ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალის ოპოზიციური კომპარტია სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს


კითხვები დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ირგვლივ უამრავია, უბრალოდ, რთულია მოძებნო ოფიციალური პირი, ვინც იქნება პასუხისმგებელი პასუხი გასცეს ამ კითხვებს. სიტყვა „რთული“ „შეუძლებელს“, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თუმცა შეუძლებელი ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის იძულებაა გასცეს პასუხები კითხვებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ფაქტობრივ პატიმრობაში რჩება გასული წლის ნოემბერში არჩეული პრეზიდენტი ალა ჯიოევა. დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში კი ხელახალი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. თავად ჯიოევა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით აცხადებს, რომ ცხინვალის საავადმყოფოში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რჩება და მას საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალებას შეიარაღებული მეთვალყურეები არ აძლევენ. რა მოტივითაა იგი დაკავებული და არის თუ არა ეს ადამიანის უფლებების შელახვა, ამის თაობაზე განცხადებას არც დე–ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი სახალხო დამცველი აკეთებს, რომელიც ამჟამად კენჭს იყრის პრეზიდენტის პოსტზე და ყოველდღიურად ჩანს ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით. რამდენად აფასებს შექმნილ სიტუაციას, როგორც ფარსს თავად საზოგადოება ცხინვალში? პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი დღეს იქ საუბრობს აუცილებლობაზე, რომ „მთავარია ქვეყანაში წესრიგის დამყარება“. ერთადერთი, ვინც ღია ეთერით ცხინვალში ალა ჯიოევას ახსენებს ეს სტანისლავ კოჩიევია, პრეზიდენტობის კანდიდატი, ადგილობრივი კომპარტიის ლიდერი. მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მურატ ვანეევმა ღია ეთერით, ტელედებატების დროს განაცხადა:

„დღესაც კარგი კანონები გვაქვს, მათში არსად წერია, რომ პრეზიდენტმა ხელისუფლება საკუთარი ნათესავებით უნდა დააკომპლექტოს, მაგრამ ეს ასე იყო. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს ალა ჯიოევას განთავისუფლებაა. მოვითხოვთ ასევე, რომ გენერალური პროკურორი გამოვიდეს ხალხის წინაშე და განმარტოს, რა ხდება. ჩვენთან სისტემური კრიზისი კი არ არის, არამედ ხრამის პირას ვდგავართ. ჯიოევას გამო კი არ უნდა მოვიქცეთ ასე, ჩვენი უფლებები უნდა დავიცვათ, ხვალ შეიძლება თითოეული ჩვენთაგანი იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩვენ უსამართლო და მათხოვრული საზოგადოება გვაქვს, ამიტომ კანონებზე არ უნდა ვილაპარაკოთ.“ ციტატის დასასრული.

კოჩიევის წარმომადგენლის ამ განცხადებაზე პრეზიდენტობის დანარჩენმა კანიდატებმა განაცხადეს, რომ მისი ლოგიკა მოსწონთ. დიმიტრი მედოევმა მას სამუშაო ადგილიც კი შესთავაზა ხელისუფელბაში, გამარჯვების შემთხვევაში. თუმცა არჩეული და დაპატიმრებული მათი წინამორბედის სახელის ხსენება არავის გაუბედია.

დიმიტრი მედოევი, პრეზიდენტობის კანდიდატი, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ამბობს: „ხალხი დაიღალა გაურკვევლობით და უპერსპექტივობით. კადრების თემას მინდა დავუბრუნდე. „კადრები წყვეტენ ყველაფერს, თქვა ამხანაგმა სტალინმა და მართალიც იყო. ჩვენ გვყავს კადრები, ისინი აქაც არიან, ამ სტუდიაში, თუნდაც თქვენი სახით. მე პრაგმატულად ვიყურებ მსგავს საკითხებს და მიხარია, რომ პრინციპულ საკითხებზე მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა. ჩვენი ამომრჩეველი დაიღალა დაღვრემილი სახეების ნახვით და ექსტრავაგანტული გამოხდომებით ტელევიზიით. მე ყველა თქვენთაგანს ვხედავ მომავალ ხელისუფლებაში, რომელსაც ჩვენ შევქმნით.“ ციტატის დასასრული.

სტანისლავ კოჩიევი, ყველაზე რადიკალურად განწყობილი კანდიდატი არსებულთა შორის, მკურნალობის შემდეგ მოსკოვიდან ცხინვალში დაბრუნდა. ოპონენტებმა მისი მისამართით უკვე განაცხადეს, რომ იგი პარლამენტის ვიცე სპიკერი იყო და მიანიშნეს, რომ ცვლილებებისთვის ბროლის დაწყებას აქამდეც მოახერხებდა, სურვილის შემთხვევაში. კოჩიევის წარმომადგენელი ამბობს:

„არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ამჟამად ქვეყანას, ფაქტობრივად მართავს ყოფილი პრეზიდენტი. ასევე ყველამ იცის, რომ ყოფილ ხელისუფლებას სურს დარჩეს ხელისუფლებაში. როგორ უნდა მოიქცნენ, ეს რომ შეძლონ? რასაკვირველია, ამას მოახერხებენ იმით, რომ შეინიღბებიან რომელიმე არსებული კანდიდატით. ეს ასეა და მოდით არ ვიდავოთ. მე არ ვაპრიებ ახლა ვისაუბრო, ვის უკან იმალება კოკოითი, მჯერა, რომ ყველა კანდიდატი დამოუკიდებელი ადამიანია. საკითხავი ეს კი არა, ისაა, შეძლებენ თუ არა კანდიდატები, გამარჯვების შემთხვევაში დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ხელისუფლებაში კვლავ მსხვერპლს ელიან, გაადგილდებიან ერთი პოსტიდან მეორეზე და იპარავენ ბიუჯეტის თანხებს. ბოლო ფაქტებმა აჩვენა, რომ ხალხს აღარ უნდა ცხოვრება ძველებურად. ყველა კანდიდატს ვენდობი, მაგრამ ვიცი, რომ მათზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული.“

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატთა საგარეო პოლიტიკის ორიენტირებს, მათ შესახებ წინასაარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ლეონიდ თიბილოვი საუბრობს, რომელის აზრითაც, საჭიროა ისე მოქცევა, რომ რუსეთმა მათი გაგება უკეთ შეძლოს, ასევე აუცილებელია ზრუნვა სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG