ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპს შეხვდა


შეხვედრა თეთრ სახლში, 8 მაისი, 2017
შეხვედრა თეთრ სახლში, 8 მაისი, 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილი შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სწორედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარების თანახმად, საქართველოს პრემიერმა ამერიკის პრეზიდენტისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო.

„ჩვენ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან საკმაოდ ხანგძლივი შეხვედრა გვქონდა. გარკვეულწილად, ჩვენ შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები და მომავალ 25 წელზე ვისაუბრეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან მყარი გარანტიები მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა და საუბარი გვქონდა ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით.

ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთოებები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა ამერიკისგან, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც შემდგომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით გაგრძელდა.

პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ საკმაოდ მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს მნიშვნელოვან მხარდაჭეარს და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG