ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო პერიოდში რუსეთი სულ უფრო და უფრო აქტიურდება შავი ზღვის რეგიონში. საკუთარი პოზიციონირებისთვის იგი რბილ ძალასაც მიმართავს და ხისტსაც, ერთმანეთის მონაცვლეობით, ან პარალელურ რეჟიმში. ცდილობს ერთდოულად აჩვენოს როგორი კეთილისმოსურნეა და ამავდროულად როგორი საშიშიც მათ მიმართ, ვინც არ გაითვალისწინებს მის ინტერესს.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორისაა რუსული სამხედრო ძალის მობილიზება და დამატებითი ტექნიკისა და დანაყოფების შეყვანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსული ინიციატივა იმის შესახებ, რომ დე–ფაქტო ადმინისტრაციების საჯარისო შენაერთების ნაწილი გადავიდეს რუსეთის შემადგენლობაში. სრული სურათის დანახვისთვის რამდენიმე პარალელური აქტივობაც უნდა ვახსენოთ, რასაც დროის მოკლე მონაკვეთში ჰქონდა ადგილი, ეს გახლავთ საზღვრის ჩაკეტვა აფხაზეთის მიმართულებით და რუსეთ–სომხეთის სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ საუბრის გაცოცხლება.

გეგმავს თუ არა რუსეთი აქტიურ სამხედრო მოქმედებებს რეგიონში, ან კონკრეტულად საქართველოში, თუ ძალის ეს მობილიზება მხოლოდ დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს, ამის შესახებ ამერიკის ხმა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს ესაუბრა: „რუსეთი ცდილობს შეცვალოს არსებული თამაშის წესები, არსებული ბალანსი და ის ამას ახლა აკეთებს არა მარტო საქართველოსა და უკრაინაში, არამედ მთელს რეგიონში. ჩვენ მარტო არ უნდა ვიყოთ ამ საკითხში. ეს უკვე იქცა იგივე შავი ზღვის ქვეყნების და იგივე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზრუნავადაც. თქვენ თუ გადახედავთ ახლა, ევროპულ დედაქალაქებში რა დისკურსიც არის პოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტში, ნახავთ: ყველა ღიად საუბრობს, რომ რუსეთი არის ზოგისთვის ძალიან ახლო მდგომი საფრთხე და ზოგისთვის შორეული, მაგრამ მაინც დიდი პრობლემა“.

დავით რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან ამ შემთხვევაში აქტიურ სამხედრო ქმედებებზე გადასვლას არ უნდა ველოდეთ, „ასეთი სახის სიგნალებს ვერ ვხედავთ“– გვეუბნება იგი და დასძენს, რომ რუსეთი გააქტიურებულია არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ მთელ რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით: „დღეს მყისიერი საფრთხე რუსეთის მხრიდან საქართველოზე, სამხედრო შეტევის განხორციელების თვალსაზრისით, არ არის.ამის ინდიკატორები არ გვაქვს. ის, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა, ეს ფაქტია, უბრალოდ, ამის პოლიტიკური ფასი დღეს ძალიან მაღალი იქნება. შესაბამისად, დღეს ასეთ საფრთხეს ჩვენ ვერ ვხედავთ“.

შოთა უტიაშვილი, GFSIS–ის მკვლევარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა, ჩვენთან საუბრისას რუსეთის სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს: „მე ვფიქრობ, ერთის მხრივ, ადგილი აქვს რუსული ძალის დემონსტრირებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნატო გააქტიურდა შავი ზღვის აუზში. მაგრამ ამ საერთაშორისო ფონზე, რაც შეიქმნა მოულოდნელად, ტრამპის არჩევის შემდგომ აშშ–ში, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა, შესაძლოა ძალის დემონსტრირება გადაწყვიტოს. ძალის დემონსტრირება ნიშნავს,აჩვენოს,რომ ისაა ყველაზე ძლიერი რეგიონში და რომ ტრამპი და ამერიკა ვერ შეძლებს მის შეჩერებას. ასე რომ, მე მიმაჩნია, საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო განვითარებასთან“.

ოფიციალური თბილისი რუსეთის სამხედრო ძალების მანევრირებას მხოლოდ შეშფოთების შემცველი განცხადებებით ეხმაურება. საქართველოსთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან მოკავშირეობაა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG