ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შემაშფოთებელი სიგნალები“ მედიისთვის


არსებობს თუ არა საქართველოში საფრთხე მედიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გამყარების თვალსაზრისით? უკანასკნელ პერიოდში ჟურნალისტებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ საუბრები გახშირდა.

მედია ორგანიზაციები და ჟურნალისტები საქართველოში მედია დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის შესახებ საუბრობენ. გადაცემების დახურვა, ტელეკომპანიების ქონების დაყადაღება, ცალკეული ჟურნალისტების მიერ პოლიტიკური ზეწოლის შესახებ საუბრები უკანასკნელ პერიოდში, ახალი ამბების გამოშვებებში ყოველდღიურად ხვდება. არსებობს თუ არა საფრთხე მედია დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გამყარების თვალსაზრისით, ამის შესახებ დღეს თბილისში გამართულ ამბასადორიალზეც საუბრობდნენ.

მისი ერთ-ერთი მონაწილე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში საქართველოში მედიისთვის არასაკმარისი იმუნიტეტის შესახებ საუბრობს: „შემაშფოთებელი სიგნალებია, მართალი გითხრათ. ჩვენ ამას ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეპყრათ. მე ვფიქრობ, მედიას სჭირდება სხვა ხარისხით იმუნიტეტი. ადრე იყო პრობლემები, დღეს სხვა ვითარებაა და სხვა ტიპის დამცავი მიდგომები უნდა შევიმუშაოთ“.

მედია პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალია,- ამბობს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: „მედიის თავისუფლების კუთხით, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. რაც არ უნდა ილაპარაკოთ თქვენ, ან ოპონენტებმა, ესაა მხოლოდ საუბრები. შედეგი არის ის, რომ მედია დღეს საქართველოში არის აბსოლუტურად თავისუფალი. თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ ნებიემიერ კითხვას, კრიტიკულს, გვისვამთ ჩვენ, მთავრობის წარმომადგენლებს და არავითარი ასე ვთქვათ ზეწოლა, ამ სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა, ესაა აღიარება, ესაა ფაქტი, ამას სჭირდება შეფასება და შესაბამისი დაფასება. თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ესაა კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელობის ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება და მე არ ვაპირებ რაიმე კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა მეტი სიცხადე, მეტი გამჭვირვალობა, მეტი დასაბუთება“.

ამერიკის ხმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის კოორდინატორს ეკა ციმაკურიძეს ესაუბრა, რომელმაც საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა შემდეგნაირად შეაფასა: „ამ ფაქტებს, რასაც დღეს ადგილი აქვს მედიაში, სჭირდება უფრო მეტი სიცხადე, მეტი საჯაროობა. შეიძლება, არავინ არ გამორიცხავს, რომ ეს მართლაც იყოს შიდა სარედაქციო გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები რომ არაა ნაკარნახევი პოლიტიკური ზეგავლენებით, ამას სჭირდება უფრო მეტი ახსნა, დადასტურება განმარტებებით, რომ ეს იყო აუცილებელი, რომ ეს გაკეთდა სწორად, პროცედურულად სწორად, მათ შორის, რადგან სარედაქციო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ჟურნალისტის თავისუფლების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელონია შრომითი უფლებების დაცვა. ჟურნალისტს დღეს თუ გამოუცხადებენ, მათ შორის, ყველაზე რეიტინგული გადაცემის ჟურნალისტს, როგორც ეს ინგა გრიგოლიას შემთხვევაში მოხდა, რომ ის ხვალიდან აღარ მუშაობს არხზე, ჟურნალისტი თავს დაცულად და თავისუფლად ვერასდროს ვერ იგრძობს და ყოველთვის ექნება საფრთხე, რომ გაათავისუფლებენ და ასე შემდეგ. ამგვარი შემთხვევები განსაკუთრებით მძიმე შედეგის მატარებელი შეიძლება იყოს პატარა მედია საშუალებებისთვის, რეგიონული მედიისთვის, ვინც ხედავს, რომ ეროვნულ მაუწყებლებზე ასე მარტივად იხურება გადაცემები.“

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 2012 წლის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ქვეყანაში მედია-დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ასახელებენ. სტატისტიკა, რაც საიაში არსებობს ასე გამოიყურება: ორგანიზაციამ მედიაზე ზეწოლისა და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის 38 საქმეზე მიმართა სასამართლოს 2012 წლის დეკემბერში. მათგან დღემდე 22 საქმეზე გამოძიება არაა დასრულებული. 38 საქმიდან მხოლოდ სამზე დადგა სამართლებრივი შედეგი, როდესაც სასამართლომ გამოკვეთა და პასუხისგებაში მისცა დამნაშავეები. რაც შეეხება დარჩენილ 13 საქმეს, ისინი შეწყდა.

ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც საიამ კვლავ მიმართა პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, მათ პასუხი ვერ მიიღეს. პროკურატურას მედია საქმეებზე ინფორმაცია უკვე აღარ გაუსაჯაროებია.

XS
SM
MD
LG