ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს სესია თბილისში: რუსეთი ისევ „თეთრი ყვავის“ როლში


რუსი დეპუტატები თბილისში - "ყველას წინააღმდეგ"
რუსი დეპუტატები თბილისში - "ყველას წინააღმდეგ"

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეა გმობს „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესს, რითაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთისგან გაყოფა და მათი ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა.“

რეზოლუცია ასევე, „მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“ და „ხელახლა უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“

ეს არის ამონარიდი 17 პუნქტიანი, რეზოლუციიდან „კონფლიქტი საქართველოში,“ რომელიც თბილისში მიმიდანარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს დელეგაციამ შეიტანა. დღესვე, ის უკვე დაამტკიცა ასამბელის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა. (იხილეთ: http://www.oscepa.org/documents/all-documents/annual-sessions/2016-tbilisi/supplementary-items/3282-conflict-in-georgia-eng/file )

დავით უსუფაშვილი კენჭისყრისას
დავით უსუფაშვილი კენჭისყრისას

საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას კენჭისყრაში მონაწილე 57 ქვეყნიდან 56-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთი იყო. ხვალ რეზოლუცია უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გავა. რეზოლუციის ავტორმა, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა რუსულ ოკუპაციაზე საუბრისას ეუთოს 2008 წლის აგვისტო გაახსენა:

„ცხინვალის რეგიონიდან ქართველების ეთნოწმენდას, თბილისიდან ეუთო-ს მისიის წმენდაც მოჰყვა. ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა"
დავით უსუფაშვილი

„ცხინვალის რეგიონიდან ქართველების ეთნოწმენდას, თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოჰყვა. ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა, იმისათვის, რომ ვიფიქროთ ეუთოს მისიის შესასრულებლად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე.

ამ თვალსაზრისით, მოხარული ვართ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აღარ მიანიჭა სამშვიდობო ძალების სტატუსი, როგორც ეს სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ხდებოდა, საქართველოში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.“

ეუთოს საიუბილეო, რიგით 25-ე საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში, წინა პარასკევს გაიხსნა და 5 ივლისამდე გასტანს. მასში, რუსეთის დელეგაციაც მონაწილეობს, კონტრდაზვერვისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, დუმის დეპუტატის ნიკოლაი კოვალიოვის ხელმძღვანელობით.

როგორც კოვალიოვს, ისე რუსეთის დელეგაციის წევრებს - სლუცკის, კოსტუნოვს, კოზლოვასა და სხვებს - არაერთხელ აქვთ დარღვეული საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, თუმცა, ეუთოს დაჟინებული მოთხოვნით, თბილისი მაინც დათანხმდა რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოშვებას.

თბილისის სესიაზე, რუსეთს თავიდანვე მოუხდა „თეთრი ყვავის“ როლში ყოფნა. პირველივე დღეს ჩავარდა, რუსების რეზოლუცია „ნეონაციზმის აღზევების“ წინააღმდეგ. მეორე დღეს, რუსებს ობსტრუქციის მოწყობა, დარბაზის დატოვება დასჭირდათ, რომ არ გასულიყო, უკრაინის რეზოლუცია „ყირიმში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების“ დარღვევის შესახებ.

საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას კი რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა უკიდურესად ანტირუსული უწოდა. საქართველოს პრემიერმა მინისტრამ გიორგი კვირიკაშვილმა კი ქვეყანაში ეუთოს მისიის დაბრუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა“
გიორგი კვირიკაშვილი

„მდგომარეობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამდვილად საგანგაშოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ადგილზე არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი ასეთი მექანიზმია, თუმცა, სამწუხაროდ, მას არ ეძლევა საშუალება სრულად განახორციელოს თავისი მანდატი და მოკლებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა.“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სხვა გლობალურ და რეგიონალურ პრობლემებზეც იმსჯელა. თბილისში მოხერხდა აზერბაიჯანელი და სომეხი დეპუტატების შეხვედრა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე სასაუბროდ; ასამბლეაზე ასევე განიხილეს მოლდოვას პრობლემატიკა და დნესტრისპირეთის ოკუპაცია; გლობალური დათბობის, მიგრაციის, ტერორიზმის, კორუფციის და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის მწვავე თემები.

კანერვა და შტაინმაიერი ქართველ ლიდერებთან ერთად
კანერვა და შტაინმაიერი ქართველ ლიდერებთან ერთად

25-ე სესიის ფარგლებში უნდა მოხდეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც ფინელ ილკა კანერვას შეცვლის. ამ პოსტზე სამი კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას: ფრანგი სოციალისტი ალენ ნერი, ავსტრიელი სოციალ-დემოკრატი ქრისტინ მუტონენი და გიგი წერეთელი საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ამ თანამდებობაზე ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა.

კენჭისყრა ამ საკითხზე დღეს დაიწყო და ხვალ, 5 ივლისს, მთავარ, შემაჯამებელ სესიაზე დასრულდება. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე განაცხადა, რომ გიგი წერეთელს მხარს არ დაუჭერს.

XS
SM
MD
LG