ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსა ქალასთან ქართველი ჯარისკაცია დაკარგული


მუსა ქალა, ავღანეთი
მუსა ქალა, ავღანეთი

ხვალ, ერთი კვირა გახდება რაც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გაუჩინარდა. სამწუხარო შემთხვევა ჰერმანდის პროვინციაში, მუსა ქალას რაიონში მოხდა, სადაც ქართული სამშვიდობო ბატალიონია დისლოცირებული.

ჯერჯერობით უცნობია რა მიზეზით აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცი სამხედრო ბაზის მიღმა და რა ვითარებაში მოხდა მისი გატაცება. არც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და არც ISAF-ის სარდლობა ქართველი ჯარისკაცის ვინაობას არ ასახელებს. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, გატაცებული სამხედრო სერჟანტია და მისი ოჯახი საქართველოში უკვე ინფორმირებულია ამ შემთხვევის შესახებ.

ჰელმანდის პროვინციაში ამჟამად მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონია განლაგებული. მე-12 ბატალიონის ქართველი მეომრები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში პირველად მონაწილეობენ.

„ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მუსა ქალას გუბერნატორი ნაიმითულა სამინი საკმაოდ უცნაურ კომენტარს აკეთებს:

„ჩვენ წარმოადგენა არ გვაქვს რატომ დატოვა მან ბაზა. ეს არ მომხდარა პატრულირების დროს, იგი არავის გაუტაცია. ის ბაზიდან თავისი სურვილით გავიდა“

ქართველების სამხედრო ბაზა ქალაქ მუსა ქალადან 16 კილომეტრში, პატარა ხეობაში მდებარეობს. მთლიანად ეს რაიონი თალიბთა სიმრავლით გამოირჩევა. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც ადასტურებს, რომ ქართველი ჯარისკაცი სამხედრო ბაზის მიღმა არ უნდა გასულიყო:

„ეს არ იყო ოპერაციის დროს. სამხედრო ბაზის მიღმა მაშინ აღმოჩნდა ჩვენი მეომარი როცა მას არ ევალებოდა გარეთ გასვლა. არც სამახურებრივად და არც იმ ფუნქციებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე რაც კონკრეტულად ამ ბატალიონს აქვს, დანარჩენი გარემოებები ზუსტდება.“

მუსა კალა იგივე მოსეს ციხესიმაგრე ავღანეთში თალიბთა წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. რაიონში 2000-დან 20 000-მდე პუშტუნი ცხოვრობს, რომლებიც აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმები არიან.

2006 წლის იანვრიდან, როცა ჰელმანდის პროვინციაში ბრიტანელი ჯარისკაცები პირველად გამოჩდნენ, მუსა ქალას რაიონი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი არენა გახდა.

ერთი წლის მანძილზე, ვერც ბრიტანელებმა და ვერც დანიელებმა მუსა ქალას შენარჩუნება ვერ შეძლეს და 2007 წლის 1 თებერვალს, მუსა ქალა 200-მდე თალიბმა მებრძოლმა დაიკავა. ეს ბოლოს წლებში თალიბთა ყველაზე დიდი წარმატება იყო. კოალიციის გააფრთებული შეტევების მიუხედავად, თალიბებმა 11 თვის განმავლობაში შეძლეს მუსა ქალას შენარჩუნება.

კოალიციის 4500-მა ჯარისკაცმა მუსა ქალას გათავისუფლების ოპერაცია 2007 წლის 7 დეკემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს ქალაქი გაათავისუფლა. . მიუხედავად, იმისა, რომ ბოლო წლებში კოალიციამ მუსა ქალას რაიონის უსაფრთხოებისთვის ბევრი გააკეთა, თალიბთა პოზიციები აქ მაინც ძლიერია.

აგვისტოში, თალიბებმა აქ 15 მამაკაცსა და 2 ქალს თავები მხოლოდ იმის გამო მოაჭრეს რომ ისინი მუსიკას ხმამაღლა უსმენდნენ. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ კოალიციის სარდლობა ქართველი ჯარისკაცის გათავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებს:

„ინციდენტი მოხდა 19 დეკემბერს. მას შემდეგ ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს და ამ ყველაფერს ISAF-ის სარდლობა ხელმძღვანელობს. ჩემი გადაწყვეტილებით, მეორე დღესვე ავღანეთში გაემგზავრნენ ჩვენი სამხედროები, გენერალ კაპანაძის ხელმძღვანელობით. ის უშუალოდ არის ჩვენი მეკავშირე ავღანეთში სარდლობასთან.

სიახლე სამწუხაროდ არაფერი არ გვაქვს. ვიცით, ამერიკული სარდლობისგან რომ მაღალი ალბათობით ჩვენი ჯარისკაცი ცოცხალია. დანარჩენ დეტალებს სარდლობა არ ამჟღავნებს. ჩვენ ბუნებრივია იმ წუთში დავუკავშირდით ოჯახს. მათ მიეწოდებათ პერიოდულად ინფორმაცია ამ პროცესთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, მაგრამ იმედი გვაქვს ყველას რომ ეს ლოდინი არ იქნება ფუჭი და ჩვენი ჯარისკაცი მშვიდობით დაბრუნდება.“

როგორც წესი, გატაცებული ჯარისკაცების ვიდეოებს, თალიბები სოციალური ქსელებით კონტრეტული მოთხოვნებით ავრცელებენ. ასე მოხდა ამერიკელი ჯარისკაცი ბოუი რობერტ ბეგრდალის (Bowe Bergdahl) შემთხვევაში, რომელიც ტყვედ 2009 წლის ივნისში ჩავარდა. მან ტყვეობაში უკვე ისლამიც მიიღო, საჯაროდ განაცხადა, რომ სცხვენია რომ ამერიკელია და თალიბებს კოალიციის წინააღმდეგ ბრძოლას ასწავლის.

ISAF-ის სარდლობამ 2012 წლის 8 დეკემბერს, წარმატებით განახორციელა, ამერიკელი ექიმის დილიპა ჯოზეფისა და მისი ორი ავღანელი კოლეგის გათავისუფლების ოპერაცია. ავღანეთში ჰუმანიტარული მისიით მყოფი ექიმი, თალიბებმა 5 დეკემბერს გაიტაცეს. ოპერაცია ქაბულის პროვინციაში სურობის რაიონში ჩატარდა და ერთი ამერიკელი სპეცნაზელი შეეწირა.

ჯერჯერობით, თალიბებს ქართველი ჯარისკაცის გატაცებაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. საქართველო ავღანეთში 1561 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი და 2009 წლიდან უკვე 18 ჯარისკაცი დაკარგა.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველები:

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე

XS
SM
MD
LG