ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიზიტი საქართველოს მხარდასაჭერად


თბილისში გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორენ ფაბიუსი ჩავიდნენ

მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩავიდნენ. ლორენ ფაბიუსმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადეს, რომ თბილისში მათი ერთობლივი ვიზიტი ივნისში დაგეგმილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ, საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ დემონსტრირებას წარმოადგენს.

ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები თბილისში 23 აპრილს გვიან ღამით ჩავიდნენ. ხუთშაბათს დილით ლორენ ფაბიუსი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. შემდეგ მოლაპარაკებები გაიმართეს ქართველ კოლეგა -მაია ფანჯიკიძესთან. მოგვიანებით გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. სამუშაო სადილზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ლორენ ფაბიუსს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტუნისში გამგზავრებამდე ევროპელი მინისტრები საქართველოში კიდევ რამდენიმე შეხვედრას მართავენ.

მაია ფანჯიკიძესთან მოლაპარაკების შემდეგ მოწყობილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ყველასთვის პოზიტიური ნაბიჯი იქნება და ის საქართველოს მოდერნიზირებას შეუწყობს ხელს. ფრანსუა ოლანდმა ასევე განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გეგმებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ნატოსთან მეტად დაახლოების შესახებად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლორენ ფაბიუსის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ერთობლივი ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით კი მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ევროპელმა კოლეგებმა შეხვედრაზე აღნიშნეს საქართველოს წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება“.
XS
SM
MD
LG