ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი ევროპაშია: მოლოდინები და რისკები ომის დროს


უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კურსის დაჩქარება განაპირობა. პრეზიდენტი ბაიდენი ევროპაში ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე დაესწრება ევროკავშირის და "დიდი შვიდეულის" შეხვედრებს. შეერთებული შტატების „გერმანიის მარშალის ფონდმა“ პრეზიდენტ ბაიდენის ევროპაში ვიზიტის წინ ჩაატარა ინტერნეტ დისკუსია, რომელიც ამ ვიზიტის მოლოდინებს და განსხვავებულ პერსპექტივებს მიეძღვნა.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ ვარშავის ოფისის დირექტორმა მიხალ ბარანოვსკიმ თქვა, რომ პირველი რიგის საკითხი უკრაინისთვის შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდების დაჩქარება იქნება, რადგან ახლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის ნამდვილი ფრონტის ხაზი სწორედ იქ არის და ახლა ეს არა მეტაფორული დაპირისპირებაა, როგორც წარსულში იყო, არამედ ნამდვილი ომია. ამასთანავე გვერდზე უნდა გადაიდოს „თავდაცვითი“ და „საიერიშო“ იარაღის განსაზღვრებები, რადგან უკრაინის შემთხვევაში ეს მხოლოდ თავდაცვაა.

ბარანოვსკიმ აღნიშნა, რომ დღის წესრიგში უნდა დადგეს ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე ანტი-სარაკეტო დაცვის გაძლიერება, რადგან რუსეთის მხრიდან ნატოს ტერიტორიაზე უნებლიე ან განზრახ სარაკეტო დარტყმას ვითარების მკვეთრი ესკალაცია შეეძლება.მან იქვე აღნიშნა, რომ კონფრონტაციას სავარაუდოდ ხანგრძლივი ხასიათი ხასიათი ექნება და ნატოს მთელი აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება მოუწევს, რაც უკვე დაწყებულია.

პარიზის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრა დე ჰუფ შეფერმა თქვა, რომ მიმდინარე ვითარებამ ევროპელების გამოღვიძება გამოიწვია და რუსულ საფრთხეს უკვე სხვაგვარად ხედავენ. საფრანგეთი ამ საფრთხეს სათანადოდ არ აფასებდა, გერმანიას ყურადღება საკუთარ ეკონომიკაზე და რუსეთთან ენერგეტიკაში თანამშრომლობაზე ჰქონდა გადართული. ამჟამად რუსეთის დამსჯელი სანქციების კუთხით ევროპამ თავისი შესაძლებლობები თითქმის ამოწურა და ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც რუსეთისთვის ნამდვილად მტკივნეული იქნება, როგორიცაა რუსული ნავთობის და გაზის იმპორტის შეზღუდვა, გერმანია და სხვა ქვეყნებიც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ.

ალექსანდრა დე ჰუფ შეფერის აზრით, უკრაინისთვის სამხედრო და არა მხოლოდ დახმარების გაწევა ახლავე, გადაუდებლად უნდა მოხდეს და დასავლური საზოგადოება ნატოს სამიტისგან მოელის, რომ ნატოს გენერალური მდივანი, პრეზიდენტი ბაიდენი და სხვა ევროპელი ლიდერები იტყვიან თუ რის გაკეთებას აპირებენ და შეწყვეტენ იმაზე ლაპარაკს, თუ რის გაკეთება არ სურთ. ეს ალიანსის სტრატეგიულ კომუნიკაციაში უკვე უზარმაზარი ცვლილება იქნება და შესაძლოა მას ბევრად უფრო დიდი შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს მთელი ყურადღება მხოლოდ უკრაინაზე არ უნდა შეჩერდეს და მთელი რეგიონის ვითარებას, ისევე როგორც რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის გაღრმავებას უნდა დააკვირდეს.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარმა სტივენ კაილმა აღნიშნა, რომ მომავალი ვიზიტის მთავარი ელემენტი პოლიტიკური იქნება. მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის აგრესიაზე რეაგირების საქმეში ინიციატივა ევროპას შეგნებულად დაუთმო და ეს ვიზიტი იმის მაჩვენებელი იქნება, რომ შეერთებული შტატები ევროპაში თავისი პოლიტიკური ვალდებულებების ერთგული რჩება.

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოება ლიდერებისგან მოელის გადაწყვიტოს როგორც ახლო პერსპექტივის, ასევე შორი პერსპექტივის საკითხები. ახლანდელი სამიტი განსაკუთრებულია იმით, რომ ომის პირობებში ტარდება და უკრაინის დაუყოვნებლად დახმარების საკითხი წინა პლანზე დგას, თუმცა დღის წესრიგში ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერება დადგება.

პრეზიდენტ ბაიდენისგან მოელიან, რომ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის სავარაუდო ხანგრძლივი კონფრონტაციის გათვალისწინებით, ის მოახერხებს დასავლეთის დემოკრატიების კონსოლიდაციას და უკრაინისთვის უფრო ნათელი მომავლის იმედს შექმნის.

XS
SM
MD
LG