ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ტრეფიკინგის დანიშნულების ქვეყანა გახდა


შუა აზიელი სექს-მუშაკები სოფელ გონიოს ქუჩებში
შუა აზიელი სექს-მუშაკები სოფელ გონიოს ქუჩებში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, საქართველო სექსუალური ექსპლოატაციისა და იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტისა და დანიშნილების ქვეყნად არის მოხსენიებული.

„ქალები და გოგონები საქართველოდან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ქვეყნის შიგნით და ასევე თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში“ - წერია ანგარიშში, რომელიც 2011 წლის პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ქალებზე „უზბეკეთიდან და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც“, რომლებსაც საქართველოში კომერციულ სექსის ინდუსტრიაში იძულებით პროსტიტუციაში აბამენ.

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ - გონიო-კვარიათის უბნის, მოსახლეობამ ამ დღეებში რამდენჯერმე მოაწყო მიტინგი და მიმართა პოლიციას აელაგმა სულ უფრო მზარდი პროსტიტუცია. შავიზღვისპირა კურორტის მხოლოდ ამ მონაკვეთზე სექს ინდუსტრიაში შუა აზიიდან ჩამოყვანილი 5 ათასამდე ქალია ჩაბმული.

ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზი ვასილ ბერიძე და გონიოს მკვიდრი ლაშა დიასამიძე კერძოდ ამბობენ:

დეკანოზი ვასილი: „თუ ხელისუფლებასთან არ არის შეთანხმებული მოქალაქე ქვეყანაში ელემენტარულად ვერაფერს ვერ გახსნის ხო ასეა?! და ასეთი სახლების გახსნა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მოსახლეობა ითხოვს მათ დახურვას ნამდვილად“

ლაშა დიასამიძე: „ვთხოვთ სააკაშვილს და მერაბიშვილს რომ მისცენ გონიოს პოლიციას ბრძანება რომ ეს ბორდელები დაკეტონ!“

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ბოლო რვა წლის მანძილზე სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშებში, საქართველო მოხსენიებული იყო მხოლოდ როგორც ადამიანთა ტრეფიკინგის წყარო და სატრანზიტო ქვეყანა.

2010 წლის ანგარიშში, საქართველოსთან მიმართებაში, პირველად გამოჩნდა შეფასება „დანიშნულების ქვეყანა, თუმცა უფრო ნაკლები ხარისხით“. 2011 წლის ანგარიშში კი საქართველო არის ტრეფიკინგის „წყაროც, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანაც“.

საქართველოს სექს-ინდუსტრიაში, სადაც აქამდე ძირითადად სლავური ქვეყნების მოქალაქეები დომინირებდნენ, დღეს უპირატესობას შუა აზიის ქვეყნების ქალბატონებს ანიჭებენ. ასეთია თურქეთის მოქალაქეების მოთხოვნა, რომლებიც ქართული სექს-ინდუსტრიის ძირითადი კლიენტია.

ბათუმში მცხოვრები ყირგიზეთის მოქალაქეები შაჰნოზა სატიბოლდაევა და დელდორა თეშებაევა საქართველოში დასაქმების მიზნით მოტყუებით ჩამოიყვანეს პასპორტები წაართვეს და აჭარაში პროსტიტუციაში ჩააბეს. ყირგიზმა გოგონებმა საკუთარი ისტორიები საგამოძიებო სტუადია GNS-ს მოუყვნენ, ტრეფიკინგის ამ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა":

შაჰნოზა სატიბოლდაევა: „ჩამოსვლის მერე მითხრეს, რომ იმუშავებ როგორც ჩვენ გეტყვითო. უკან ვეღარ წახვალო. არც პასპორტი მქონდა არც ბილეთის ფული და იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავო. კლიენტები ძირითადად თურქები იყვნენ.“

დელდორა თეშებაევა: „უზბეკეთიდან ბევრნი არიან, ყირგიზები უკვე ნაკლებად. ბევრი გათხოვდა, თუმცა ყირგიზეთიდანაც არიან და მუშაობენ. გონიო სავსეა უზბეკი გოგონებით.“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ასეთი შეფასებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი:

თინა ბურჯალიანი: „საქართველო საბედნიეროდ ბოლო 5 წელია და წელსაც კვლავ არის ე.წ პირველი კალათის ქვეყნების რიცხვში, რაც გულისხმობს რომ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკური თვალსაზრისით არის ეფექტური.“

მთავრობა კმაყოფილია იმით, რომ ბოლო წლებია საქართველო ანგარიშში ე.წ პირველ ჯგუფში ხდება, ანუ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს რომ ტრეფიკინგის პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

XS
SM
MD
LG