ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიიდან მოსული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჰამასა და რაქას პროვინციების საზღვარზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების ინტენსიური დაბომბვის დროს, საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა.

ბორჩაშვილი დუმასტურიდან იყო, პანკისის ხეობის ეს სოფელი ახმეტიდან 24 კილომეტრში მდებარეობს და ზემო ხალაწნის თემში შედის. აქ ძირითადად ეთნიკური ოსები და ქისტები ცხოვრობენ.

2015 წლის აგვისტომდე, სანამ თურქეთის გავლით სირიაში წავიდოდა, ასლამბეგ ბორჩაშვილი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობას ეუფლებოდა.

ასლამბეგ ბორჩაშვილი ჯერ თურქეთში გაემგზავრა, შემდეგ კი სირიის ტერიტორიაზე გადავიდა. ერთი თვით ადრე ეს გზა ასლამბეგის ბიძაშვილმა, ასევე დუმასტურის მკვიდრმა ამირან (ამრან) ბორჩაშვილმა გაიარა, რომელიც თელავის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის პირველკურსელი იყო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი მაგდა დავითაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ასლამბეგ ბორჩაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ფინანსური დავალიანების გადავადება სთხოვა და შემდეგ აღარ გამოჩენილა:

„ასლამბეგი ნორმალური, საშუალო დონის სტუდენტი იყო. ძალიან წესიერი, მუდმივად დადიოდა და ესწრებოდა ლექციებს. დროულად ითვისებდა ყველა სასწავლო კურსს, სწავლის პერიოდში აქვს აღებული კრედიტებიც. სხვათა შორის გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით და მეგობრებთანაც ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა.

"2015 წელს, მეორე სემესტრშიც დადიოდა, ფინანსური დავალიანების გადავადება ითხოვა, განცხადებაც დაწერა, მაგრამ გამოცდებზე ივნისის თვეში უკვე აღარ გამოცხადდა"

პირველი და მეორე კურსი სრულად აქვს დახურული, და მესამე კურსის პირველი სემესტრიც. 2015 წელს, მეორე სემესტრშიც დადიოდა, ფინანსური დავალიანების გადავადება ითხოვა, განცხადებაც დაწერა, მაგრამ გამოცდებზე ივნისის თვეში უკვე აღარ გამოცხადდა. მანამდე ყველა საგანი აქვს ათვისებული.“

ასლამბეგ და ამირან ბორჩაშვილები სირიაში მაშინ გადავიდნენ, როცა საქართველოს ანტიტერორისტულ სააგენტოს უკვე დაკავებული ჰყავდა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, „ისლამური სახელმწიფოს“ „პანკისის ჯამაათის“ ლიდერი აიუფ ბორჩაშვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლო წლებში „პანკისის ჯამაათის იმამი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ახალგაზრდებისგან ფიცს ანუ „ბაიათს“ იღებდა და შემდეგ მათ სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციებში აგზავნიდა. 2016 წლის მარტში, აიუფ ბორჩაშვილს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამირან ბორჩაშვილი (მარცხნივ)

ამირან ბორჩაშვილი (მარცხნივ)

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნინო კოჭლოშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ გაოგნებული დარჩა როცა შეიტყო, რომ მისი სტუდენტი ამირან ბორჩაშვილი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის. დეკანი დარწმუნებული იყო, რომ ამირანი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

„ამირანი ჩაირიცხა 2014 წელს, პირველი კურსი სრულად დახურა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური და კარგი ქცევით გამოირჩეოდა. ესწრებოდა ლექციებს, შემდეგ უკვე, 2015/16 სასწავლო წლიდან აღარ გამოჩენილა და აკადემიური დავალიანების საფუძველზე მას სტატუსი შეუჩერდა. უფასო სექტორზე სწავლობდა.

"აბსოლუტური მოულოდნელობა იყო ცნობა, რომ ამირანი სირიაშია. მისი არყოფნის პერიოდში, რამდენიმე მის მეგობარს ვკითხე, რომლებიც ასევე პანკისიდან დადიან და მითხრეს, რომ თურქეთში სამუშაოდ არის წასულიო"

ექსკურსიაზეც მყავდა ეს ბავშვი და არაფერი ასეთი არ შეიმჩნეოდა. აბსოლუტური მოულოდნელობა იყო გუშინ გავრცელებული ცნობა, რომ ის სირიაშია. მისი არყოფნის პერიოდში, რამდენიმე მის მეგობარს ვკითხე, რომლებიც ასევე პანკისიდან დადიან და მითხრეს, რომ თურქეთში სამუშაოდ არის წასული, გვაქვს კონტაქტი და აუცილებლად უნდა ჩამოვიდესო.“

ბოლო სამი წლის მანძილზე, სირიაში საქართველოს 20 მოქალაქე დაიღუპა, მათგან 17 პანკისი ხეობის ქისტები იყვნენ, დანარჩენი სამი კი გურიის, აჭარისა და კახეთის მუსლიმ თემს წარმოადგენდა.

პირველი სირიაში, 2012 წელს, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის შვილი რუსტამ გელაევი დაიღუპა. რუსტამს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. მისი ცხედარი გადმოასვენეს და პანკისის ხეობაში დაკრძალეს.

2013 წელს - სირიაში 3 საქართველოს მოქალაქე მოკლეს, 2014-ში - 6, 2015 წელს - 4 და მიმდინარე, 2016 წლის პირველ ექვს თვეში უკვე - 6.

P.S დღეს ცნობილი გახდა, რომ სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, სოფელ დუისის მკვიდრი უმარ მარგოშვილი, იგივე "აბუ-ალი პანკისი", მას 10 შვილი დარჩა.

უმარ მარგოშვილი

უმარ მარგოშვილი

„ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2016)

  • 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
  • 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
  • 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
  • 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
  • 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
  • 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
  • 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
  • 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
  • 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
  • 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)
  • 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
  • 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
  • 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
  • 28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015)
  • 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
  • 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
  • 22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016)
  • 38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016)
  • 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი(ივნისი 2016)
  • 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG