ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოჰაბიტაცია "ქართულად"


ორივე მხარის მიზანია, საბოლოო ჯამში, გაანადგუროს მოწინააღმდეგე, როგორც პოლიტიკური ძალა
ორივე მხარის მიზანია, საბოლოო ჯამში, გაანადგუროს მოწინააღმდეგე, როგორც პოლიტიკური ძალა

უკვე 75 დღე გავიდა, რაც საქართველოს ახალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მინისტრთა კაბინეტი მართავს. ამ პერიოდში, ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდა ფრანგული სიტყვა - კოჰაბიტაცია (Cohabitation).

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეს არსებული რეალობა უპრეცედენტოა. როდესაც, ოპოზიციაში აღმოჩენილი პრეზიდენტი და მთავრობა პრემიერის მეთაურობით, პლუს საპარლამენტო უმრავლესობა, ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგნენ. სწორედ ამ მდგომარეობას ჰქვია კოჰაბიტაცია ანუ თანაარსებობა.

„ქართული კოჰაბიტაცია“ ჯერჯერობით ასე გამოიყურება: დაპატიმრებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თბილისის მერის მოადგილე; სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის; თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის; გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის; ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის; ასევე სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ.

5 იანვარს, პროკურატურამ, პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის დაპატიმრება მოითხოვა. ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2 ოქტომბერს დატოვა და იგი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას აფარებს თავს.

სადამდე შეიძლება გაგრძელდეს დაპატიმრებები და როგორი უნდა იყოს ახალი მთავრობის კურსი ამ მიმართულებით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს:

„რა თქმა უნდა სახელმწიფო ვერ დასჯის ათობით ათას ადამიანს. ფიზიკურად ვერ გააკეთებს ამას, რომ 20 000 - 30 000 ადამიანი გასამართლდეს და ეს სწორი არ იქნებოდა. რადგან სისტემა იმართებოდა ამდაგვარად, აუცილებელია რომ სახელმწიფომ გარკვეული ხაზი გაავლოს.

თქვას, რომ ამ ხაზს ზემოთ, ვისგანაც მოდიოდა ასეთი დანაშაულებრივი ქმედებების დაკვეთა, მათ მიმართ კანონის სრული სიმკაცრე იქნება გამოყენებული. ჩვენ დღეს ამ ხაზს ვერ ვხედავთ. ჩვენ ვერ ვხედავთ, სახელმწიფო ამ პროცესს ასე სისტემურად უყურებს თუ არა.“

პრემიერმა ივანიშვილმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ „კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა. სამართლიანობის აღდგენის რეჟიმს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ოპოზიციის ისტერიული გამონათქვამები“.

პრემიერმა ასე შეაფასა პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამი, რომ „ქართული ოცნება“ მნგრეველებისა და ოროსნებს დიდი ბრიგადაა“. უკვე საახალწლო მიმართვაში პრემიერმა ივანიშვილმა ბრძანა, რომ „ღირსეულად უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ სიცრუესა და ძალადობას ემსახურებოდა.“

პრეზიდენტი სააკაშვილი კი გამოვიდა ხუთპუნქტიანი ინიციატივით. გეგმის პირველი პუნქტია: „შეწყდეს ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა“, ხოლო - მეორე: „შეწყდეს ოპოზიციის დევნა და დაჭერების კამპანია“. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ამბობს:

"ორივე მხარე ცდილობს, რომ განაგრძოს მეორე მხარის დისკრედიტაცია და საბოლოო ჯამში გაანადგუროს ის, როგორც პოლიტიკური ძალა. პოლიტიკური კომპრომისის შესაძლებლობა, რომელიც ჩვეულებრივი რამ არის უკვე დაფუძნებულ დემოკრატიებში საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს.

სწორედ ამ ტენდენციებს ვხედავთ ორივე მხრიდან. ეს რა თქმა უნდა ძალიან არასასურველია, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დემოკრატია ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. მაგრამ, მე ვთვლი რომ ეს არის მაინც უკეთესი სიტუაცია, ვიდრე მანამდე როცა ხელისუფლებას ჰქონდა ტოტალური კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოზე.“

კონტინენტზე კოჰაბიტაციის ყველაზე დიდი გამოცდილება საფრანგეთს აქვს. ფრანგულმა დემოკრატიამ კოჰაბიტაციის სამი პერიოდი გადაიტანა 1986-88; 1993-95 და 1997-2002 წლებში. ორ შემთხვევაში ფრანგული კოჰაბიტაცია პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნით დასრულდა.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კოჰაბიტაციის პერიოდები მხოლოდ უკრაინამ გამოიარა. 2006-07 წლებში პრეზიდენტ იუშენკოსა და პრემიერ იანუკოვიჩის დაპირისპირებას უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და პარლამენტის დათხოვნა მოჰყვა.

2007-10 წლებში კი პრეზიდენტ იუშენკოსა და პრემიერ იულია ტიმოშენკოს რთული კოჰაბიტაცია საბოლოოდ უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებით დასრულდა.

ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო და მისი კაბინეტის რამდენიმე წევრი, მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები დღეს ციხეში არიან. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კი თავშესაფარი ჩეხეთში მიიღო.

XS
SM
MD
LG