ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გათავისუფლებული პოლიტპატიმრები


ოფიციალური ცნობით, გათავისუფლდა 190 პოლიტმატიმარი, 25 პოლიტიკური დევნილი კი სასამართლოს განჩინებას გათავისუფლების თაობაზე ხვალიდან მიიღებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:54 0:00
ბმული
ამნისტიის აქტის შედეგად, ციხეებს დღეს პოლიტპატიმრები ტოვებენ,– ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ გამოქვეყნდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ადამიანების სია, რომლებიც დღეს თავისუფლდებიან. კანონს ამნისტიის შესახებ გუშინ ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კამერების წინ მოაწერა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება, ერთგვარი პასუხი იმ უკანონობებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა.

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც დღეს შიდა ქართლს სტუმრობდა ახლადდანიშნულ გუბერნატორთან ერთად, კვლავ საუბრობს „რუსეთის აგენტებზე, რომლებიც დღეს თავისუფლდებიან“. მისვე განცხადებით, პარლამენტი, რადგან მაინცდამაინც აპირებდა მათ განთავისუფლებას, უნდა დაფიქრებულიყო გაცვლაზე მაინც იმ ადამიანებში, რომლებიც ანალოგიური ბრალდებით იმყოფებიან რუსეთის ციხეებში

„დღეს ახალმა მთავრობამ გაუშვა რუსეთის ჯაშუშები დიდი რაოდენობით, კარგი გაუშვი, გაუშვი, მართალია თავმოყვარე ქვეყანა ამას არ აკეთებს, მაგრამ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც, როგორც საქართველოს მზვერავი, ისე გაასამართლეს რუსებმა. თუ მაინცდამაინც რაღაცის გაკეთება გვინდა, დაელაპარაკე და გაგვეცვალა. რუსეთში იმავე მუხლებით არიან ისინი დაკავებულები, რაც ესენი საქართველოში. მართალია, ესენი უტყუარი მტკიცებულებებით იყვნენ დაკავებულები, რაც ეჭვს არ იწვევს, ესენი აძლევნდნენ კოორდინატებს, აჩვენებდნენ გზებს“,– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეკა ბესელია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელსაც ტელეფონით ვესაუბრეთ, ამბობს, რომ „გაცვლა“ არაა სამართლებრივი ტერმინი. მისივე თქმით, მმართველი გუნდი სრულად კისრულობს პასუხიმგებლობას უსაფრთხოების თვალსაზრისით. იგი ამბობს, რომ ამნისტიის აქტის გამოცემისას იხელმძღვანელეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის რეზოლუციით, რომლითაც დადგინდა პოლიტპატიმრობის კრიტერიუმები:

„საეთაშორისო სტანდარტებით ვიხელმძღვანელეთ, ჩვენ პირველად საქართველოში გამოვიყენეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის რეზოლუცია, რომლითაც დადგინდა პოლიტპატიმრობის კრიტერიუმების შესახებ. რეზოლუციის პირველი გამოყენება საქართველოში მოხდა, ამიტომ ინტერესი დიდია, მეტად დაკვირვებული იქნება საერთაშორისო საზოგადოება ამ პროცესის მიმართ. ევროპის საბჭო დადებითად შეხვდა ამ მოვლენას, პოლიტპატიმრების აღიარებას. გათავისუფლებამდე ჩვენ გვქონდა შეხვედრა და მათი რეკომენდაცია იყო მალე გაგვეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები, რადგან არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა მათ. ერთ–ერთმა, მაგალითად მოსამართლე მარინა ჭყონიამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისგან. როდესაც საქმეების გასაჯაროება მოხდება და საქმეებს მოსცილდება გრიფი საიდუმლო, რაც აუცილებლად მოხდება, საზოგადოება ნათლად დაინახავს, რასთან გვქონდა საქმე. ვნახავთ, ვის ეძახდა სააკაშვილი ჯაშუშებს, ვნახავთ, რომ იქ მტკიცებულებები საერთოდ არ იყო, ადამიანებს უმძიმეს დანაშაულებს აბრალებდნენ ისე, რომ არ უმტკიცებდნენ.“

ვახტანგ მაისაია, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ერთ–ერთია დღეს განთავისუფლებულ პატიმართაგან. იგი ამბობს, რომ მოითხოვს მოეხსნას გრიფი საიდუმლო და გასაჯაროვდეს მისი საქმე, რითაც დამტკიცდება მისი უდანაშაულობა.

„მოვითხოვ, რომ ჩემს საქმეს მოეხსნას გრიფი საიდუმლო, დარღვეულია კონსტიტუცია, მერე გაეცემა ყველაფერს პასუხი, იმის თაობაზე, რომელი ჯაშუში ვიყავი, როგორც მიშა და მისი ბანდა ლაპარაკობდნენ სისულელეებს. მე რუსეთის ჯაშუშობას არ მაბრალებდნენ, საქმეში წერია, რომ მე ვიყავი ნატოს სპეცსამსახურების ჯაშუში, ეს მინდა დაფიქსირდეს ოფიციალურად და ამაზე პასუხს ვაგებ და მერე გასცეს მიშამ პასუხი ნატოს გენერალურ მდივანს,“– ამბობს ვახტანგ მაისაია.

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის წევრი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პარლამენტმა უგულვებელყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა:

„დღეს საქართველო არაეროვნული მთავრობის ხელშია. ევროპის საბჭომ გამოსცა რეზოლუცია, სადაც განსაზღვრა, რას შეიძლება ნიშნავდეს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება. იქ ითქვა, რომ თუკი ადამიანი ჩადის დანაშაულს, მაგრამ სჯიან უფრო მკაცრად, ვიდრე ასეთი დანაშაულის დროს სჯიან ხოლმე, ან თუ გამორჩევით პოლიტიკური მიზნებით სჯიან ადამიანებს, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრება. სხვა იქ ბევრი არაფერი არ წერია. ამით შეიძლება იხელმძღვანელო და ინტერპრეტირება ყველაფერს შეიძლება გაუკეთო, მათ შორის ბესელიასეული ინტერპრეტირება, რადგან ენას ძვალი არ აქვს და გამოაცხადო ვინც გინდა, რადაც გინდა, მაგრამ ვენეციის კომისია, რომელიც ერთ–ერთო მთავარი ორგანოა ევროპის საბჭოს ფარგლებში და კურირებს სამართლებრივ მოქმედებებს წევრი ქვეყნების, ითხოვდა ამ კანონის შეჩერებას და გაცნობას, მაგრამ ვინ დაუჯერა? ბესელიას ეს არ აწუხებს“.

დღეს, ოფიციალური ცნობით, გათავისუფლდა 190 პოლიტმატიმარი, 25 პოლიტიკური დევნილი კი ხვალიდან მიიღებს გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს განჩინებას. შემდეგ დღეებში ამ ამნისტიით 3000–ზე მეტი ადამიანი დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს, 17 ათასზე მეტი ადამიანის მიმართ კი შემსუბუქდება სასჯელი და გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება ამნისტიის გავრცელების შესახებ.
XS
SM
MD
LG