ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი მშვიდობისა, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური უნივერსიტეტის თავმჯდომარე გია ნოდია ნიუ-იორკში კოლუმბიის, ჰარიმანის ინსტიტუტში მოხსენებით გამოვიდა - “ ქართული პოლიტიკის პარადოქსალური სტაბილურობა”. შეხვედრას ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ქული წარუძღვა. ქართული პოლიტიკის რეალობა და წრე, რომელშიც ბოლო 25 წელია ქვეყანა ტრიალებს, ახალი რეალობა ტრამპი-პუტინი- საქართველო ამ საკითხებზე ქართველ და ამერიკელ პოლიტოლოგებს თეა თუაშვილი გაესაუბრა.

ძლიერი ხელისუფალი- სუსტი ოპოზიცია, ხალხი რომელიც ხმათა დიდი უმრავლესობით ირჩევს მმართველ ძალას , ხოლო მმართველობიდან მოკლე ხანში საკუთარი არჩევანით უკმაყოფილოა და რევოლუციური ცვლილებებისთვისაც მზად არის. ასეთი პოლიტიკური ვითარება წრეზე უკვე 25 წელია ტრიალებს.

გია ნოდია: ყოველი ახალი ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ ახალი ერა იწყება და აქამდე თუ ავტორიტარიზმი იყო, ახლა დემოკრატია იქნება და ყველაფერი შეიცვლება. ამ დროს ბევრი არაფერი იცვლება. იმ თვალსაზრისით, რომ ერთის მხრივ პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკურიი რეჟიმის არსი რჩება ერთიდაიგივე . არის დემოკრატიის ნიშნებიც, მაგრამ ასევე არის ავტორიტარიზმის ნიშნებიც, რაც გამოხატება ერთი პარტიის, სინამდვილეში კი ერთი პიროვნების სრულ დომინირებაში. პოზიტიურობის მხრივ, სტაბილურობას განაპირობებს ჩვენი პროდასავლური ხედვა, პროდასავლური პოლიტიკა, რომელიც ასევე თითქოს მიუხედავად იმისა რომ ყველაფერში თითქოს არ ეთანხმებიან ერთმანეთს პოლიტიკოსები აი ამ ნაწილში ძირითადად აგრძელებენ ერთიდაიმავე ხაზს.

გია ნოდიას აზრით, ქართული ოპოზიცია ამჟამად ისევ სუსტია, რაც ამ 25-წლიან ციკლში ტიპიური მდგომარეობაა.

გია ნოდია: რეალურად წინააღმდეგობას ვერ უწევს ხელისუფლებას, მაგრამ მერე როდესაც კრიტიკული მომენტი დგება ოპოზიცია ძლიერდება. არ ვიცით გაძლიერდება თუ არა ისევ. ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ციკლს გადის. გიგი უგულავას გამოსვლამ შეიძლება ცოტა გააძლიეროს ოპოზიცია, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ისევ სუსტია.

იქნება თუ არა ქვეყნის პროდასავლური კურსი, დემოკრატია და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა კვლავაც მხარდაჭერილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ქული ამ თემაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ალექსანდრ ქული: მე ისევ ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ იქნება ფორმულირებული აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, აზიის მიმართ. იქნება ეს ტრადიციული მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანებისადმი, დემოკრატიული პროცესებისადმი, თუ იქნება კონსოლიდირებული მიდგომა რუსეთის როლის მიმართ პოსტ საბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროს კუთხით. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით რა იქნება მომავალში. შეიძლება ითქვას რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

გია ნოდია: ტრამპი მთელი მსფლიოსთვის იდუმალებით მოსილი ფიგურაა იმ თვალსაზრისით რომ კი ბევრს ლაპარაკობს ათას რამეზე მაგრამ რას გააკეთებს ზუსტად უჭირთ ადამიანებს ამის თქმა. თუმცა ტენდენცია ძალიან განსხვავებულია ტრამპი ობამასგან ამერიკლების თვალში, მაგრამ ჩვენი თვალით რომ შევხედოთ, ობამას დიდად არ ედარდებოდა ჩვენი რეგიონი და არც ტრამპს ეტყობა ანაღვლებდეს და უფრო რუსეთთან ერთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ობამამაც ასე დაიწყო თუმცა საბოლოოდ რა გამოვა მერე ვნახავთ.

ალექსანდრ ქული ამბობს, რომ სავარაუდოდ მსოფლიოს ლიდერებიდან ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი პირველად სწორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდება. მისი თქმით მათ შორის პიროვნული სიმპათიები არსებობს, თუმცა საინტერესო იქნება რამდენად მოხდება მათი ინტერესთა თანხვედრა სადავო საკითხებზე. პირველი მათ შორის ყირიმის ანექსიაა. ალექსანდრ ქული აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო პოზიტიური დამოკიდებულება ძალიან მალე ნეგატიური გახდეს.

XS
SM
MD
LG