ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ყოველწლიური მოხსენება


გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წევრებს და მიწვეულ სტუმრებს უკრაინაში დაღუპული ადამიანებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება სთხოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პირველი ყოველწლიური მოხსენებით მიმართა. სხვა რამდენიმე საკითხთან ერთად, პრეზიდენტმა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გამოსვლის დაწყებისთანავე პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს და მიწვეულ სტუმრებს წუთიერი დუმილით უკრაინაში დაღუპული ადამიანებისთვის პატივის მიგება სთხოვა.

„უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ და გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.“

მან ასვე აღნიშნა, რომ შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის დაკარგული იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური კონსესუსი.

მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

„ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით, რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება, არამედ, შესაძლოა პირიქითაც. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ დალაგებული, ეკონომიკურად სტაბილური საქართველო, საქართველო, რომელმაც გააკეთა თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას.“

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლობა სურს, იმის საფუძველზე, რომ დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

პრეზიდენტის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა ძველი მთავრობის აგრესიული რიტორიკა, რომელმაც შედეგი არ მოიტანა. მარგველაშვილის თქმით:

„შარშან ჩვენ გავხსენით დიალოგის ახალი ფორმატი, სადაც საუბარი ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე იყო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესებში გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა. თუმცა მავთულხლართების მშენებლობამ და 11 კილომეტრიანი საზღვრის ზონის გადაწევამ ამ პოზიტივს სერიოზული ზიანი მიაყენა. ამავე დროს, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას გავაღრმავოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რუსეთთან დიალოგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ვაპირებთ, ჩვენ გადავჭრათ ეს ურთულესი პრობლემები. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული გზა არის, მაგრამ ამავე დროს ეს ერთადერთი გზაა,“ - ნათქვამია პრეზიდენტის მოხსენებაში.
XS
SM
MD
LG