ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერის პირველი ვიზიტი ევროსკეპტიციზმის გაძლიერების ფონზე


ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი თბილისში

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი თბილისში

„მე არ დავარქმევდი ამას შეფერხებას, აღნიშნულს მე დავახასიათებდი როგორც განგრძობად პროცესს“ - ასე უპასუხა დღეს თბილისში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შეკითხვას, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს ვარშავის სამიტისგან, როცა უკვე ცნობილია, რომ ქვეყანა ისევ ვერ მიიღებს MAP-ს, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.

ჯონ კერიმ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ნატოს - ბუქარესტის, ჩიკაგოსა და კარდიფის სამიტებზე ღიად უჭერდა მხარს საქართველოს გაწევრიანებას, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი პარტნიორი საქართველოს პროგრესს გლობალური გამოწვევების ჭრილში განიხილავს.

"ყველას კარგად ესმის რომ ძალზედ სერიოზული პროცესები მიდის უკრაინაში, სირიაში, მთელ რიგ სხვა რეგიონებში გვაქვს სერიოზული გამოწვევები და ზოგიერთი პარტნიორი ალიანსში, საქართველოს პროგრესს ნატოსკენ სწორედ ამ პროცესებს უკავშირებს"

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია... ყველას კარგად ესმის, რომ ძალზედ სერიოზული პროცესები მიდის უკრაინაში, სირიაში. მთელ რიგ სხვა რეგიონებში გვაქვს სერიოზული გამოწვევები და ზოგიერთი პარტნიორი ალიანსში, საქართველოს პროგრესს სწორედ ამ პროცესებს უკავშირებს.

ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. ამერიკის წვლილი უკვე 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცა თავდაცვაა“

ჯონ კერი თბილისის აეროპორტში

ჯონ კერი თბილისის აეროპორტში

ამერიკის სახელმწიფო მდივნის რანგში, ჯონ კერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, დღეს, 12 საათსა და 52 წუთზე, დაიწყო, როცა „ბოინგ“ C-32 იგივე „ბორტი ნომერი 2“, 18 წუთის დაგვიანებით, დაეშვა თბილისის შოთა რუსთაველი სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. ეს კერის რიგით მეორე ჩამოსვლაა, პირველად მან 2008 წლის დეკემბერში, როგორც მასაჩუსეტსის სენატორმა მოინახულა, აგვისტოს ომის შემდგომი თბილისი.

ჯონ კერის, პირველმა მთავრობის ადმინისტრაციაში, გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. პრემიერისა და სახელმწიფო მდივნის პირისპირ შეხვედრისას განხილვის მთავარი თემები: საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ნატოს ვარშავის სამიტი და გლობალური უსაფრთხოების პრობლემები იყო.

კვირიკაშვილმა და კერიმ ხელი მოაწერეს ორ მემორანდუმს: საქართველოსა და ამერიკას შორის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.

დღესვე გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი სხდომა, რომლის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა ქართველი და ამერიკელი ჟურნლისტების თითო კითხვას უპასუხეს.

პრემიერმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია

„ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობას შეიძინოს თავდაცვითი შეიარაღება“

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს აძლევს უკვე ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი შეიარაღება.“

ჯონ კერიმ თავის გამოსვლაში „ლაკმუსის ტესტი“ უწოდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო გარემო და მედია ზეწოლისა და დაშინებისგან თავისუფალი იქნება.

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კერის დღევანდელი ვიზიტი, MAP-ის და ვიზალიბერალიზაციის პროცესების მორიგი გადადების, ასევე, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის, მზარდი პრორუსული განწყობებისა და ევროსკეპტიციზმის გაძლიერების ფონზე, მაინც მნიშვნელოვანი მესიჯი და მხარდაჭერაა არჩევნების წინ, საქართველოს პროდასავლური ძალებისთვის.

"მაინც მგონია, რომ კრიტიკულ მომენტში ქართული საზოგადოება იხელმძღვანელებს პრინციპით, რომ დასავლეთი და ამერიკა სჯობს, ვიდრე რუსეთი და არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებს“

„ამ ნიჰილისტურმა განწყობებმა რაც მოჰყვა MAP-ზე მორიგ უარს და ვიზალიბერალიზაციის პროცესის გადაწევას, ევროკავშირის ბიუროკრატიის გამო, ვფიქრობ, არჩევნებზე გზა უნდა გაუხსნას, პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ კრიტიკულ მომენტში - ქართული საზოგადოება იხელმძღვანელებს პრინციპით, რომ დასავლეთი და ამერიკა სჯობს, ვიდრე რუსეთი და არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებს.“

ჯონ კერი დღესვე პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილს ეწვია, ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ხვალ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს: გიგა ბოკერიასა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდება.

სახელმწიფო მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ, დასრულდება. კერი თბილისიდან კიევში გაფრინდება, სადაც უკრაინის პოლიტიკურ ელიტას შეხვდება. კიევიდან კი უკვე ვარშავაში, ნატოს სამიტზე ჩადის.

გავლენიანი გამოცემის „ფაინენშელ თაიმსის“ შეფასებით, ვარშავა დღეს დასავლური ალიანსის ერთობის კრიტიკულ, გამოსაცდელ ადგილად იქცა, სადაც რუსული აგრესიის შემაკავებელი რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

XS
SM
MD
LG