ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში


ფოტო აღებულია "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან

ფოტო აღებულია "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან

დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების ფორმირების თაობაზე გახდა ცნობილი. ის არ იქნება ისეთივე ჭრელი, როგორიც თავის დროზე ქართული ოცნება, თუმცა არც იმდენად ერთგვაროვანი, როგორიც ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა. დღეს გირჩმა, ბურჭულაძის „სახელმწიფომ ხალხისთვის“ და ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ ახალი ალიანსი ჩამოაყალიბეს, მათთან ერთად იმყოფებიან ასევე „ახალი მემარჯვენეები“.

გაერთიანების თაობაზე კონსულტაციები, როგორც ჩანს, იმდენად გასაიდუმლოებულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომ ამის თაობაზე პარტიების შიგნით, მათ შორის მაჟორიტარების კანდიდატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. ალიანსის პერსპექტივა პარტიის ზოგიერთი წევრისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მათ წასვლა გადაწყვიტეს. წამსვლელებს შორის მაჟორიტარობის კანდიდატებიც აღმოჩნდნენ. პაატა ბურჭულაძის მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ზურა ქადაგიძემ კი საერთოდ განაცხადა, რომ მათი ლიდერი ჟენევაში ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთა კონსულტაციების შემდეგ მისთვის მიუღებელ ფიგურად იქცა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე, რაც 6 საათზე შედგა ყველაზე მეტად ყოფილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ღელავდა: „ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებს მთელი საქართველო. უფრო სწორად, 80 პროცენტზე მეტი საქართველო, ვისაც უჭირს და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ, საგრძნობლად უკეთესობისკენ და არა ოთხი წლის მერე, არამედ, პირველივე თვეებში ისინი იგრძნობენ ამას.“

გიორგი ვაშაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო, მოასწრო არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა, არამედ ბლოკის ჩამოყალიბება ასევე ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილ ზურაბ ჯაფარიძის გირჩთან და ახალ მემარჯვენეებთან. დღეს კი მათი ბლოკი ერთი, მათ შორის ყველაზე მაღალი რეიტინგით მოსარგებლე წევრით გაძლიერდა.

ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანება საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული: „ჩვენი გუნდების გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით რეალურ ძალას, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის 8 ოქტომბერს. ძალას რომელსაც აქვს პრეტენზია მოვიდეს ხელისუფლებაში არა უბრალოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ხელისუფლებაში იყოს, არამედ იმიტომ, რომ აქვს ღირებულებები და ფასეულობები და იმიტომ, რომ უნდა საქართველო იყოს წარმატებული. თითოეული მოქალაქე, ვინც ახლა გვიყურებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაჭირვება, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს.“

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას პოლიტოლოგი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს: „პარლამენტში გავა რამდენიმე ძალა. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე მეტს, ალბათ, აიღებს ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და ახალანდელი გაერთიანებული ბლოკი (რომელსაც აქვს ბურჭულაძის ქარიზმა–რეიტინგი, დაფინანსებაც აშკარად და ვერც პრორუსულობას დასწამებს ვერავინ. გარკვეულ სიჭრელეზე წასვლა მათი მხრიდან ღირდა, რადგან ასათვისებელია უზარმაზარი სეგმენტი გაურკვეველი ამომრჩევლებისა. მე მგონი, სხვებსაც შემოიერთებენ)," ამბობს შარაშენიძე.

მისი თქმით ახლა საკთხი დგება ასე: "რას იზამს ქართული ოცნება? გააგრძელებს ისევ იმ კურსს, რომელიც ჰქონდა ბოლო 4 წლის განმავლობაში (ვაი ევროპული კურსი), დაბალანსებული პოლიტიკა, თუ გახდება პრო–რუსული. მე არ მგონია, რომ გახდეს უცებ პრო–რუსული, მართალი გითხრათ. ასე რომ, არამგონია კითხვის ნიშნები იყოს პრო–რუსული ძალების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით: ღიად პრო–რუსული ძალები ვერ შევლენ პარლამენტში. ჰიპოტეტურ საფრთხეს ვხედავ, რომ ქართულმა ოცნებამ უცებ შეცვალოს საგარეო პოლიტიკა, თორემ ის, რომ ღიად პრო–რუსული ძალები გავლენ საქართველოს პარლამენტში, ამის თეორიული შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს."

შარაშენიძე ყოფილი პრემიერის როლზეც საუბრობს: "ქართული ოცნების წევრებს პოლიტიკის შეცვლას არავინ ეკითხება, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთ კაცშია საქმე და მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მშვენივრად, მე ვიტყოდი დაბალანსებული ნაციონალური პოლიტიკა გაატარა რუსეთთან. ეს, ნამდვილად უნდა ჩავუთვალოთ მას აქტივში. პრინციპში არ გადაუხვევია, ანუ სერიოზული გადახვევა არ ყოფილა პრო–დასავლური გზიდან. ერთადერთი, რაც ცუდი მოხდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ესაა ის, რომ საქართველოში დაბრუნდა რუსული აგენტურა და პროპაგანდა, აი, ეს იყო საგარეო პოლიტიკის მთავარი ცუდი შედეგი. დანარჩენი ნორმალურად იყო დალაგებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ გაძლიერდა რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში და რაც ჩაიდინა, ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საფასურის გადახდა ღირდა.“

ახალი პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდებაა პაატა ბურჭლაძე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ გაერთიანება ნაციონალური მოძრაობის მოკავშირეს უფრო ჰგავს, ვიდრე მის მოწინააღმდეგეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG