ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისის ფონზე, აშშ მოკავშირეების მხარდაჭერას ზრდის


ჩაკ ჰეიგელი, 5 მარტი, 2014
ჩაკ ჰეიგელი, 5 მარტი, 2014

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ყირიმში მიმდინარე კრიზისის ფონზე ვაშინგტონი ააქტიურებს ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერას.

ოთხშაბათს, სენატში გამოსვლისას პენტაგონის თავკაცმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი, ამერიკის საავიაციო ქვედანაყოფის მონაწილეობით პოლონეთში ერთობლივ წვრთნებს აფართოებს, ბალტიისპირეთში კი გაზრდის ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობას ნატოს ეგიდით მიმდინარე საჰაერო პატრულირების ძალისხმევაში. ამ ფონზე, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გამოაცხადა, რომ აძლიერებს თანამშრომლობას უკრაინასთან.

ჰეიგელმა დასძინა, რომ ობამას ადმინისტრაცია აქცენტს შეინარჩუნებს კრიზისის დე-ესკალაციაზე და უკრაინის მთავრობას ეკონომიკური კუთხით აღმოუჩენს დახმარებას. ვაშინგტონი, ჰეიგელის თქმით, ამ “განმსაზვრელ დროს” გააგრძელებს რეგიონული მოკავშირეების წინაშე აღებული ვალდებულებების ხაზგასმას.

აშშ-ის მთავრობამ უკრაინის დასახმარებლად მილიარდი დოლარის ღირებულების სადამხმარებლო პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია უნდა მოახდინოს და წელს დაგეგმილი არჩევნების მომზადებაში უზრუნველყოს დახმარება.

ჰეიგელმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი, კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევის პარალელურად, “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”. ამასთან, თავდაცვის უწყების ლიდერმა დაადასტურა, რომ შეჩერდა რუსეთთან ამერიკის ყველა ტიპის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში.

ოთხშაბათს, ამერიკის ხმისთვის ჩაწერილ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა გაეროში სამანტა პაუერმა რუსეთს გაფრთხილება გაუგზავნა, რომ თუ მოსკოვი არ დაეთანხმება კრიზისის დარეგულირების მშვიდობიან ალტერნატივას ( რომელიც რუსი ჯარისკაცების სამხედრო ბაზებზე დარჩენას, მონიტორების დაშვებას და არჩევნების ჩატარებაზე თანხმობას გულისხმობს) და კრიზისის დე-ესკალაციას არ მოახდენს, ვაშინგტონი მზად იქნება საპასუხო ნაბიჯები გადადგას, გააუქმოს სავაჭრო სფეროში აღებული ვალდებულებები და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები “აგრესიის აქტებზე” პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG