ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ განვითარების გეგმას, რომელიც ერთი წლით ტელევიზიის ფაქტობრივ დახურვას გულისხმობს, საზოგადოების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს. მედიასთან დაკავშირებული პროცესები ყოველთვის მრავალმხრივ ასპექტში იშლება, რადგან ქვეყანაში, სადაც დემოკრატია ჯერ კიდევ განვითარებად ფაზაშია, მედია დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცულობის გარანტიები ჯერ კიდევ არამყარია. ამიტომაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ვნებათაღელვა, საფრთხეები, რომელთა თაობაზე ბევრს საუბრობენ, აბსოლუტურად რეალურია. ტელევიზიის, მით უმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჩერების იდეა ერთი წლით საარჩევნო წელს, ვიზალიბერალიზაციისა და საკონსტიტუციო ცვლილებების წელს არც ისე გონივრულად გამოიყურება.

დღეს პრეზიდენტი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა, რათა დეტალური ინფორმაცია მიეღო, ხოლო პრემიერმა ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს: „მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე მინდა ვთქვა, რომ დღეს ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება საინტერესო, თანამედროვე და მართლაც საზოგადოების ინტერესების გამომხატველი.ამიტომ ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს. მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას, იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გვქონდეს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილურად და შედეგად მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს“.

ეკა მიშველაძე, პრეზიდენტის პრესსპიკერი სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდგომ ამბობს: „საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან. კონკრეტულად, საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა ხდება, როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია ბორდის თავმჯდომარისგან და მისი წევრებისგან“.

ამერიკის ხმამ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა, იმ პერსპექტივების შესახებ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვას შეიძლება მოჰყვეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ნინო რობაქიძე ჩვენთან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური პროცესებიდან მაქსიმალური იზოლირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ გაექცა არჩევნების შემდეგ მთლიანად მედია სივრცეში მომხდარ გადალაგებას და მას შეეხო ეს პროცესი, რაც თავისთავად, არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ცვლილებები. მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საშუალებით მაქსიმალურად მოვახდინოთ მაუწყებლის იზოლირება პოლიტიკური ინტერესებისგან ან წნეხისგან და მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ერთის მხრივ, არ დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს და მეორეს მხრივ, დაიცავს იქ მომუშავე ჟურნალისტის თუ ტექნიკური პერსონალის უფლებას გაგრძელოს თავისი საქმიანობა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია აკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე არაერთ რეფორმას და ჩვენ ვაცნობიერებთ ცვლილებების აუცილებლობას. მაგრამ ეს ცვლილებები უნდა გამოდიოდეს საზოგადოებისა და მაუწყებლის საუკეთესო ინტერესებიდან და არა პირიქით“.

მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა თამარ კინწურაშვილმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელობდა, ამერიკის ხმასთან განაცხადა: „ერთი ხელის მოსმით იმის გადახაზვა, რაც აქამდე კეთდებოდა და იმ ადამიანების, განსაკუთრებით ჟურნალისტების თუ ტექნიკური პერსონალის, ესაა არასწორი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამოცანაა დასაქმდეს ის ხალხი, გამოუთავისუფლდეს ივანიშვილს გარკვეული ფინანსური რესურსი, რომელსაც ის ახმარდა თავის კერძო ტელევიზიას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მან ასეთი სურვილი გამოთქვა 2012 წელსაც, როდესაც განაცხადა, რომ თავის ტექნიკას გადასცემდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ხელისუფლების ერთადერთი შემაკავებელი დარჩა რუსთავი 2. საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის გულშემატკივრადაც მე ვრჩები, კვლავ უყურებენ, როგორც საკუთარი კადრების დასაქმების შესაძლებლობას. ამიტომ მოვიდა მმართველობაში სწორედ ის ხალხი, ვინც GDS–ზე მუშაობდა.“

საქართველოში უკვე ყოველდღიურად აქვს ადგილი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საპროტესტო აქციებს. დღეს, გვიან საღამოს ამგვარი საპროტესტო აქცია ტელევიზიის შენობის წინაც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვის პერსპექტივას არაგონივრულად მიიჩნევენ. მოგვიანებით მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ „აუდიტორია 115“–დან.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG