ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდი: "მსოფლიო ეკონომიკის ზრდა მცირედით დაჩქარდა"


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, ეკონომიკური ზრდა აშკარაა, თუმცა მსოფლიო ეკონომიკაში არსებობს „პროტექციონიზმის“ ნიშნებიც. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა შესაძლოა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ შეაფერხოს.

ანგარიში რამდენიმე დღით იმაზე ადრე გამოქვეყნდა, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკის ლიდერები მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრებზე შეიკრიბებიან.

ფონდის წარმომადგენელმა მაურის ობსტფილდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა, რომლის წლიური მაჩვენებელიც 2016-ში 3.1 % იყო, 2018 წლისთვის 3.6 %-მდე გაიზრდება. ობსტფილდის თქმით, მართალია საქონელზე ფასები გასული წლიდან მოყოლებული შედარებით შენარჩუნებული იყო, მაგრამ ის მაინც ქვედა ნიშნულზე ფიქსირდებოდა. ეს კი საქონლის ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და ლათინური ამერიკიდან საქონლის ექსპორტიორებისთვის კვლავ ტოვებს ბარიერებს. ობსტფელდის თქმითვე, რამდენიმე დაბალშემოსავლიან ქვეყანას ცუდი ამინდი და სამოქალაქო არეულობა მასობრივი შიმშილის საფრთხეს უქმნის.

ეკონომისტების შეფასებით, ანგარიშში არაერთი რისკ-ფაქტორია მითითებული. მათ შორისაა პოლიტიკური წნეხი ვაჭრობის შეზღუდვის მიმართულებით, რომელიც მათი აზრით, ეკონომიკურ ზრდას უფრო შეაფერხებს, ვიდრე გააძლიერებს.

ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნელი და არათანაბარი ეკონომიკური ზრდა, პროდუქტიულობის არასაკმარისი ზრდა, ფინანსური კრიზისი და სხვა პრობლემები სწორედ ვაჭრობის მიმართ არასწორი საერთაშორისო პოლიტიკით იყო გამოწვეული ან გაძლიერებული.

ობსტფელდი ამბობს, რომ ქვეყნები, რომლებიც მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებზე უარს იტყვიან, უარყოფითი შედეგებით თავად დაზარალდებიან. „ეს იგივეა, რაც საკუთარ თავს თავად მიაყენო ჭრილობა“, - ამბობს ფონდის წარმომადგენელი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, გასულ წელს პროდუქტიულობის ზრდას არ მოჰყოლია ხელფასების ზრდა. დასაქმებულთა შემოსავლის წილი მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელში დაცემულია. სწორედ ამიტომ ფონდის ანალიტიკოსები მოუწოდებენ მთავრობებს, მეტი გააკეთონ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდიდან და ვაჭრობიდან სარგებელი მაქსიმალურად ფართოდ გადანაწილდეს. ამის რამდენიმე გზად კი ეკონომისტები საგადასახადო სისტემების ცვლილებას, უნარების განვითარებაში ინვესტირებას გვთავაზობენ. და რაც მთავარია ხაზს უსვამენ იმას, რომ აუცილებელია დასაქმებულთათვის გაადვილდეს სამუშაოს ცვლილება, წინსვლა და ახალი შესაძლებლობების ძიება. მათი აზრით, გლობალური ეკონომიკის ზრდაში სწორედ ეს დაგვეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG