ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორმაგი ვეტო


ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენების შესახებ კანონი კვლავ სადავოდ რჩება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა მიმდინარე წლის 31 მარტამდე კანონის მიღება უნდა უზრუნველყოს, თუმცა არსებულ რედაქციას ყველა კანონმდებელი არ ეთანხმება. პრეზიდენტი კი კვლავ ვეტოს უფლებას იყენებს, რადგან მიაჩნია, რომ ახალი ვარიანტი ძველზე, რომელსაც ვეტო ერთხელ უკვე დაადო, ბევრად უკეთესი არაა. ამ კანონისთვის ეს უკვე მეორე ვეტოა. პირველი ვეტო პარლამენტმა 2014 წელს დაიძლია, მაგრამ შემდგომში საკონსტიტუტციო სასამართლომ კანონის მოქმედება შეაჩერა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამწლიანი მუშაობის შემდგომაც კანონი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

სპეციალურ ბრიგინგზე დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ვეტო დაძლევადია და ეს ფაქტორი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მაინც ხედავს ვეტოს მნიშვნელობას ამ კონტექსტში. მისი გამოყენება ესაა მოწოდების ფორმა შეიქმნას უკეთესი კანონები. „მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს.
პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად ძირითადად გამოიკვეთა ორი ხარვეზი: პირველი სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მეორე, ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.“

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნების წარმომადგენელი აცხადებს: „მოვახერხეთ და შევძელით, საბოლოო ჯამში, მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო, მაღალი ლეგიტიმაციის ხელმძღვანელით, ათასგვარი გადაზღვევის მექანიზმით, რომელსაც აღარ მოვყვები ახლა, რადგან საზოგადოებამ ეს ისედაც კარგად იცის, რადგან ბევრი მოისმინა ამის შესახებ, რომელიც ჩაატარებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და ეს ლეგიტიმაციის ხარისხი უზრუნველყოფდა, თანაბრად, უსაფრთხოების გამოწვევებზე სწორ და ადექვატურ პასუხებს. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ უფლებას, ეს საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენოს და ჩვენი მოსახლეობის ამგვარი ინტერესი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დადგეს, არანაირი რისკი აქ არ არის დასაშვები და ვერ დავუშვებთ. სხვათა შორის ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც კი არ არის ისეთი მექანიზმი, რომელიც ამგვარად დაიცავს ადამიანის უფლებებს. ამას პლუს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით მყარი ბერკეტები ამ კანონ–პროქტის მიხედვით, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს“.

პრეზიდენტმა, რომელიც 2012 წელს მმართველმა გუნდმა საკუთარი წიაღიდან წარადგინა და რომელზეც ქართული ოცნება მოკავშირეობის იმედს ამყარებდა, განსხვავებული მიდგომები გამოავლინა მთელი რიგი საკითხების მიმართ. პრეზიდენტი, რომელიც შეზღუდული უფლებამოსილებების ფარგლებში არ უნდა ყოფილიყო “ფიგურა“, ის იქცა ფიგურად, იქცა მოთამაშედ. ეს ფაქტორი კი იმდენად გამაღიზიანებელია მმართველი გუნდისთვის, რომ ისედაც შეზღუდული უფლებამოსილებების პრეზიდენტისთვის უფლებების კიდევ უფრო შეკვეცაზე ფიქრობს. პრეზიდენტის აქტიურობითა და ხასიათის გამოვლენით მივიღეთ თუ არა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის ახლებური ფორმა, ამის შესახებ ჩვენთან ვახუშტი მენაბდემ, კონსიტუტციური სამართლის სპეციალისტმა ისაუბრა: „ის მომენტი, რომ პრეზიდენტი თავს არ უქნევს ყველაფერზე და არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობას, ეს, ცხადია პოზიტიურია. თუმცა ზოგიერთი მისი ნაბიჯი ჩემთვის არის მიუღებელი და მე არ ვფიქრობ, რომ ის არის სწორი. თუმცა თუ შევადარებთ პრეზიდენტისა და უმრავლესობის ნაბიჯების არასწორობას, ცხადია, „აქეთ“ უფრო მეტი დარჩება“.

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მხარდაჭერას აპირებს. უფრო მეტიც, შესაძლოა კანონი კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში დააბრუნონ ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წაიღონ.

XS
SM
MD
LG