ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71 სესიის გენერალურ დებატებზე 10-წუთიანი სიტყვით, ნიუ-იორკის დროით საღამოს რვა საათზე გამოვიდა. მან საქართველოს მთავრობის მთავარ მიღწევად ხუთი სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანი მუშაობა დაასახელა- თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, თავისუფალი ბაზარი, საზოგადოების ერთიანობა და კანონის უზენაესობა. “ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე თავის გამოსვლაში რამდენჯერმე შეჩერდა.

გიორგი კვირიკაშვილმა,საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საერთაშორისო თანამეგობრობას პირველად მიმართა. მისი გამოსვლის პირველი ნაწილი საქართველოს მთავრობის მუშაობით მიღწეულ ინსტიტუციონალურ და ეკონომიკურ წარმატებებს შეეხო. პოლიტიკური აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ყოფაზე, რუსეთის მიერ უკანანოდ ჩატარებულ არჩევნებსა და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზებზე გაკეთდა.

გიორგი კვირიკაშვილი: ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ.

მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე.

მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო.

ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობებს არღვევს. „ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით,“ აცხადებს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას.

სამ კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით.

8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგარდ განვითარებას უზრუნველყოფს.

მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს, რასაც საქართველოში არსებული მწარე რეალობა ყოველდღიურად შეგვახსენებს - ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ.

ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს.

რამდენად დიდია მზაობა კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მდგარ ადამიანებს შორის ნდობა და თანაცხოვრების სურვილი აღდგეს. არის თუ არა გაერო, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტი წლიდან წლამდე კონფლიქტის მოგვარების კუთხით კონკრეტული პროგრესის მომცემი. გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე საუბრობს.

კახა იმნაძე: გაეროში მუდმივად მიმდინარეობს ამ თემებზე საუბარი. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საუბარია ზოგადად კონფლიქტურ თემებზე გაეროს გარკვეულწილად შეზღუდვები აქვს. გაერო არ არის განყენებული ორგანიზაცია, გაეროს მართავს წევრი სახელმწიფოები. სამწუხარო რეალობაა ის რომ, მსოფლიო კონფლიქტებში ჩართული არიანდა როგორც გენერალურმამდივანმათავი გამოსვლაში ახსენა ძლიერი დამნიშვნელოვანი ქვეყნები, რომელთაპოზიციაც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებულია და ესეც იწვევს ერთი მხრივამ კონფლიქტების მოგვარების ხანგრძლივ პროცესში გაწელვას.

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის ანგარიშს შეეხო, რომლის მიხედვით 2012-2014 წლებში საქართველოში სიღარიბის დონემ 10% იკლო. მისი განცხადებით, 2015 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონე შემცირდა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია - 2012 წელთან შედარებით თითქმის 100 პროცენტით, ეს კი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში გამოიხატება. საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესიაევროკავშირთან. ვიზა -ლიბერალიზაციის პროცესთან და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრა ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკისთან და ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეხვედრის შესახებ საუბრობს.

მიხეილ ჯანელიძე: საპარლამენტო არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ, ღია და ტრანსპარენტულ გარემოში ჩატარება არისპირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი და საქართველოს მთავრობის მიზანი და რათქმაუნდა ჩვენი პარტნიორების ძალიან დიდი ინტერესი არის გამოხატული ამ მიმართულებით. და ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება იყოს დარწმუნებული რომსაქართველომ ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენოს დემოკრატიულობის.

გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე გამოსვლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გაეროში დაასრულა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG