ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩეულები პოლიტიკური ხარაკირისა და პოლიტიკური რეინკარნაციის პირობებში


ლაგოდეხი, 8 ოქტომბერი; "რადიო თავისუფლების" ფოტო.

ლაგოდეხი, 8 ოქტომბერი; "რადიო თავისუფლების" ფოტო.

არჩევნები 2016 დასრულდა. ზოგადი სურათი დაიდო, თუმცა წინ მეორე ტურის პერიოდი და რამდენიმე დასაზუსტებელი მონაცემია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 34 მაჟორიტარის საპარლამენტო სავარძლის საკითხი ხელახალი არჩევნებით გადაწყდება. მანამდე კი ამერიკის ხმა შეეცდება ეგრეთ წოდებული ზუმი მაქსიმალურად დააშოროს და მიღებული შედეგები რაციონალური მიზეზების თანმიმდევრობის ჭრილში შემოგთავაზოთ.

2016 წლის 8 ოქტომბრისთვის პოლიტიკური ვითარება საქართველოში ისე გადანაწილდა, რომ ძალები, ვისაც მანამდე რეიტინგები წარმატებას უქადდა, საერთოდ პარლამენტს გარეთ აღმოჩნდნენ. ერთი შეხედვით, ეს სუბიექტურმა ფაქტორებმა განაპირობეს, ვგულისხმობთ პარტიის შიგნით არსებულ ვითარებას. ერთიან ფონზე, კი ამ ცვლილებამ პოლიტიკური თანაფარდობის მნიშვნელოვანი რყევა და პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიზაციის განვითარებისთვის არც თუ სახარბიელო შედეგი განაპირობა.

ამ დროისთვის პარლამენტის სავარაუდო კონფიგურაცია ასეთია: დეპუტატების მანდატებს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა იყოფს. მესამე ძალა, რომელსაც არჩევნების დღის ბოლოს, წინასწარი მონაცემებით ბარიერი გადალახული ჰქონდა, ეს იყო ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“. ახლა კი მათ მაჩვენებელი 5 პროცენტიან ბარიერს 0,01 პროცენტით ჩამორჩება. ვითარება ნამდვილად უჩვეულოა, რადგან არსებობს იმის მოლოდინი, რომ ეს 0.01 მეასედი პროცენტი ალიანსმა ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოს ან დაკარგოს. ზღვარზე დგას ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებიც“, რომელსაც ამ დროისთვის 4.59 პროცენტი აქვს მოპოვებული.

ობიექტურობისთვის, უნდა ითქვას, რომ ამომრჩეველთა ხმების დაქსაქსულობის საქმეში ყველაზე დიდი წვლილი ბურჭულაძის „სახელმწიფომ ხალხისთვის“ შეიტანა, რომელიც პოლიტიკურ სარბიელზე ერთ ღამეში აღმოცენდა, განვითარების პიკს ელვის უსწრაფესად მიაღწია, როგორც კონკურენტუნარიანმა პოლიტიკურმა ძალამ და კიდევ უფრო მოულოდნელად, არჩევნების წინ, ამომრჩევლის თვალწინ ხარაკირი ჩაიტარა.

პოლიტიკური განაცხადი პაატა ბურჭულაძემ არჩევნებამდე ხუთიოდე თვით ადრე მაისში გააკეთა. თუმცა მანამდე, მის მიერ ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ორგანიზაცია საზოგადოებისთვის უკვე ტოვებდა შთაბეჭდილებას და აჩენდა მოლოდინს პოლიტიკურ მოთამაშედ ქცევის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მსოფლიო ბანი ყოველთვის ამბობდა, მე პოლიტიკაში არაფერი მესაქმებაო. ბურჭულაძის, ჯერ კიდევ არაპოლიტიკური ორგანიზაცია, 2016 წლის მაისამდე ჩატარებული კვლევებით, ძალიან ბევრ გამოცდილ პოლიტიკურ ორგანიზაცაზე უკეთეს რეიტინგს აჩვენებდა. როგორც საზოგადოების მახვილი თვალი წინასწარ ამჩნევდა, ბურჭულაძის ორგანიზაციამ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა. არჩევნების წინ, ორგანიზაციამ ალიანსის სახე მიიღო. მასში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ფიგურები აღმოჩნდნენ ახალადშექმნილი და ძველი პარტიებით. „გირჩით“, ვაშაძის „ახალი საქართველოთი“ და „ახალი მემარჯვენეებით“ გაძლიერებულმა „სახელმწიფომ ხალხისთვის“ არჩევნებამდეც ვერ შეძლო ამ ფორმით მიეღწია. მან ისევე სწრაფად დაიწყო დაშლა, როგორც გაერთიანება და ამ პროცესში საკუთარი წევრების განაწყენება და მათი განდგომაც მოასწრო. ამდენად, ორგანიზაციამ, რომელსაც არჩევნებამდე 5 თვით ადრე, მნიშვნელოვანი რეიტინგი ჰქონდა, მოგვიანებით, არჩევნებამდე თვენახევრით ადრე კი მას მესამე ძალად მოიზრებდნენ პარლამენტში, უბრალოდ, თვითგანადგურების ღილაკს ხელი დააჭირა და თავი აიფეთქა. შესაბამისად, დაიქსაქსა ბურჭულაძის ორგანიზაციის მიმართ სიმპათიებით განწყობილი ამომრჩევლების ხმები და ამ ყველაფერმა პოლიტიკური ვითარება გაღუნული სარკის პრინციპით სპონტანურად შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ შედეგი, რაც დღეს საპარლამენტო არჩევნებიდან გვაქვს, განაპირობა პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფომ ხალხისთვის“ – ჯერ შექმნის მოლოდინმა, შემდეგ შექმნამ, ბოლოს კი განადგურებამ. ასე რომ არა პოლიტიკოსმა, არამედ მომღერალმა, პოლიტიკური გამოცდილების არ ქონის მიუხედავად, მაინც შეძლო და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.

ახლა არც ბურჭულაძის ორგანიზაციიდან იქნება პარლამენტში ვინმე, არც „გირჩიდან“, არც ვაშაძის „ახალი საქართველოდან“, არც „ახალი მემარჯვენეებიდან“. სამაგიეროდ მკვეთრად მემარცხენე და პრორუსული ძალა, რომელსაც დიდი ხნის წინ მივიწყებული და ახლა რეაბილიტირებული კომუნისტური ძალები უჭერენ მხარს, შესაძლოა პარლამენტში ვიხილოთ. ხოლო თუ მათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა პარლამენტში აქტიურად დაიწყეს, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე „ქართული ოცნების“ პროდასავლურობის ასე ტანჯვა–წამებით ნაგები იმიჯიც შეიძლება გაიფანტოს, რაც ქვეყანას არც თუ სახარბიელო პოზიციაში ჩააყენებს. თუმცა ამგვარ პესიმისტურ ვერსიაზე საუბარი, შესაძლოა ნაადრევიც იყოს, რადგან ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში მოხვედრას ჯერ კიდევ აშორებს ხმათა ერთი მეასედი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსის“ გარეშე პარლამენტი ორპარტიული იქნება, სადაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობაც მიიღოს.

თუმცა არსებობს ერთი, შედარებით ოპტიმისტური სცენარიც: შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ხმების 100 პროცენტი იქნება დათვლილი, ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დაძლიონ 0,41 პროცენტიანი წინაღობა და პარლამენტში ეს ღიად პროდასავლური ოპოზიციური ძალაც ვიხილოთ, რომელიც ძალიან ახლოსაა ბარიერის გადალახვასთან. ასეთ შემთხვევაში პარლამენტში ღიად მემარცხენე ძალასთან ერთად, კიდევ ერთი ოპოზიციური, პროდასავლური პარტიაც იქნება, რაც პოლიტიკური პლურალიზმის საკითხს მეტ–ნაკლებად გააჯანსაღებდა.

პარლამენტს მიღმა აღმოჩნდა რესპუბლიკური პარტიაც, რომლის წევრებიც კოალიციის პირობებში მინისტრების პოსტებს და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდნენ. როგორ ისინი დღეს ხუმრობდნენ, „განთავისუფლდნენ“. ეს სიტყვა მათ საარჩევნო მესიჯში ფიგურირებდა. სოციალურ ქსელებში მრავლადაა გამოთქმული სინანული იმის შესახებ, რომ მათი მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება ამჯერად აუთვისებელ რესურსად რჩება ქვეყნისთვის.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ამომრჩეველმა მომავალი არჩევნებისთვის უნდა განივითაროს, ალბათ უფრო მეტად კრიტიკული დამოკიდებულების უნარებია. ასეთის არსებობის შემთხვევაში პოლიტიკური ძალები თუ ალიანსები საპნის ბუშტების მსგავსი სატყუარებით საზოგადოების მანიპულირებას ვეღარ შეძლებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG