ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელსინკის კომისია: რუსეთისთვის სანქციების გაგრძელება ყველასთვის მომგებიანია


როჯერ უიკერი, რესპუბლიკელი სენატორი
როჯერ უიკერი, რესპუბლიკელი სენატორი

ევროპაში რუსეთის მზარდ აგრესიას დასავლეთმა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა უპასუხოს - ასეთია რუსეთის და პოსტ საბჭოთა სივრცის მკვლევარების შეფასებები. ექსპერტებმა რუსეთის სამხედრო აქტივობებზე შეერთებული შტატების სენატში, ჰელსინკის კომისიაში იმსჯელეს.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის ქვეშ რუსეთი სისტემატიურად არღვევს უსაფრთხოების იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა, ამბობენ ექსპერტები. რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე პასუხად, ექსპერტები ამერიკის მთავრობას ევროპასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხი დიპლომატიური მისიაა
სენატორი როჯერ უიკერი

“განსაკუთრებით საგანგაშოა რუსეთის მხრიდან ფარული მეთოდების გამოყენება, რასაც ჩვენ რუხი ზონების ოპერაციებს ვუწოდებთ. ეს მოიცავს სეპარატისტების მხარდაჭერას, კიბერ შეტევებს და ასევე კორუმპირებული რეჟმების შეიარაღებას. რუსეთის მიერ ამ მეთოდების გამოყენება ევროპაში იზრდება. და ეს არ ეხება მხოლოდ მის უშუალო სამეზობლოს, არამედ ვრცელდება დასავლეთ ევროპაზეც,” ამბობს მაიკლ კარპენტერი, თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე.

კარპენტერის თქმით, ევროპაში პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა, თუმცა პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა გაიგოს თუ რამდენად სერიოზულია რუსეთის მცდელობები ევროპაში: “ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს”

ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელი რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერსი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპის იმაში დარწმუნება უნდა შეძლოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნება ყველა მხარისთვის მომგებიანი ნაბიჯი იქნება.

რუსეთის შესაჩერებლად დასავლეთმა - იქნება ეს ევროკავშირი თუ შეერთებული შტატები - უფრო მეტი უნდა გააკეთოს
ჯინ შაჰინი, დემოოკრატი სენატორი

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხი დიპლომატიური მისიაა. ამერიკის მთავრობამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპელ კოლეგებს კარგად უნდა აუხსნას, რომ ამ საქმეში ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ სანქციები მომგებიანი იქნება ყველასთვის, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, ნატოსთვის და ევროპის კავშირისთვის, არამედ თავად რუსი ხალხისთვისაც. რუს ხალხს ვუსურვებ მთავრობას, რომელიც აღიარებს თავისუფლების პრინციპებს.”

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი კი ამბობს, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ აღმოსავლეთ ევროპის ნატოს არაწევრ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა.

“შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები საქართველოში, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთში. რუსეთის შესაჩერებლად დასავლეთმა - იქნება ეს ევროკავშირი თუ შეერთებული შტატები - უფრო მეტი უნდა გააკეთოს, უფრო ახლო თანამშრომლობაა საჭირო.”

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთზე და მის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე საუბარი იქნება მაისის ბოლოს ბრიუსელში, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის კავშირის და ნატოს ლიდერებს შეხვდება, თუმცა ექსპერტებს სანქციების გამკაცრების მოლოდინი არ აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG