ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ ააფეთქა დეპუტატ თარგამაძის „შკოდა ოქტავია“?


დეპუტატ თარგამაძის "შკოდა ოქტავია" ვოვა ვეკუას ქუჩაზე აფეთქდა

დეპუტატ თარგამაძის "შკოდა ოქტავია" ვოვა ვეკუას ქუჩაზე აფეთქდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, თუ რა აფეთქდა, გუშინ, ვოვა ვეკუას ქუჩაზე მოძრავ ავტომანქანა „შკოდა ოქტავიაში“, რომელიც პარლამენტარ გივი თარგამაძეს ეკუთვნის. შემთხვევა თბილისის ცენტრში, საღამოს 21 საათსა და 14 წუთზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, გივი თარგამაძე, საღამოს 9 საათითვის, გამოვიდა, ანატოლი სობჩაკის ქუჩაზე „მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან და მიემართებოდა სახლისკენ.

გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქებამდე

გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქებამდე

„შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრებით CNC 330, რომელსაც თარგამაძის პირადი მძღოლი მართავდა, ფხოვის ქუჩით გავიდა, ვოვა ვეკუას ქუჩაზე და როგორც კი იქვე მდებარე, PSP-ს აფთიაქს გაუსწორდა, ავტომანქანაში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა.

გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იოლად გადარჩნენ, ვინაიდან აფეთქების ტალღა მთლიანად „შკოდას“ უკანა მხარეზე მოვიდა. სამაგიეროდ მძიმედ დაიჭრა იქვე, ორბელიანის სკვერთან გაჩერებული - 49-ე სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი დავით კუხალაშვილი, დაშავდა მისი კოლეგა ზურაბ მიქიანიც.

აფეთქების შემდეგ, სამარშუტო მიკროავტობუსის ორი მძღოლი დაიჭრა

აფეთქების შემდეგ, სამარშუტო მიკროავტობუსის ორი მძღოლი დაიჭრა

31 წლის კუხალაშვილს სასწრაფო ოპერაცია გუშინ ღამე ჩაუტარდა და იგი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ ოთხმა პირმა, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერი აფეთქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია რამდენიმე სავაჭრო ობიექტსა და ავტომობილში, მათ შორის, ვეკუას ქუჩაზე მოძრავ 20 ნომერ ავტობუსში. გივი თარგამაძე ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი მანქანის უკანა მხარეს იდო.

დარწმუნებული ვარ რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ან აკრული ან ცადებული უკანა ნაწილში. ასევე, დარწმუნებული ვარ რომ უკან მოგვყვებოდა მანქანა, რომლიდანაც განახორციელეს დისტანციური მართვის პულტით აფეთქება“

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ან აკრული ან ჩადებული უკანა ნაწილში. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ უკან მოგვყვებოდა მანქანა, რომლიდანაც განახორციელეს დისტანციური მართვის პულტით აფეთქება.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 დანაშაულის მცდელობისა და 109-ე - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლებით დაიწყო.

მთელი ღამის განმავლობაში, ვეკუას ქუჩასა და ორბელიანის სკვერში მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები, შეზღუდული იყო მოქალაქეების გადაადგილება.

დაზიანებული ავტობუსის ვეკუას ქუჩაზე

დაზიანებული ავტობუსის ვეკუას ქუჩაზე

პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან და მიმდებარე ქუჩებიდან სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო. შინაგან სამქეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა კერძოდ განაცხადა:

მიმდინარეობს დაზარალებულის გადაადგილების მარშრუტის შესწავლა, პლუს, პარკირების ადგილების შესწავლა, სადაც ბატონი თარგამაძის ავტომობილი ჩერდებოდა“

„ამოღებულია საგამოძიებო ჯგუფების მიერ ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი შემთხვევის ადგილზე. ასევე მიმდინარეობს დაზარალებულის გადაადგილების მარშრუტის შესწავლა, პლუს, პარკირების ადგილების შესწავლა, სადაც ბატონი თარგამაძის ავტომობილი ჩერდებოდა.“

თავად დეპუტატმა გივი თარგამაძემ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აფეთქების მოწყობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მოადგილე იოსებ გოგაშვილს დასდეს ბრალი.

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საპასუხოდ გაანცხადეს, რომ „ეს ქვეყნის წინააღდეგ მოწყობილი დივერსიაა“ და „დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა“, რითაც პირდაპირ მიანიშნეს, რომ აფეთქების დამკვეთად, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ. პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აფეთქებაში „რუსეთის კვალს“ ხედავს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც დღეს საავადმყოფოებში მყოფი ყველა დაზარალებული მოინახულა, მოუწოდა პოლიციას და სუს-ს საზოგადოება კრიმინალებისგან დაიცვას.

გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისგან, ვინც მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში აფეთქებს"

„ამ დაძაბულ ვითარებაში განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისგან, ვინც მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც ადამიანები, ვისაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან, დღეს მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში წვანან.“

48 წლის გივი თარგამაძე, ყოფილი სანიტარი, ჟურნალისტი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი, სამი მოწვევის (2004, 2008, 2012) პარლამენტის წევრია.

2004-08 წლებში ეკავა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის პოსტი. 2012 წლის მაისში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თარგამაძეს მოსკოვში, ბალოტნაიას მოედანზე მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდო ბრალი და მასზე ძებნა გამოაცხადა. დეპუტატი სამი თვის მანძილზე თავს ლიტვას აფარებდა.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გივი თარგამაძე არ მონაწილეობს, იგი არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში აღარ არის, თუმცა რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრად.

XS
SM
MD
LG