ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, როგორც ჩანს, დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა რუსეთისთვის, ამიტომ პრეზიდენტ პუტინის გუშინდელი ბრძანებულების შესაბამისად, მისი ქვეყანა რომის წესდების საერთაშორისო სამართლოდან გავიდა. ამ ქმედებას წინ უსწრებდა ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორის ფატუ ბენსუდას ანგარიში უკრაინის თაობაზე, რომელშიც საუბარია რუსეთის ძალისმიერ, შეიარაღებულ ქმედებებზე უკრაინაში: ყირიმის ანექსიაზე, ვითარებაზე დონბასსა და ლუგანსკში. გარდა უკრაინის საკითხისა, ფატუ ბენსუდა საქართველო–რუსეთის 2008 წლის ომის და შემდგომი პერიოდის სამხედრო დანაშაულსაც იძიებს, რომლის ფარგლებში ის აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან. საერთაშორისო პროკურორის ოფისი, გამოძიების სრულყოფილი ჩატარების მიზნით, თანამშრომლობდა რუსეთის ფედერაციასთანაც. სამხრეთ ოსეთმა კი ღიად დააფიქსირა იმის თაობაზე, რომ ბენსუდას წარმომადგენლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმად, რუსეთი საერთოდ უარს ამბობს ჰააგასთან თანამშრომლობაზე, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის, როგორც ომის დანაშაულისა და ეთნოწმენდის ფაქტების დადგენაში დაინტერესებული მხარისთვის. ამის შესახებ ამერიკის ხმამ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა.

ჩვენთან საუბრისას საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს: „აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე და ვინაიდან საქართველო არის წევრი სახელმწიფო, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. რუსეთის განცხადება არის უფრო პოლიტიკური მესიჯის შემცველი. თავიდან, როდესაც პროკურორმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის იწყებდა გამოძიებას, რუსეთის მხრიდან იყო თითქოს ღიაობა და მზაობა იმისთვის, რომ ეთანამშრომლა სასამართლოსთან. თუმცა მე, მაინცდამაინც მაღალი რწმენა იმისა, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა პროკურორთან, არ მქონდა.“

ამერიკის ხმა GFSIS– ის მკვლევარს შოთა უტიაშვილს ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა: „იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ თავის წევრ ქვეყანას თუ დაავალა, გადმოსცენ პიროვნება, რომელიც ბრალდებულია დანაშაულში, ქვეყანა ვალდებულია ეს გააკეთოს, თუ არის სასამართლოს წევრი. არაწევრს ასეთი ვალდებულება არ ეკისრება. 2008 წლის ომის თაობაზე რამდენიმე ასპექტს განიხილავს პროკურორი. ერთ–ერთი ყველაზე აშკარა შემადგენელია აქ ეთნიკური წმენდის შემთხვევა, რის უამრავი მტკიცებულებაც არსებობს. დღესაც რომ ჩავიდეს იქ ადამიანი და დაათვალიეროს ლიახვის ხეობის სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ, ძალიან ნათლად შესამჩნევია, რომ ეთნიკური წმენდას ჰქონდა ადგილი. რუსეთს ძალიან გაუჭირდება თავი აარიდოს უხერხულ ვითარებას. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ქონების განადგურების შემთხვევებს ადგილი ჰქონდა მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენთვის, რუსეთის მიერ ჰააგის სამართლებრივი სივრციდან გასვლით არაფერი იცვლება, თუმცა ფორმალურად რუსეთი ამის დემონსტირირებას მაინც ახდენს, რაც ალბათ უფრო პოლიტიკური მესიჯია, ვიდრე პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე ნაბიჯი“.

როგორც საიას ხელმძღვანელი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დაადგენს რუსეთის სამხედრო პირების ბრალეულობის საკითხს, მათი დაკავება და სასამართლოსთვის გადაცემა რუსეთის ტერიტორიაზე გართულდება, რადგან რუსეთი არაა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელი ქვეყანა, თუმცა თუ ეს მოქალაქე ქვეყნის საზღვრებს გადალახავს და აღმოჩნდება საერთაშორისო სასამართლოს მიერთებული რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე, მას დააკავებენ.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს პუტინის ბრძანებამ საქართველოს საკითხზე ჰააგაში, ეს პრაქტიკული ქმედებებიდან უფრო გამოჩნდება, თუმცა ცხადია, რომ ეს გამოძიების გაგრძელებას ხელს ვერ შეუშლის. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ ეს რუსეთის მხრიდან გაგზავნილი ცალსახა პოლიტიკური მესიჯია იმის დემონსტრირებისთვის, რომ იგი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ცნობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG