ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში უკვე 100-მდე ქართველი დაიჭრა


ირაკლი ალასანია და რიგითი გურამ ჩიმახიძე. ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში
ირაკლი ალასანია და რიგითი გურამ ჩიმახიძე. ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში

საქართველოში სამხედროებისთვის „რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრის“ შექმნის აუცილებლობა დადგა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:38 0:00
ბმული


ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროებისთვის „რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრის“ შექმნაზე მუშაობს. ამერიკული დახმარების ეს პროექტი, შეერთებული შტატების „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის“ (ODC) ეგიდით მიმდინარეობს.

2012 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის დროს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალების სულ 93 ჯარისკაცი დაიჭრა. ამათგან, 22 ქართველი სამხედრო დაიჭრა 2010 წელს; 44 სამხედრო - 2011 წელს; და, 29 სამხედრო - 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით.

წლების მანძილზე ინფორმაცია დაჭრილთა რაოდენობის შესახებ გასაიდუმლოებული იყო და თავდაცვის სამინისტროში ეს პრაქტიკა, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიცვალა.

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის დღემდე გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში, ლანდშტულის რეგიონალურ სამედიციონო ცენტრში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბეთესდაში, ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო-სამედიციონო ცენტრში იგზავნებოდნენ. მოგვიანებით კი ისინი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებდნენ.

„რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრის“ ამოქმედების შემდეგ, კი ქართველ ჯარისკაცებს სრულფასოვანი მკურნალობა უკვე სამშობლოში შეეძლებათ.შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ამბობს

ავღანეთში დაჭრილ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფიზიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივ პროგრამას ამუშავებს.

ამერიკული მხარის ხელშეწყობით საქართველოში შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მარტო ISAF-ის მისიაში დაჭრილ ჩვენს ბიჭებს, არამედ სამოქალაქო პირებსაც.“

წინასწარი გეგმის მიხედვით, სამხედროების „რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრი“ თბილისში უკვე არსებული - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნება.

ამისთვის მოხდება ცენტრის შენობის სრული რეკონსტრუქცია; პროტეზის დამამზადებელი თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვა და ცენტრის სამედიციონო პერსონალის გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების პირველი ფაზა 2013 წლის ბოლოსთვის დაიწყება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ამბობს:

„მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის ცენტრგაერთიანებულია საქართველოს მთავრობის, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო შესაძლებლობები. რაც გამოიხატება პაციენტებისთვის პროტეზების შეთავაზებაში, ახალი ტექნოლოგიებისა და მომსახურების დანერგვაში.

ეს ხელს შეუწყობს, როგორც დაჭრილ სამხედროებს, ისე სამოქალაქო პირებს სრული სარეაბილიტაციო კურსი გაიარონ და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ზუსტად ასევე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.“

იანვრიდან მოყოლებული თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნებმა რამდეჯერმე მოინახულეს ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები, როგორც გერმანიაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მათ შორის, სნაიპერის ტყვიით დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია, რომელიც ექიმების გადაწყვეტილებით, ლანდშტულის ცენტრიდან გერმანიის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე რიგითი გურამ ჩიმახიძე, 32-ე ბატალიონის გამნაღველი, რომელმაც ნაღმზე აფეთქების გამო ორივე ფეხი დაკარგა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაჭრილი ქართველი სამხედროს მონახულების შემდეგ, კერძოდ ბრძანა

„თითოეული ჩვენი ჯარისკაცი, ვინ დაჭრილია, ვინც საქართველოსთვის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, ამ დიდი საქმისთვის დაიჭრება და დაიზიანებს ჯანმრთელობას სახელმწიფო განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენს.

ეს ჩვენი მოვალეობაა. სწორედ ამიტომაც ჩვენ შევძლებთ, რომ რიგითმა ჩიმახიძემ აშშ-ში გააგრძელოს რეაბილიტაციისა და პროტეზირების პროცესი. შემდეგ დაუბრუნდება საქართველოს და ისევ გააგრძელებს სამსახურს სამხედრო ძალებში.“

საქართველო 2009 წლის ბოლოდან ჩაება ISAF-ის მისიაში და ამ ხნის მანძილზე, ავღანეთში 19 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა. გასულ კვირას „ავღანეთის ისლამური ემირატის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 2 ქართველი სამხედროსა დაღუპვისა და სამის დაჭრის შესახებ გაავრცელა ცნობა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. დღეისათვის, ავღანეთში 1548 ქართველი ჯარისკაცი იბრძვის.

XS
SM
MD
LG