ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველა გზა ნატოსკენ მიდის


ვაშინგტონში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას მასპინძლობდნენ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. გამომსვლელებმა ორ ქვეყანას შორის ამ ხნის მანძილზე ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპის კავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს.

„აქ არამარტო ქართული დემოკრატიის 25 წლის აღსანიშნავად მოვედი, არამედ ჩვენს ქართველ მეგობრებს მინდა ისიც ვაგრძნობინო, რომ შეერთებული შტატები თქვენს მხარესაა, თქვენით აღფრთოვანებულია და თქვენს გვერდით დგას... ნატომ შეცდომა დაუშვა, როცა საქართველო და უკრაინა არ მიიღო. მაგრამ ვფიქრობ, სამომავლოდ საქართველო ნატოს და ევროპის კავშირის წევრობის რეალური კანდიდატია. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიომ შეიტყოს, რომ ჩვენ საქართველოს ვუჭერთ მხარს“ - უთხრა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა "ამერიკის ხმას". ის წამყვანი დემოკრატი კანონმდებელია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

ყველა გზა ნატოსკენ მიდის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:30 0:00

წვეულებაზე ასობით საქართველოს მეგობარმა მოიყარა თავი. აქ იყვნენ ამერიკელი პოლიტიკოსები, კანონმდებლები, თავდაცვის, ჯანდაცვის, ვაჭრობის, საგარეო ურთიერთობების და სხვა დეპარტამენტების ოფიციალური პირები, პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები, თუ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე გაკეთებულ მიმართვაში სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მოადგილემ ტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. „ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გზაზე უახლოესი მეგობრები და უმტკიცესი პარტნიორები არიან... სულმოუთქმელად ველით იმ დღეს, როცა საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გაერთიანდება, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ და მეტი არავინ. წერტილი. ჩვენ ბუქარესტის დაპირების ერთგული ვრჩებით: საქართველო ნატოს წევრი გახდება!“ - განაცხადა მან.

დასასრულს ბლინკენმა საქართველოში წელს დაგეგმილ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინზეც ისაუბრა: „მსოფლიო თვალს გადევნებთ. ვიცით, რომ საქართველო მოწოდების სიმაღლეზე იდგება".

საქართველოს საელჩოს საზეიმო მიღებაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს მთავრობის სახელით ღირსების ორდენები გადაეცა პოლკოვნიკ ტრეისი რუს, კონგრესმენ ტედ პოს, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს ბრიუს ენდრიუსს და ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს ენტონი ფაუჩის. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში C ჰეპატიტის ილიმინაციის პროგრამის ინიცირებაში და შემდეგ მის წარმატებით ამოქმედებაში.

„პენტაგონში საქართველოს საგარეო პოლიტიკის და თავდაცვის პოლიტიკის კანონმდებლობაზე ვმუშაობდი. წარმოუდგენლად დიდი პატივი იყო ჩემთვის... ძალიან ამაღელვებელია ეს ჯილდო, უფრო ამაყი ვერაფრით ვიქნები, უდიდესი პატივია! ქართველ ჯარისკაცებთან სამსახური და მათთან ერთად ნებისმიერ სიტუაციაში ყოფნაც უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ვამაყობ, ბევრი გაგებით ვამაყობ. თან ჯილდო თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადმომცა“ - უთხრა "ამერიკის ხმას" პოლკოვნიკმა ტრეისი რუმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმაც ჩვენთან საუბარში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ვარშავაში დაგეგმილი ნატოს მორიგი სამიტის მოლოდინიც ახსენა: „ამ მხარდაჭერის და თანამშრომლობის გარეშე, რომელიც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს, რაიმე განსაკუთრებულ, დიდ, პოზიტიურ გარღვევაზე ვარშავაში საერთოდ საუბარი არ იქნებოდა. დღეს მე ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომ თავდაცვისუნარიანობის ზრდის ნაწილში ჩვენ სერიოზულ, ძალიან სერიოზულ გარღვევას ველოდებით“.

ყველა გზა ვარშავის ნატოს სამიტამდე მიდის. როგორც მოსალოდნელი იყო, საზეიმო წვეულებაზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე დაწინაურების მოლოდინი როგორც ოფიციალური პირების გამოსვლებში, ისე კერძო საუბრებშიც დომინირებდა.

XS
SM
MD
LG