ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უდაზღვევო პაციენტების ბედი


ობამას ჯანდაცვის რეფორმას ბევრი ამერიკელი იმედით შეჰყურებს

თუკი პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორმა მომდევნო წლებში ცვლილებების გარეშე განხორციელდა, ამერიკელთა ის ნაწილი, რომელსაც სამსახური აქვს, იძულებული იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძინოს. დღეს, დასაქმებულ ამერიკელთა უმრავლესობა დაზღვევას სამსახურიდან იღებს, მაგრამ ამჟამად ეს მათი არჩევანია და არა თავს მოხვეული რეალობა.

უმუშევარი მოსახლეობის ნაწილი სოციალურ ჯანდაცვას, სახელწოდებით „მედიქეიდი“ იღებს. ქვეყანაში, ასევე, მუშაობს ხანდაზმულთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც „მედიქეარი“ ქვია. თუმცა, არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც მედიქეიდისთვის „საკმარისად ღარიბი“ არ არის და მედიქეარის ასაკობრივ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს. ამ ადამიანთა რიცხვი შეერთებულ შტატებში, რომლებიც ვერცერთ პროგრმაში ვერ ხვდებიან და, შესაბამისად, არანაირი სამედიცინო დაზღვევა არ გააჩნია, 50 მილიონს აღემატება. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება უფასო კლინიკა იყოს, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა და ყველა რეგიონში არც არის.

ვაიბერ სმიტს კორპორაციული დაზღვევა 25 წლის განმავლობაში სამსახურიდან ჰქონდა. შემდეგ ის უმუშევარი დარჩა და, შესაბამისად, უდაზღვევოც. ძალიან მალე მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუმტკიცდა.

სმიტი ამბობს, რომ ადრე არც უფიქრია იმაზე, რომ ქვეყანაში ბევრი უდაზღვევოდაა, რადგან თვითონ ყოველთვის ჰქონდა სამედიცინო დაზღვევა. მაგრამ სამსახურის დაკარგვის შემდეგ უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სმიტმა ყელის კიბოს პასუხი მიიღო. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ დაზღვევის შეძენა მაინც გადაწყვიტა, რადგან მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებდა და ის ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებდა. სწორედ მაშინ იჩინა თავი მთავარმა პრობლემამ. იმის გამო, რომ სმიტს უკვე ჰქონდა კიბოს დიაგნოზი, სადაზღვევო კომპანიებმა ერთიმეორეს მიყოლებით უარი უთხრეს.

„თითქმის ყველგან მაშინათვე უარით მისტუმრებდნენ,“ - ამბობს ის. სმიტი სრულიად შემთხვევით ვირჯინიის ქალაქ არლინგტონში მდებარე უფასო კლინიკაში მოხვდა, სადაც ახლა მკურნალობის სრულ კურსს გადის. კლინიკას კერძო დონორები აფინანსებენ და ის დაახლოებით 1600 პაციენტს ემსახურება. პაციენტები აქ მართლაც შემთხვევით, ლატარიის გათამაშებით ხვდებიან.

თვეში დაახლოებით 150 განცხადება შემოდის, ჩვენ კი მათგან მხოლოდ 25-ის დაკმაყოფილებას ვახერხებთ,“ - ამბობს საავადმყოფოს დირექტორი, ჯოდი კელი და დასძენს: მთელი უბედურება ისაა, რომ დროული მკურნალობის გარეშე სანამ ჩვენამდე მოაღწევენ, უკვე მძიმედ ავად არიან.

ობამას ჯანდაცვის რეფორმას ბევრი ამერიკელი იმედით შეჰყურებს. თუმცა, ისეთიც ბევრია, ვისაც არ მოსწონს, რომ მას დაზღვევის ყიდვას კანონი დააძალებს და ამას საკუთარი თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს. კონსერვატორთა დიდი ნაწილი მას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამაში სოციალისტური სისტემის ნიშნებს ხედავს. მათ შორისაა „ჰერითიჯის ფონდის“ თანამშრომელი, ედ ჰეისელმაიერი.

„რესპუბლიკელები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, რადგან ისინი ამას პირადი თავისუფლების ხელყოფად აღიქვამენ. დემოკრატების ნაწილს კი ის იმიტომ არ მოსწონს, რომ საერთოდ სადაზღვევო კომპანიების მუშაობა არ მოსწონთ. ანუ, მათაც ეუბნებიან, რომ საქმე უნდა დაიჭირო კომპანიასთან, რომელიც არ მოგწონს,“ - ამბობს ის.

ედ ჰეისელმაიერივით ბევრ ამერიკელს მიაჩნია, რომ კაპიტალისტური სისტემის შენარჩუნებას ამერიკისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ბაზარი და მომხმარებელი უნდა განსაზღვრავდეს ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებს და არა სახელმწიფო - აცხადებენ ისინი.
XS
SM
MD
LG