ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაგბი თუ ფეხბურთი: რომელია №1 სპორტი საქართველოში?


ქართველები სუვაში ტონგაზე გამარჯვებას ზეიმობენ

ქართველები სუვაში ტონგაზე გამარჯვებას ზეიმობენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, უპრეცედენტო, მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. ეს საუკეთესო შედეგია ერონული ნაკრების 26 წლიან ისტორიაში.

IRB-ს რეიტინგში წინსვლა „ბორჯღალოსნებს“ ოკეანეთში ჩატარებულმა პირველმა ისტორიულმა ტურნემ მოუტანა. ივნისის ტესტებში ქართველებმა საოცარი და ყველასათვის მოულოდნელი შედეგი აჩვენეს: 19:19 ითამაშეს აპიაში - სამოასთან, 23:20 დაამარცხეს სუვაში - ტონგა და იქვე, 14:3 აჯობეს ფიჯის - ოკეანეთის საუკეთესო გუნდს.

პირველი ტესტი აპიაში - სამოასთან 19:19

პირველი ტესტი აპიაში - სამოასთან 19:19

“საქართველო ვერ გააჩერეს ოკეანეთში“ - ასე ეხმაურება იტალიური სარაგბო გამოცემა OnRugby ჩვენს მორაგბეთა ტურნეს. „ფიჯიმ ვერ გატეხა ქართველთა დაცვა“ - აღნიშნავს ახალ ზელანდიური Stuff-ი. გუშინ, თბილისის აეროპორტში, სუვიდან დაბრუნებულმა ფრანგული „ორიაკისა“ და საქართველოს ნაკრების მგეზავმა მერაბ შარიქაძემ კერძოდ თქვა:

"აქამდე არასდროს მომხდარა რომ წყნარ ოკეანეში წავსულიყავით და ასეთი გამარჯვებებით დავბრუნებულიყავით უკან"

“წარმატებული და შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული ტურნე იყო. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ჩვენ წყნარ ოკეანეში წავსულიყავით და ასეთი გამარჯვებებით დავბრუნებულიყავით.

სულ მეორედ იყო საქართველოს ნაკრები ოკეანეთში და ამჯერად ეს მოვახერხეთ, შევძელით ორი უმძიმესი გამარჯვების მოპოვება და ერთი შეხვედრაც ფრედ დავასრულეთ.“

გურული ლელობურთის ქვეყანაში, ბრიტანეთში დაბადებული რაგბის გავრცელების თარიღად 1959 წლის 15 ოქტომბერი მიიჩნევა, როცა თბილისში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სომხური წარმოშობის, ფრანგმა ემიგრანტმა, მარსელის მკვიდრმა ჟაკ ასპეკიანმა პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ბოლო 56 წლის მანძილზე, სპორტის ამ სახეობამ საქართველოში განვითარების რამდენიმე ეტაპი გამოიარა: საბჭოთა პერიოდში: ქუთაისის „მშენებელმა“ სამჯერ (1987-88-89) მოიგო საკავშირო ჩემპიონატი და ორჯერ თასი(1987, 1990), თბილისის „ლოკომოტივმა“ კი ერთხელ შეძლო თასის აღმართვა (1978).

ისტორიული გამარჯვება სუვაში ფიჯისთან 14:3

ისტორიული გამარჯვება სუვაში ფიჯისთან 14:3

უმძიმესი იყო პოსტსაბჭოთა პერიოდი: ეროვნული ნაკრებისა და ჩემპიონატის შექმნა და ქაოსი, რისი ყველაზე ნათელი გამოხატულება კასტრიკუმში, 1995 წელს, ჰოლანდიასთან 3:55 განადგურება გახდა.

1997 წელს, ეროვნულ ნაკრებში ფრანგი კლოდ სორელის დანიშვნით, დაიწყო განვითარების „ფრანგული ეტაპი“. ნიჭიერი ქართველი მორაგბეების დაწინაურებამ ფრანგულ კლუბებში, 2001 წელს, პირველი ერთა თასი მოგვიტანა, 2003-ში კი მსოფლიო თასზე დებიუტის საშუალება მოგვცა.

2007 წლის მსოფლიოზე, მალხაზ ჭეიშვილის თაოსნობით, საქართველომ უკვე პირველი ისტორიული გამარჯვება იზეიმა. მომდევნო, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი შოტლანდიელი რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით „ბორჯღალოსნებმა“ გაიმეორეს ეს წარმატება.

ქართული რაგბის „ოქროს ხანა“ კი უდაოდ ახალ ზელანდიელი მილთონ ჰეიგის სახელს უკავშირდება, რომელსაც ფანებმა მოფერებით „ტაქსისტი“ შეარქვეს. ჰეიგმა 2012 წელს ჩაიბარა გუნდი და ერთი წლის შემდეგ, თბილისში სამოა წააქცია - 16:15.

2015 წლის მსოფლიო თასზე კი საქართველომ პირველად შეძლო ორი გამარჯვების მოპოვება ტონგასთან 17-10 და ნამიბიასთან 17-16, და უკვე გაინაღდა შემდეგ მსოფლიო თასზე ასპარაზების უფლება.

მილთონ ჰეიგი (მარცხნივ), გოგიტა ბუხაიძის ფოტო

მილთონ ჰეიგი (მარცხნივ), გოგიტა ბუხაიძის ფოტო

ამ დიდ გამარჯვებებს კი 2016 წელს, თბილისში, რუმინეთის უპრეცედენტო დაჩაგვრა 38:9, ერთა თასის მეცხრედ მოგება და ოკეანეთის საოცარი სამმატჩიანი ტურნე მოჰყვა. დიდი ნაკრების წარმატებას, წინა კვირას, მხარი 20 წლამდელთა ნაკრებმაც აუბა, რომელმაც მსოფლიო თასზე პირველად, იტალია 18-17 დაამარცხა.

თბილისში, წინა პარასკევს, რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ რაგბი საქართველოს სპორტის ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა. საინტერესოა, რომ კვირიკაშვილის მთავრობაში ერთი ყოფილი მორაგბეა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ყოფილი მორაგბეა ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, ვახტან კაპანაძეც.

„საქართველოში რაგბის აქვს უდიდესი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. წლების მანძილზე, ამ მხარდაჭერის შედეგად და უფრო მეტად, იმ უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, რომელიც გამოიჩინეს ქართული რაგბის მესვეურებმა და ჩვენმა მორაგბეებმა, სპორტის ეს სახეობა მართლაცდა საქართველოს ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა.“

"რაგბი საქართველოს სპორტის ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა“

საქართველოში რაგბის პოპულარობა სულ უფრო მატულობს, ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში უკვე 11 ათასზე მეტი რეგისტრირებული მორაგბეა, (1800 ზრდასრული, 1800 თინეიჯერი და 7500 ბავშვი), მაშინ როცა 2008 წელს, ეს მაჩვენებელი 2600-ს არ აღემატებოდა. თუმცა, წინ გრძელი გზაა. შედარებისთვის, 900 000-იანი მოსახლეობის მქონე კუნძულ ფიჯის, რომელსაც ბოლო ტესტში ვაჯობეთ, 80 000-მდე მორაგბე ჰყავს.

ამ მაჩვენებლით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ბოლო დიდი წარმატებებით, ქართული რაგბი უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს, ათწლეულების მანძილზე, კრიზისში მყოფ ქართულ ფეხბურთს (ჩვენს ქვეყანაში 12 000-მდე ფეხბურთელია რეგისტრირებული), რომელიც, ბევრი სპეციალისტისა და გულშემატკივრის აზრით, საქართველოში №1 სპორტის სახეობის „ტიტულს“ მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG