ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი ქართული ავია-შოუ


ქართული СУ-25-ები თბილისის თავზე
ქართული СУ-25-ები თბილისის თავზე

თბილისში ლეგენდარული ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის, ქართული წარმოშობის ალექსანდრე ქართველის დაბადების დღე აღინიშნა

ზუსტად 117 წლის წინ, 9 სექტემბერს, თბილისში ალექსანდრე ქართველიშვილი დაიბადა, მეოცე საუკუნის ლეგენდარული ავიაკონსტუქტორი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი გახდა.

117 წლის შემდეგ, ალექსანდრე ქართველის დაბადების დღე, მშობლიურ თბილისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ავია-შოუთი აღნიშნეს.

ავიაშოუზე უმაღლესი პილოტაჟის ელემენტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახმელეთო ჯარების საავიაციო ბრიგადის შეიარაღებაში მყოფი 7 ერთეული, სუ-25 სკორპიონსის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა შეასრულეს, რომელთა წარმოება თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანამ, ისრაელთან ერთად 2001 წლიდან დაიწყო.

თბილისის ცაზე ასევე იფრინა ოთხმა ერთეულმა, ჩეხური წარმოების, L-39 ალბატროსის ტიპის, სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავმა. საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო ავია შოუ ორმა პარაშუტისტმა გახსნა. ისინი საბჭოთა წარმოების АН-2 ტიპის თვითმფრინავიდან გადმოხტნენ და ცაში სიმბოლურად საქართველოს და ამერიკის შეერთეებული შტატების სახელმწიფო დროშები გაშალეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომლის იდეაც გახლდათ პირველი ქართული ავია შოუთი ალექსანდრე ქართველიშვილის გახსენება, კერძოდ ბრძანა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ავია შოუ პირველად იმართება, არამედ იმით თუ ვისაც ეძღვნება. ეს არის ალექსანდრე ქართველი, რომელიც არის ამერიკის სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი.

მისი სახელის პოპულარიზაცია, მისი ღვაწლის აღნიშვნა, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა ღრმაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და მეგობრობა.“

ალექსანდრე ქართველიშვილი ავიაციით პირველად სწორედ მშობლიურ თბილისში დაინტერესდა და გასული საუკუნის 10-იან წლებში, ჰაერნაოსნობის წრის აქტიური წევრი იყო.

1919 წელს, ცნობილი ქართველი იურისტის მიხეილ ქართველიშვილის ვაჟი, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ სასწავლებლად პარიზში მიავლინა, აქ ქართველიშვილმა ავიაციის უმაღლესი სკოლა დაამათავრა და ასევე მონაწილეობდა მიიღო, თოთხმეტ ადგილიანი სამოქალაქო თვითმფრინავის Bernard-60 ისა და ერთადგილიანი Bernard-Ferbois V.2-ის შექმნაში.

1927 წლიდან ქართველიშვილი ნიუ იორკშია, სადაც იგი შეუერთდა, ავიაციით გატაცებული მულტიმილიონერის ჩარლზ ლევინის მიერ შექმნილ ავიაკონსტრუქტორთა გუნდს. 1931 წლიდან ქართველიშვილი, ასევე თბილისში დაბადებულ ალექსანდრე სევერსკის კომპანიაში Republic Aviacorporation-ში გადადის და მთავარი ინჟინერი ხდება.

ყველაზე დიდი წარმატება სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს მოდის. ქართველიშვილი ქმნის ლეგენდარულ „მეხთამფქვევს“, Republic P-47 Thunderbolt-ს, რომელიც ომის დროს, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი ავიაგამანადგურებელი იყო. სულ 1942-66 წლებში ამერიკაში 15 600 ასეთი ავიაგამანადგურებელი გამოუშვეს. ომის დროს, ქართველიშვილის ავიამოიერიშეებს ასევე იყენებდნენ ინგლისის, საბჭოთა კავშირისა და იტალიის შეიარაღებული ძალები.

1947 წელს ქართველიშვილმა ასევე შექმნა Republic F-84 Thunderjet, პირველი რეაქტიული ავიაგამანადგურებელი, რომელიც ნატოს ქვეყნების შეიარაღებაში გამოჩნდა. აქტიურად გამოიყენებოდა კორეის ომში საბჭოთა წარმოების მიგ-15-ის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი ამერიკული ერთადგილიანი ავიაგამანადგურებელი, რომელსაც ატომური ბომბის წაღება შეეძლო.

1958 წელს, ქართველიშვილის ახალი პირმშო Republic F-105 Thunderchief გამოჩნდა, ეს ავიაგამანადგურებელი აქტიურად უკვე ვიეტნამის ომში გამოიყენებოდა.

ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს NASA დაკვეთით, ქართველიშვილი 1959-70-იან წლებში ასევე მონაწილეობდა ექსპერიმენტული თვითმფრინავის X-15-ის შექმნაში.

ალექსანდრე ქართველიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა და ცხოვრობდა ფარმინგდეილში, ნიუ იორკის კუნძულ ლონგ-აილენდზე, სადაც Republic Aviation-ის შტაბ-ბინა მდებარეობდა.

გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, 1974 წლის 20 ივლისს. მემკვიდრე არ დარჩენია. ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებას 7 წლის მანძილზე იკვლევდა ქართველი რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი, სწორედ მან აღმოაჩინა ხელახლა ქართველიშვილის საფლავი ლონგ-აილედზე.

აპრილში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროექტი “ალექსანდრე ქართველი და აშშ-ს სამხედრო ავიაცია“. აგვისტოს ბოლოს კი, ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორის საფლავი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოინახულა. რამაზ ბლუაშვილი ამბობს:

„ალექსანდრე ქართველიშვილი იყო ლეგენდარული ქართველი და ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი, შექმნა 14 ლეგენდარული თვითმფრინავი და ჩემი აზრით, დღეს დაიწყო ეს პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში გადავიღებთ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, ჩამოვიყვანთ ქართველიშვილის შექმნილ ერთ-ერთ თვითმფრინავს და დაიწერება წიგნი მის შესახებ ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.“

დღესვე, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა ოფიციალურად ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის გახდა. ახლო მომავალში, დაგეგმილია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელშიც ალექსანდრე ქართველიშვილს როლს, წინასწარი ინფორმაციით, ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე შეასრულებს.

თბილისში ალექსანდრე ქართველიშვილის მუზეუმისთვის კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად ჩამოიყვანენ, ქართველიშვილის შექმნილ ერთ-ერთ თვითმფრინავს, რომელიც საქართველოში სამუდამოდ დაიდებს ბინას.
XS
SM
MD
LG