ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსია, პასპორტი და რუსული ხიშტი „შულავერის მეორე კომიტეტისგან“


ხაჩიშვილ-ბედუკაძის "ცენტრისტების" საარჩევნო დაპირება
ხაჩიშვილ-ბედუკაძის "ცენტრისტების" საარჩევნო დაპირება

აფხაზეთის ომის 24-ე და აგვისტოს ომის 8-ე წლისთავზე, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე უპრობლემოდ გავიდა სკანდალური საარჩევნო რეკლამა, სადაც პრორუსული პარტია „ცენტრისტები“ ქართულ საზოგადოებას „400 ლარიან რუსულ პენსიას“, “რუსეთის პასპორტებს“ და საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის „სამხედრო ბაზების“ დაკანონებას სთავაზობს.

თემურ ხაჩიშვილი "მხედრიონის" ელიტასთან ერთად
თემურ ხაჩიშვილი "მხედრიონის" ელიტასთან ერთად

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ - გასამხედროებული ნაციონალისტური ორგანიზაცია „მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერის, შემდგომში - შინაგან საქმეთა მინისტრისა (1992-93) და უშიშროების მინისტრის მოადგილის (1994-95), 1995 წლის 29 აგვისტოს, პრეზიდენტ შევარდანაძეზე ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის თემურ ხაჩიშვილის მიერ, ჯერ კიდევ 2002 წლის დეკემბერში იქნა დაარსებული. რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც შეწყალების საფუძველზე ხაჩიშვილმა ციხე დატოვა. საზოგადოებაში, ეს ორგანიზაცია „დათვის“ სახელით იყო ცნობილი.

„ვარდების რევოლუციიდან“ მალევე, 2004 წლის აპრილში, ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავეს, შემდეგ გაანთავისუფლეს და მანაც რუსეთს შეაფარა თავი, სადაც 2012 წლის შემოდგომამდე ცხოვრობდა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ხაჩიშვილი თბილისში დაბრუნდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ცენტრისტები“, რომელსაც ციხის სკანდალური კადრების ავტორი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძეც შეუერთდა, რეგისტრაციაში 2016 წლის 15 ივლისს გაატარა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. შესაბამისად, პრორუსულმა პარტიამ, როგორც არაკვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო მიიღო.

ლადო ბედუკაძე ამბობს, რომ მხოლოდ პატრიარქის აზრს ითვალისწინებს
ლადო ბედუკაძე ამბობს, რომ მხოლოდ პატრიარქის აზრს ითვალისწინებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ ამ შინაარსის პოლიტიკური რეკლამის გაშვება მაუწყებელზე, რუსეთთან ომებში დაღუპული ათი ათასობით გმირის შეურაცყოფაა

როცა ისინი პირდაპირ, საარჩევნო რეკლამაში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური მიზანი არის საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანა, ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ჩვენი ძალოვანი სამსახურები. უნდა გაარკვიონ, თუ რას საქმიანობენ პრორუსული პარტიები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან"
გიორგი კლდიაშვილი, IDFI

„როცა ისინი პირდაპირ, საარჩევნო რეკლამაში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური მიზანი არის საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანა, ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ჩვენი ძალოვანი სამსახურები.

უნდა გაარკვიონ, თუ რას საქმიანობენ პრორუსული პარტიები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ეს არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, ეს არის მთელი ქართველი ხალხის და რუსეთთან ომებში დაღუპული ათი ათასობით გმირის შეურაცყოფა.“

პირველმა, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტებისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოითხოვა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ „400 ლარიანი რუსული პენსიის შეთავაზება“ ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა იყო, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელმა ეს არგუმენტი არ გაიზიარა. დღეს,„სამართლიანმა არჩევნებმა“ განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ამავე დროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რომ უკანონო აგიტაციის გამო, „ცენტრისტები“ დააჯარიმონ.

"სამართლიანი არჩევნების" აზრით, ეს ხელშეკრულება ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა
"სამართლიანი არჩევნების" აზრით, ეს ხელშეკრულება ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა

პარალელურად, რესპუბლიკურმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ცალ-ცალკე, საკონსტიტუციო სარჩელისთვის პარლამენტში ხმების შეგროვება დაიწყეს. სარჩელის მიზანია „ცენტრისტებისთვის“, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური ძალისთვის, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის გაუქმება. საკონსტიტუციო სარჩელს დეპუტატთა 1/5-ის ხმების სჭირდება. პრორუსული პროპაგანდა უკვე დაგმეს პრემიერმა და პრეზიდენტმა.

მართალია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სკანდალური რეკლამა ეთერიდან უკვე ამოიღო, თუმცა „ცენტრისტების“ ლიდერი ღია რუსულ პროპაგანდას ისევ ეწევა, როგორც თბილისში ბაზირებულ, ისე რეგიონალურ ტელევიზიებში. ასევე ინტერნეტის მეშვეობით. თემურ ხაჩიშვილი ამომრჩევლის „მოხიბვლას“ კვლავაც რუსული პენსიით ცდილობს

პენსიონერი, რომელიც მსახურობდა სსრკ-ს დროს, ვთქვათ, მეტალურგიაში ან სხვა ნებისმიერ დარგში, ქმნიდა დოვლათს და დღეს დარჩენილია, საცოდავი 160 ლარის ამარა, თუ გამოთქვამს, სურვილს, მიიღებს, რუსულ პენსიას. ეს ჩვენს ფულზე, არის დაახლოებით - 400 ლარი"
თემურ ხაჩიშვილი, "ცენტრისტების" ლიდერი

„პენსიონერი, რომელიც მსახურობდა სსრკ-ს დროს, ვთქვათ, მეტალურგიაში ან სხვა ნებისმიერ დარგში, ქმნიდა დოვლათს და დღეს დარჩენილია, საცოდავი 160 ლარის ამარა, თუ გამოთქვამს, სურვილს, მიიღებს, რუსულ პენსიას. ეს ჩვენს ფულზე, არის დაახლოებით - 400 ლარი.

რუსეთის ხელისუფლებაში ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე მქონდა მათთან ამაზე საუბარი. თუ, არჩევანს ჩვენზე გააკეთებენ, ყველა პენსიონერი 50 დღეში მიიღებს რუსული პენსიას.“

რუსეთის მიერ ხელდასმული „შულავერის მეორე კომიტეტი“ პენსიის, პასპორტისა და რუსული ხიშტის გარდა, ამომრჩეველს ასევე პირდება - „ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას და საქართველოდან გაძევებას“.

„ცენტრისტების“ მსგავსად, პრორუსული რიტორიკით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრეირებული 60-ზე მეტი პარტიიდან, ასევე გამოირჩევიან: „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული დასი“, „ქართული იდეა“, კომუნისტური პარტია, „თეთრები“, ერთიანი კომუნისტური პარტია, თავისუფალ-დემოკრატიული პარტია, „ნეიტრალური საქართველო“, მშრომელთა სოციალისტური პარტია, „მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“ და “ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“.

XS
SM
MD
LG