატერიალური ნაწილი, არამედ მართვითი, ადმინისტრირების ნაწილი არის უმნიშვნელოვანესი. რადგანაც, უხშირეს შემთხვევაში ბავშვებს, რომლებმაც ჯანმრთელობა ან სიცოცხლე დაკარგეს კვებითი დარღვევების გამო, ჰქონდათ მიწვდომადობა საკვებ პროდუქტებთან, უბრალოდ ვერ იქნა მართული ოჯახის, და ოჯახის ექიმის მიერ ოპტიმალურად ეს დაავადება. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსწორებადია და მკაფიო შედეგებს მალე დავინახავთ.

რომელ შეხვედრას გულისხმობთ?

სხვა მრავალ თემასთან ერთად, დღსაც გვქონდა განხილვა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების. რომელზეც გადაწყდა, რომ ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთი დეპარტამენტი აქტიურად დაგვეხმარება იმაში, რომ ის პროექტი, რომელიც ჩვენ დავასრულეთ, მეცნიერულ საფუძვლებზე იქნას კიდევ ერთხელ განხილული და მათი შენიშვნები გათვალისწინებული.

ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, აზადე მომენჰალიბაფმა რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ ხმამაღალი შეფასება გააკეთა, როცა საქართველო C-ჰეპატიტთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერად გამოაცხადა. რამ გამოიწვია ეს შეფასება და რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით?

C-ჰეპატიტთან მიმართებაში არსებული სტატუსი იყო ის, რომ პროგნოზულად მოსალოდნელი 200 ათასი დასნებოვნებულიდან, ჩვენ მხოლოდ 200, ან 300-ის მკურნალობით უზრუნველყოფა შეგვეძლო, რადგანაც ეს მართლაც გიგანტურ საბიუჯეტო თანხებთანაა მართლაც დაკავშირებული. გაკეთდა პირველი გაფართოება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ანუ, პატიმრების 100 პროცენტი, ცხადია, ვისაც ეს სჭირდება, დაექვემდებარება სკრინინგს, ადრეულ აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას.

ამ გაფართოებამ ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ დაგვეწყო ურთიერთობა, ნეგოშიაცია თვითონ მწარმოებელ კომპანიებთან ფასების ოპტიმიზაციაზე. აი ეხლაც, ჩემი წამოსვლის წინა დღეებში მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკებები. გაწერილი გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს მოხდება მესამე გაფართოება და დაემატება რამოდენიმე ათასი ადამიანი ამ პროგრამას. ჩვენი გათვლებით, 2016 წელს, ისევე როგორც ტუბერკულოზის და შიდსის შემთხვევაში, საქართველოში იქნება C-ჰეპატიტის მკურნალობაზე 100-პროცენტიანი უნივერსალური წვდომა.

და ბოლოს, რამდენადაც შესაძლებელია ამ თემის განვრცობა, იქნებ საყოველთაო ჯანდაცვის ეკონომიკურ ასპექტზე ვისაუბროთ. რამდენად რეალურად გეჩვენებათ, რომ საქართველოს ეკონომიკა მსგავს ფუფუნებას თავს გაართმევს? მით უმეტეს, რომ ეკონომიკური ზრდა არათუ შეფერხდა, არამედ ბოლო თვეების განმავლობაში შემცირდა კიდეც.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემცირებას, ან გაზრდას, მე არ ვარ ამის სპეციალისტი და კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩართული ვარ მთავრობის მუშაობაში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თვეების მიხედვით შეფასება არ არის სწორი ინდიკატორი. ყველა დაინახავს, რომ წლის მეოთხე, დამასრულებელი კვარტლიდან იქნება მნიშვნელოვანი ზრდა.

რაც შეეხება საბიუჯეტო თანხების საკმარისობას საყოველთო ჯანდაცვაზე გადასვლაზე, ჩვენ, როგორც პროგნოზულმა გათვლებმა, ასევე რეალურმა შესრულებულმა დანახარჯებმა გვაჩვენა, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური და შესრულებადი პროექტი.
XS
SM
MD
LG