ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ისტორიაში პირველად წამყვანი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი გახდა. ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დემოკრატი ჰილარი კლინტონი თეთრ სახლში მეორედ, ამჯერად უკვე არა „პირველი ლედის“ არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლში შევა. ყოფილი სენატორი ნიუ იორკიდან და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ახლა „მადამ პრეზიდენტობისთვის“ იბრძოლებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით შერეულია მის მიმართ განწყობები, ის უყვართ და ამავდროულად არ უყვართ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალის ახლობლები ამბობენ, რომ ის ძალიან ცდილობს მისი პირადი ცხოვრება ზედმეტად არ გაასაჯაროოს.

"რასაც ჰილარიში ყველაზე მეტად ვაფასებ ის არის, რომ ის ზეწოლას არ უშინდება. ის ადვილ გამოსავალს არასდროს ეძებს. ის არასდროს თმობს"

ჰილარი კლინტონი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის 8 წლის წინაც იბრძოდა. 2008 წელს ნომინაციისთვის შიდა-პარტიული ბრძოლა მან მაშინ პირველი მოწვევის სენატორთან - ბარაკ ობამასთან წააგო.

მაშინ კლინტონს მხარი 18 მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა. კამპანიის დასრულებისას წარმოთქმულ სიტყვაში, კლინტონმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც, მას, როგორც ქალს მოუხდა:

„მიუხედავად იმისა, რომ „შუშის ჭერად“ წოდებული უმაღლესი ჭერი ჩვენ მაშინ ვერ დავამსხვრიეთ, მას 18 მილიონი ბზარი გავუჩინეთ... ახლა გზა ბევრად უფრო ნათელია, რაც გვავსებს იმედით, რომ მომავალში ის ოდნავ ადვილი იქნება.“

დემოკრატიული პარტიის ნომინაცია კლინტონმა 8 წლის შემდეგ მიიღო და 2016 წელს ის „შუშის ჭერის“ დასამსხვრევად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ჰილარი კლინტონი ჩიკაგოს გარეუბანში, რესპუბლიკელი მამის და დემოკრატი დედის საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა.

კლინტონმა, ახალგაზრდა რესპუბლიკელმა, პოლიტიკური აქტივობა უელსლის კოლეჯში სწავლისას, თინეიჯერობისას დაიწყო.

კოლეჯის შემდეგ სწავლა იელის უნივერისტეტის სამართლის სკოლაში გააგრძელა, სადაც პროგრესული დემოკრატი გახდა. სასწავლებლის ბიბლიოთეკაშივე გაიცნო მომავალი ქმარი და ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. წყვილი 1975 წელს დაქორწინა და ქმრის მშობლიურ შტატში არკანზასში გადასახლდა, 1978 წელს ბილ კლინტონი შტატის გუბერნატორად აირჩიეს.

იქვე დაიბადა კლინტონების ქალიშვილი ჩელსი. კლინტონები პირველად ჟურნალისტმა რონ ფორნიერმა გააშუქა. ფორენიერი, რომელსაც ხშირი შეხება ჰქონდა, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ჰილარი ბილზე გონიერი და ხალისიანი ადამიანია.

„ბილ კლინტონს კარგად გამოსდის ხუმრობა, ანეგდოტების მოყოლა, მაგრამ სინამდვილეში იმ მომენტში ყველაზე სასაცილო ჰილარია. თვით-ირონიული იუმორი და მისი სიცილი ბევრს ახარხარებს, ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივია და გადამდები თვისებები აქვს,“ ამბობს ფორნიერი.

"მან იცის, რომ მას არ აქვს ქარიზმა, მაგრამ ის ჭკვიანია და ფლობს მართვის უზარმაზარ ძალას"

ბილ კლინტონის დროინდელმა თეთრი სახლის ყოფილმა სპიკერმა ბობ უაინერმა კი „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ პრობლემის გააზრება და გამსოავლის პოვნა ჰილარი კლინტონს მის ქმარზე და პრეზიდენტ ობამაზე უკეთ შეუძლია, მაგრამ ის არ ფლობს ერთ თვისებას, რომელიც ამ ორ პრეზიდენტს აერთიანებს:

„მან იცის, რომ მას არ აქვს ქარიზმა, მაგრამ ის ჭკვიანია და ფლობს მართვის უზარმაზარ ძალას.“

ბილ კლინტონი ამერიკის პრეზიდენტი 1992 წელს გახდა, მისი ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ჰილარი კლინტონი აქტიური „პირველი ლედი“ იყო.

რონ ფორნიერი იხსენებს, რომ ჰილარიმ თვეების განმავლობაში საჯარო დამცირება და შეურაცხყოფა აიტანა მისი ქმრის სექსუალური სკანდალის გამო. „ყველაფერმა რაც მას თავს გადახდა ის შეცვალა. მისთვის მიყენებული თავდასხმების უმეტესობა სრულიად უსამართლო იყო.“

სკანდალის შედეგები გასამკლავებლად რთული იყო, მაგრამ როგორც ბობ ვაინერი ამბობს, ქორწინება მათმა „სიყვარულმა გადაარჩინა.“

ჰილარიმ დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა 2000 წელს დაიწყო, როცა ის ნიუ იორკის შტატიდან სენატორი გახდა, 2006 წელს ის ხელახლა აირჩიეს, 2008-ში კი პრეზიდენტმა ობამამ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნა. სახელმწიფო მდივნის ამპლუაში კლინტონი 112 ქვეყანას ეწვია.

ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ჰილარის თვისებები პირველმა ლედიმ - მიშელ ობამამ შეაქო:

„იყო უამრავი მომენტი, როცა ჰილარის შეეძლო ეთქვა, რომ საქმე ზედმეტად რთული იყო, რომ საჯარო სამსახურის ფასი ზედმეტად მაღალია, რომ დამღლელია გაკრიტიკონ იმისთვის თუ როგორ გამოიყურები ან იმაზე თუ როგორ იცინი. მაგრამ არა. რასაც ჰილარიში ყველაზე მეტად ვაფასებ ის არის, რომ ის ზეწოლას არ უშინდება. ის ადვილ გამოსავალს არასდროს ეძებს. ის არასდროს თმობს.“

ჰილარის ბრძოლა 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამერიკელებმა პრეზიდენტი წინააღმდეგობრივ ბიზნესმენ და შოუმენ დონალდ ტრამპსა და ყოფილ პირველ ლედის შორის უნდა გააკეთონ. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების მიხედვით, თეთრ სახლში შესასვლელად მათ თანაბარი შანსები აქვთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG