ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუძვრება თუ არა ჰილარი კლინტონი ელექტრონული ფოსტის სკანდალს?


ფედერალურმა მოსამართლემ ამ კვირის ბოლოსთვის მოსმენა დანიშნა იმასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა იმ ოფიციალური ჩანაწერის ამოღებას, რომელიც 2009-დან 2013 წლამდე, როცა კლინტონმა პირველი დიპლომატის პოსტი დატოვა, მას და მის თანაშემწეებს ელექტრონული ფოსტის პირად ანგარიშებზე და საკუთარ მოწყობილობებზე ჰქონდათ.

სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კლინტონის ელექტრონული ფოსტის ნაწილობრივმა გადახედვამ 305 შეტყობინებაში საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო არსებობა გამოავლინა. კლინტონმა თქვა, რომ პირადი ფოსტით არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ გაუგზავნია და არ მიუღია ისეთი რამ, რასაც მაშინ გრიფი საიდუმლო ედო.

კლინტონმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობისთვის პირად ანგარიშს, საკუთარი მოხერხებულობისთვის იყენებდა, მაგრამ იუსტიციის დეპარტამენტი ახლა იმას იძიებს, საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტები მის სერვერზე ხომ არ მოხვდა.

სამშაბათს, ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი მეილ“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საკუთარი სერვერის მომსახურებისთვის მან კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერიდან მცირე ტექნოლოგიური ფირმა, „პლატე რივერ ნეთვორქს“-ი დაიქირავა. სერვერი მის ნიუ იორკის სახლში, სააბაზანო ოთახის კარადაში იდგა.

ინტერნეტ გამოცემა „გოუკერ მედია“ ამბობს, რომ სურს ფილიპ რაინესს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში კლინტონის დაქვემდებარებაში მუშაობდა, და 33 მედია საშუალების ჟურნალისტებს შორის ელექტრონულ შეტყობინებებს გაეცნოს. „გოუკერი“ იტყობინება, რომ ორი წლის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ასეთი ჩანაწერები ვერ აღმოაჩინა, თუმცა გასულ კვირაში აზრი შეიცვალა და აცხადებს, რომ 17 ათასზე მეტი ჩანაწერი აღმოაჩინა და ახლა მათი გამოქვეყნების შესაძლებლობას იკვლევს.

თვეების განმავლობაში წინააღმდეგობის შემდეგ, გასულ კვირაში, კლინტონმა სერვერი გამომძიებლებს გადასცა, მაგრამ ირწმუნება, რომ ელექტრონული ფოსტის გარშემო რესპუბლიკელების საჩივარი, მხოლოდ მისი საპრეზიდენტო კამპანიის ჩაშლას ისახავს მიზნად.

გასულ კვირაში აიოვაში თავის მხარდამჭერებს მან უთხრა:

„არ ვითვალთმაქცებ და ამას სხვა სახელს არ დავარქმევ. ეს ისეთივე ძველი პარტიული თამაშია, როგორიც ადრეც ხშირად გვინახავს.“

სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ სარჩელი იქნა შეტანილი, რომელიც დეპარტამენტს კლინტონის პირად სერვერზე შენახულ, ელექტრონული შეტყობინებების გადახედვას აიძულებს. იმ ჩანაწერებს, რომლებიც შესაძლოა საიდუმლო ინფორმაციას შეიცავენ, შემდგომი შეფასებისთვის სხვა ფედერალურ სააგენტოებს გადასცემენ.

კრიტიკოსები მას ბრალს იმაში სდებდნენ, რომ პირად ანგარიშზე საკამათო კომუნიკაციის დამალვას ცდილობდა, მათ შორის იმ შეტყობინებების დამალვას, რაც 2012 წელს, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში, ამერიკის საკონსულოზე სისხლიან ტერორისტულ თავდასხმას შეეხებოდა.

კლინტონმა თქვა, რომ ელექტრონული ფოსტის 55 ათასზე მეტი გვერდი სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა და სააგენტოს მათი გასაჯაროების უფლება მისცა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კლინტონის პირადი სერვერის უსაფრთხოების თაობაზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მთავარმა ინსპექტორმა თქვა, რომ აღმოაჩინა ოთხი ელექტრონული შეტყობინება, რომელიც გაგზავნის დროს საიდუმლო გრიფით იყო აღნიშნული, ორ მათგანს კი გრიფი, „სრულიად საიდუმლო“ ჰქონდა, რაც მთავრობის საიდუმლოების უმაღლესი დონეა.

კლინტონის კამპანიის პრეს მდივანმა, ნიკ მერილმა განაცხადა, რომ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, სამთავრობო უსაფრთხოების გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობა დადო და დამატებითი კითხვების თუ წარმოიშვება, მათზე პასუხის გაცემას აპირებს.

XS
SM
MD
LG