ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირიკაშვილმა გაეროში საქართველოს პრობლემებზე ისაუბრა


გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ მუშაობა დილიდან დაიწყო. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც გაეროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ფორუმზე რამდენიმე გამოსვლა გუშინ უკვე ჰქონდა. პრემიერთან ერთად ნიუ-იორკში საგარეო და იუსტიციის მინისტრებიც იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დევნილთა და მიგრანტთა გახშირებულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამიტზე გაეროში ქართველ დევნილებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ისაუბრა.

უსაფრთხოება, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები, საერთაშორისო სამართლის დარღვევა, კონფლიქტები და ომებს გამოქცეული დევნილები. გაეროში შეკრებილი ლიდერების წინაშე გამოსვლის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ მძიმე ტვირთს საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ატარებს.

გიორგი კვირიკაშვილი: "90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს. საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედისმომცემია. ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. უბრალოდ დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ პირობებშიც კი, საქართველომ უკვე მიიღო თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, უკრაინა, ერაყი, სირია, ეგვიპტე და სომალი, განაცხადა კვირიკაშვილმა. რუსეთის აგრესიაზე და კონფლიქტის ზონებში არსებულ სიტუაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან შეხვედრაზეც ისაუბრებს. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ენტონი ბლინკენთან და სხვადასხვა ქვეყნების მეთაურებთან.

ასევე დღესვე პრემიერ-მინისტრი დაესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი მეუღლის სახელით სახელმწიფოთა მეთაურების საპატივცემულოდ დაგეგმილ ყოველწლიურ მიღებას, რომელიც პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამასთვის გაეროს ასამბლეის ფარგლებში ბოლო ღონისძიება იქნება.

21 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პირველი გამოსვლაა დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე. პრემიერის გამოსვლის წინასწარი ტექსტი მედიაში ჯერ არ ვრცელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი საუბრობს.

დავით ზალკანიანი: გენერალური ასამბლეის დებატებზე, პრემიერი წარსდგება სიტყვით, სადაც ისაუბრებს ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე. უცხოურ დელეგაციებს ექნებათ საშუალება გაეცნონ რეფორმებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

XS
SM
MD
LG