ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები 2016: სიახლეები ნიუ-იორკიდან


საპარლამენტო არჩევნები ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე

საპარლამენტო არჩევნები ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე

არჩევნები ნიუ-იორკში მშვიდ გარემოში წარიმართა. იქ ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რომელიც დილის რვა საათზე გახსნეს. ამომრჩეველთა გააქტიურება დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ნიუ-იორკის მე-8 და მე-9 საარჩევნო უბნებში საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის გამო ამომრჩევლები სხვადასხვა შტატებიდან ნიუ-იორკში სპეციალურად ჩავიდნენ.

ნიუ-იორკის მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. მე-8 და მე-9 საარჩევნო უბნებში ნაციონალურმა მოძრაობამ 236 ხმა მიიღო, "ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ" - 75", "ირაკლი ალასანია-თავისუფალ დემოკრატებს " -ამომრჩევლის 20 ხმა ერგო, "უსუფაშვილი -რესპუბლიკელები"- 13 ხმა, "დავით თარხან- მოურავი-ირმა ინაშვილი -8 ხმა", "ქართული იდეა -3", "შალვა ნათელაშვილი " - ლეიბორისტული პარტია 5 ხმა. სულ 3 ბიულეტენი გაბათილდა.

არჩევნები -2016 ნიუ-იორკის მე-8და მე-9 საარჩევნო უბნებზე მშვიდად და დაძაბულობის გარეშე ჩატარდა. პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დილის რვა საათზე, საარჩვენო უბნის გახსნის შემდეგ გააკეთა. მე-8 საარჩევნო უბანში 1451 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, მე-9 საარჩევნო უბანში - 1639. კომისიის თავმჯდომარე გიორგი კოღუაშვილი საუბრობს:

"არჩევნები წყნარად და მშვიდად, დემოკრატიულად მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა."

ამომრჩეველთა გააქტიურება დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ნიუ-იორკში მცხოვრებ ამომრჩევლების ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ. დევნოზა გამცემლიძე უკვე ცხრა წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ თავის მოქალაქეობრივ უფლებას ყოველ არჩევნებზე იყენებს.

დევნოზა გამცემლიძე: "სამშობლოს სიყვარული მაღვიძებს და მაიძულებს, რომ წავიდე არჩვენებზე. ვინ წაიყვანს ქვეყანას წინ-ამაზე ვფიქრობ. დღე და ღამე იმაზე ვფიქრობ, რომ ჩვენს სამშობლოს უჭირს, ჩვენს ხალხს უჭირს და ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივად აქ."

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა იმის გამო ვერ შეძლო, რომ ნიუ-იორკის გენერალურ საკონსულოში საკონსულო აღრიცხვაზე არ იყვნენ. ამომრჩეველთა სიები სწორედ აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მიხედვით შედგა. საარჩევნო სიებში საკუთარი გვარის არარსებობის გამო ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ნოდარ ელოშვილი: "არ ვარ სიაში. წესით უნდა ვიყო, რადგან წინა წელს მომანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა. სპეციალურად არჩევნებისთვის დავიბრუნე მოქალაქეობა, მაგრამ სამწუხაროდ არ ვარ სიაში."

მეცხრე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გელა გელაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ამომრჩეველთა ნაწილი საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა.

გელა გელაშვილი: "სამწუხაროდ იმან, ვინც ვერ მოასწრო ან არ იყო დარეგისტირებული საკონსულოს მონაცემებში, საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. ჩვენთანაც არის ორი ადამიანი, რომლებიც არ იყვნენ სიაში და პრეტენზია გამოთქვეს, თუმცა თავიანთი ბრალია ამ შემთხვევაში. ეს თავად მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ დადგეს აღრიცხვაზე თუ სურს არჩევნებში მონაწილეობა.

ნიუ-იორკის საარჩევნო უბნებზე არჩევნების მიმდინარეობას არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმ მშვიდ გარემოზე საუბრობდნენ, რომელიც ნიუ-იორკის საარჩევნო უბნებზე იყო.

ნათია ძირკველიშვილი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი: არანაირი დარღვევა არ ყოფილა. დაახლოებით ოცი კაცია ამ დროისათვის მოსული.

დავით ცქიფურიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი": ამერიკული სიწყნარეა, სიმშვიდეა და ვისურვებდი საქართველოშიც ასე ჩატარდეს არჩევნები, როგორც აქ ტარდება - მშვიდად და წყნარად.

ნიუ-იორკის საარჩევნო უბნებზე 3090 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, თუმცა საკუთარი არჩევანი მხოლოდ 369 ამომრჩეველმა გააკეთა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG